
იმ დღეს ამინდი გულს ირევდა, არავინ იცოდა, რა მოხდა, თუმცა სინამდვილეში ყველა რაღაცას გრძნობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლელა და გუგუა თავიანთი სოფლებისაკენ მიდიოდნენ, როცა კლდიდან ლოდი მოწყდა და აქაფებულ მდინარეში ჩაეშვა, ამ დროს ლელას ცხენი დაფრთხა, აღარ დაემორჩილა მხედარს და გიჟივით გაქროლდა. გუგუამ დაინახა როგორ მიაქროლებდა ქალს ცხენი. საშველად გამოედევნა. უკნიდან მხოლოდ ჩაწნულ შალშავისფერ თმას ხედავდა, რომელიც თანდათან ეშლებოდა ქალს, მისი ტანი კი შემკრთალი ფოთოლივით ირხეოდა. წამოეწია გუგუა ლელას, ეს რო ქალმა იგრძნო, შერცხვა თავისი უძლურობის, მთელი ძალით მოქაჩა აღვირი და იგრძნო, თუ როგორ იმორჩილებდა ნელ–ნელა თავის ულაყს. აღტაცებული გუგუა გაკვირვებული შესცქეროდა ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ სულ უმწეო ეგონა. ახლა უკვე ერთმანეთს ეჯიბრებოდა ჯირითში ქალ–ვაჟი. ხან ერთი დაწინაურდებოდა, ხან მეორე, თან უცინოდნენ ერთმანეთს, გუგუამ გაუსწრო ლელას, ამ დროს ქალი მოტრიალდა და თავისი სოფლისაკენ გააქროლა ცხენი. როცა გუგუა ამას მიხვდა, ლელა უკვე ძალიან შორს, სულ პატარა წერტილად მოჩანდა, ხან გამოჩნდებოდა მიხვეულ–მოხვეულ შარაგზაზე, ხან კი დაიმალებოდა. გუგუამ დაწევა სცადა, თუმცა დიდი ხნის დევნის შემდეგ ვეღარსად იპოვა ლელა. ამის შემდეგ გუგუა ყოველდღე მიდიოდა იმ ლოდთან, რომელმაც ლელას ცხენი დააფრთხო და ელოდა ქალის გამოჩენას. ეს ლოდი იყო ზუსტად მათ სოფლებს შუა, იჯდა გუგუა ლოდზე, შეჰყურებდა გიორგიწმინდისკენ მიმავალ გზას, თუმცა ლელა არსად ჩანდა. რამდენიმე დღის შემდეგ შორიდან ქალი შენიშნა, გუგუა მიხვდა, რომ ეს ლელა იყო, მისი გული კი ლოდზე უფრო დიდი და მდინარეზე უფრო დაუმორჩილებელი ხდებოდა. ლელა კი თითქოს ვერც ამჩნევდა ვაჟს, ამაყად მიაბიჯებდა, გრძნობდა გუგუას მზერას, თვითონ კი დაბლა დაეხარა თავისი დეკისფერი თვალები მანამ, სანამ წინ არ გადაუდგა ვაჟი. უყურეს ერთმანეთს ცოტა ხანს გუგუამ და ლელეამ, უთხრეს ერთმანეთს ის, რასაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ, თუმცა ხმა კი არცერთს არ ამოუღია. ამ დღიდან ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდა ქალ–ვაჟი. ისხდნენ იმ ლოდზე, რომელიც თითქოს მათთვის მოსწყდაო კლდეს, უყვებოდნენ ერთმანეთს თავისი სოფლის ამბებს, ზოგჯერ ჯირითში ეჯიბრებოდნენ. გუგუას მოსწონდა, როცა ქალი ტოლს არ უდებდა ვაჟს. იყო ქორწილი, ხევსურული ღრეობა და როკვა. ქალ–ვაჟი ეყოლათ გუგუასა და ლელას, ახლა უკვე ისინი მიჰყავდა ცოლ–ქმარს ბედისწერის ლოდთან, სადაც ისევე უყურებდნენ ხოლმე ერთმანეთს, როგორც პირველი შეხვედრისას.
გუგუა სახელიანი ვჟკაცი იყო. სულ რაღაც თექვსმეტი წლის იყო, აწიოკებდა ხოლმე მთელ ქსიტეთს. ბევრი სისხლი და ცხვარ–ძროხა ემართა მათი. ერთ დღესაც საზარელი ამბავი დაატყდა სოფელს, ქისტები გადმოსულიყვნენ იერიშზე და აოხრებას უპირებდნენ ხევსურთა სახლ–კარს. ხევისბერების თათბირით გადაწყდა, რომ მიუხედავად მათი სიმცირისა, მაინც უნდა შებმოდნენ ქისტებს, გუგუაც მათ შორის იყო, თავისი მამაპაისეული კაჟიანი თოფით, რომელიც ყოველთვის სწყალობდა ხოლმე. სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ჯერ ხმლებითა და მერე თოფებით. გუგუა მუსრს ავლებდა მტერს, ქისტები განსაკუთრებით მის მოკვლას ლამობდნენ, ყოველი მხრიდან ესხმოდნენ თავს. გუგუა ხმლით იბრძოდა, როცა დაინახა, როგორ უმიზნებდა ქისტი თოფს. ამოიღო თავისი მამაპაპისეული , შემართა და ჩახმახს გამოჰკრა, ქისტს ხელში გაუქვავდა შემართული თოფი, ახლა მეორეს ესროლა და ისიც მოკლა, მესამედ სროლისას უმტყუვნა თოფმა გუგუას, ვაჟკაცს გული გაუგმირა მტრის ტყვიამ. კვდებოდა გუგუა, თვალინ კი თავისი ლელა ედგა , რომელიც შეუჩერებლად მიაქროლებდა ცხენს, ქარი უშლიდა ნაწნავებს და თან გუგუას უღიმოდა.
გამარჯვებულები დაბრუნდნენ ხევსურები ბრძოლიდან, თუმცა არ ზეიმობდნენ, რადგან ბევრი ვაჟკაცი შესწირეს ამ გამარჯვებას. სოფელში ძაღლების ყმული და ქალების გოდების ხმა ისმოდა მხოლოდ. ტიროდა ლელაც, ოღონდ უხმოდ და უცრემლოდ, გულში, თავისთვის, რომ შვილებს არ ეგრძნოთ და დაენახათ. ის გუგუას ცოლი იყო, დიდი ვაჟკაცისა, რომელმაც მტერს შეაკლა თავი. გუგუას სიკვდილის შემდეგ ლელას არც კი გაუხედავს იმ გზისკენ, სადაც მათი ბედისწერის ლოდი ეგდო. არც ცრემლი ჩამოუგდია ლელას ქმრის სიკვდილის გამო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გუგუას სიკვდილის დღეს, ლელას ცხენები მოპარეს ქისტებმა. გამოეკიდა ქალი გუგუას კაჟიანი თოფით ქურდებს. ახლაც ისე მიაქროლებდა ცხენს, როგორც გუგუასთან შეჯიბრის დროს იცოდა ხოლმე. ქისტებმა ლელას სოფლისკენ აიღეს გეზი, ქალიც მისდევდა მათ ფეხდაფეხ, თუმცა კი იცოდა, რომ იმ ლოდს წააწყდებოდა, რომელსაც მთელი წელი ემალებოდა. ეშინოდა ლელას მისი, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. აი, გამოჩნდა ბედისწერის ლოდიც, რომელის დანახვისასაც შეცბა ლელა, ერთი ხე ამოსულიყო იმ ლოდზე, გატოტილიყო და ღამის ნიავი არხევდა მის ფოთლებს. ისე შრიალებდა ეს პატარა ხე, თითქოს ტყე შრიალებსო. ჩამოხტა ლელა ცხენიდან, სულ დაავიწყდა, რამაც მოიყვანა აქამდე, მივიდა მასავით მარტოსულ ხესთან, ეფერა კარგა ხანს ფოთლებზე, ცრემლით დაუსველა ფესვები, ბოლოს ეს უთხრა: მალე მოვალო. მთელი ხეობა თოფის გრიალმა შეძრა. იმ ტყვიით მოიკლა თვაი ლელამ, რომელმაც გუგუას უმტყუვნა. წითლად შეიღება მდინარე, მთელი სოფელი შესძრა ლელას სიკვდილმა, თოფის ხმამ აცნობა მათ ეს ამბავი, ყველამ ლელა მოიკითხა მაშინვე, როცა ვერ იპოვეს, მიხვდნენ რაც მოხდა, თუმცა დაჯერება კი არავის უნდოდა.
წლები გავიდა ამ ამბის შემდეგ, ალბათ კიდევ ბევრი ბედისწერის ლოდი მოსწყდა კლდეებს. ამ ლოდს კი ყოველთვის ვნახულობდი, იმ ხეს მეორც მისდგომოდა გვერდზე, შემოხვეოდა, თითქოს გულში იკრავსო. ბოლოს მათი ქალ–ვაჟის ამბავი გავიგე. ერთმანეთს დაუშორებიათ ნათესავებს, მაგრამ გაპარულან და მაინც ერთად იზრდებოდნენ, თუმცა მალევე დაღუპულა ორივე, რომელიღაც ხის ნაყოფისგან მოწამლულან. ეს რომ შევიტყვე, ისევ გუგუა და ლელა დამიდგნენ თვალწინ. წავედი ბედისწერის ლოდის სანახავდა და უცნაური სურათი დამხვდა იქ, ერთი ხე გამხმარიყო და ძირში გადატეხილი თავქვე ეგდო მდინარეში, ლოდს მიყუდებული.
/ლელა ხევსური/
No comments:
Post a Comment