ელიზბარი სოფლელი ბიჭია, მთელმა სოფელმა იცის მისი ამბავი, ამიტომ ცდილობენ არ აგრძნობინონ ელიზბარს მარტოობა, მაგრამ ამით უფრო გრძნობს რომ ის სხვებივით არ არის. განსხვავებულია, თუმცა არა განსაკუთრებული_ თვითონ ასე ფიქრობს ელიზბარი. ყავს ცხვრები, თუმცა ვერ გეტყვის რამდენი, იცის რომ ათზე მეტია და ერთ თვეში როცა ოცამდე თვლას ისწავლიან სკოლში, ალბათ იმასაც გაიგებს ოცზე მეტია თუ ნაკლები. დადის მთელი დღე ელიზბარი ტყეში თავის ცხვრებთან ერთად, ყველას ცალ–ცალკე სახელები შეარქვა და ასე იგებს დაკარგა თუ არა რომელიმე. ის უკვე ოცზე მეტი ცხვრის პატრონია, მათი დამრიგებელი და მწყემსი, ამიტომ დიდი ბიჭია. თუმცა, ხანდახან კი გაურბის ხოლმე თვალი, მთელი დღე ეზოში მოთამაშე და მდინარეში მობანავე ბავშვებისაკენ, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, რას იზამენ ცხვრები ელიზბარის გარეშე. ალბათ დარჩებიან ისევე მარტო, როგორც თვითონ ელიზბარია, რომელიც თვლის რომ კარგი მეზობლები ყავს, რატომ? ... როცა მართა დეიდა ხავიწიან ქადებს დააცხობს და თავის სამ ბიჭს გაუნაწილებს, ან რა განაწილება სჭირდება, სულ სამი ქადაა, ორი ხელი რომ შეაერთო და წრე შემოავლო ზუსტად მაგხელა. აიღებენ ბიჭები ქადებს და ჭიშკართან ჩამწკრივდებიან, ჭამენ ცოტას და თან ნელ–ნელა. ამ დროს ელიზბარი ელოდება მისი ჯერი როდის მოვა. პირველი ყოვეთვის უმცროსი ამთავრებს ჭამას, როგორც წესი ქადის მესამედი რჩება ხოლმე, გააჩნია როგორი დამშეულია. ახლა ელიზბარის ჯერი დგება, უნდა შეისვას ზურგზე, უკვე მაძღარი, მართას უმცროსი ვაჟი და შემოარბენინოს მთელი სოფელი, მხოლოდ ამის მერე მიიღებს კუთვნილ წილს. შემდეგ ამას მოჰყვება შუათანა, ქადის მეოთხედით და ბოლოს უფროსი, რომელსაც ბევრი არაფერი რჩება ხოლმე, მაგრამ ელიზბარი ხათრს ვერ უტეხავს, რაკი წინა ორი გაასეირნა მესამეც უნდა შეისვას ზურგზე, მიუხედავად იმისა, რომ კამეჩივით მძიმეა. თუმცა ელიზბარი მაინც კმაყოფილია ხოლმე, სულ უჭმელობას დამსახურებული ჭამა ურჩევნია, იმდერნად მიეჩვია ასე ყოფნას, უცნაურსაც კი ვერაფერს ხედავს ამაში
ყველაზე მეტად ელიზბარს უყვარს, როცა თავის ცხვრებს გაუშვებს მინდორში, თვითონ მზეს მიეფიცხება, დახუჭავს თვალებს და ასე უყურებს ვეებერთელა მნათობს, რომელიც თან ათბობს და თან ოცნებებში აგზავნის. ჯერ ყვითელი ბურუსი გადაეკვრება მის თვალებს, მერე წითელი, ასე ენაცვლება ერთმანეთს. აი მერე კი გადაეშვება იმ დროში, როცა არ იყო მარტო. მამა არ ახსოვს ელიზბარს. მას კი არა, არავის არ ახსოვს. რადგან როცა დედა სოფელში ჩამოვიდა, მამა უკვე აღარ ჰყავდა ბიჭს. დედა არის ახალგაზრდა, სახეზე ყოველთვის თეთრი ღიმილით. მზეს ჰგავს დედა, ისიც ყოველთვის ათბობდა და ანუგეშებდა ელიზბარს. ამ დროს ხმა ესმის:
–ეს ჩველი სოფლელი ელიზბარა არ არის?
–ხო, ხო .. ეგაა..
გამოერკვევა ფიქრებიდან , ხედავს თავის მეზობლებს, გიორგი და დათვია მოდიან მისკენ, თუმცა, მზე ხელს უშლის ელიზბარს მათ კარგად დანახვაში. შეშის შესაგროვებლად დადიან ხოლმე ელიზბარის მეზობლები ტყეში. ახლა კი, როცა მზემ განსაკუთრებით დააჭირა, დასვენება გადაუწყვეტიათ. ელიზბარის უკან, ხის ჩრდილში დასხდნენ. მეზობელი სოფლის ოჯახის ამბავს ყვებოდნენ, დასწვიათ სახლი და დარჩენილან ასე, ბედისამარა, ღია ცის ქვეშ. ელიზბარს არ უყვარს როცა ასეთ ამბებს ისმენს, თავისას აგონებს. მერე დათვია მიუბრეუნდა ელიზბარს, ჰკითხა ხომ არაფერი სჭირდებოდა, თან დააყოლა: დედაშენი კარგი ქალი იყო, სულ ეხმარებოდაო ყველას, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა იცნობდაო თუ არა. ამ ისტყვებზე თვალზე ცრემლი მოადგა ელიზბარს, თუმცა არ უტირია, ისევ მზემ გადაარჩინა, მალევე შეუშრო ცრემლი, თან ხომ უკვე დიდი ბიჭი იყო. არ უყვარს ელიზბარს როცა დედას ახსენებენ, სულ ეტირება, რა ქნას სხვანაერად არ შეუძლია, დედა ხომ მზე იყო მისთვის.
ელიზბარმა იცის რომ ბევრი ცხვარი კარგია, ესე იგი ელიზბარი მდიდარია, მაგრამ სანამ დიდი არ გაიზრდება რომ ქალაქში ჩავიდეს და გაყიდოს, აბა ქა არავის არ უნდა ყველას თავისი ყავს, ვერაფერში გამოიყენებს. ისე კი უნდა რომ, როცა გაყიდის ფარას, ცოლი მოიყვანოს და თავისი სოფლელებივით დიიიდი ოჯახი ჰქონდეს. ცოლი–მარიამია, სოფლის თავში ცხოვრობს, ერთი წაბლისფერთვალება გოგოა, ქერა თმებით. თუმცა, ელიზბარს რომ ჰკითხო: თვალები ზუსტად ისეთი ფერის აქვს, ფიჭვის ხეს მზე რომ მიადგება ხოლმე, აი თმები კი უფრო ყვითელი ვიდრე მზეა და უფრო მბზინავი ვიდრე ცვარი. ცოტა მატრაკვეცაა მარიამი, მაგრამ ამაზეც აქვს პასუხი ელიზბარს: ჯერ პატარაა, თან დედაც ასეთი იყო სანამ გათხოვდებოდაო. ეს არ ვიცი ვინ უთხრა, მაგრამ ისე დაბეჯითებით გეტყვის, რომ სხვა რა გზაა უნდა დაუჯერო. მთავარი კი, რის გამოც ელიზბარს მარიამი მოსწონს ის არის, რომ სულ ორი ქალი იცის ვისაც ეს სახელი ჰქვია მთელ სოფელში. ერთი ღვთისმშობელია, მეორე კი ელიზბარის მარიამი. ღვთისმშობლის ხატი დედამ დაუტოვა ელიზბარს, ამიტომ უყვარს განსაკუთრებით.
ასე ცხოვრობს ელიზბარი ერთ პატარა სოფელში, შეიძლება არავინ იცის მის შესახებ, რადგან როგორც თვითონ ამბობს არაა გასაკუთრებული, მაგრამ მე გეტყვით , რომ ელიზბარი ყველაზე გამორჩეულია მთელ სოფელში, თუნდაც მთელ მსოფლიოში იმიტომ, რომ მას აქვს პატარა გული დიდი რწმენით, სიყვარულითა და იმედებით სავსე.
/ლელა ხევსური/
ძალიან ლამაზი და სევდიანი ამბავია...=)
ReplyDeleteგამადლობთ:)
ReplyDeleteთუ არ ვცდები რეალურ პიროვნებაზეა დაწერილი:))