Thursday, June 5, 2014

დროა


     
“ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი”-, რამდენიმე დღეა ეს ფრაზა მიტრიალებს თავში. უცნაური დიპლომატები არიან ეს ექიმები და ფსიქოლოგები. არა...დიპლომატები კი არა-ტელეპატები, ჯადოქრები. შეუძლიათ ძალიან უბრალოდ, ზოგადი ფრაზებით, თითქმის მხიარულად აგიხსნან, რომ შენი შვილი, ან შვილიშვილი, ან ზოგადად, ოჯახის პატარა წევრი აუტისტია და ეს ისე გააკეთონ, რომ სიტყვა “აუტიზმი” ერთხელაც არ ახსენონ. “განვითარების ზოგადი აშლილობა”, ან სხვა, მსგავსი ტიპის განმარტება, რომელიც სამედიცინო ფსიქოლოგიისგან შორს მდგარ ადამიანებს ნაკლებად გვესმის, ნაკლებ მტკივნეულად მისაღებიცაა, მით უფრო მაშინ, თუ ამ დიაგნოზს იმის ალბათობაც ერთვის, რომ შესაძლოა ბავშვის გონება არა ასაკს ჩამორჩენილი, არამედ პირიქით, ზედმეტად განვითარებულიცაა და მისი ერთის მხრივ ჩაკეტილობას, სხვა რაიმე კუთხით გამორჩეული ნიჭი აანაზღაურებს.

 
   ჰო, ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ იმის გაცნობიერება მაინც რთულია, რომ შენი სისხლი და ხორცი არ იქნება ჩვეულებრივი ბავშვი. რაღაც ეტაპზე სასოწარკვეთილებაც გიპყრობს, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ არ მიხვდები, რომ ის უბრალოდ განსხვავებულია, ან შესაძლოა...შენ გგავს.
 
   რამდენი ჩვენგანი ყოფილა ბავშვობაში უცნაური, არაკონტაქტური და გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარე? რამდენ ჩვენგანს ჰქონია აკვიატებული ფრაზა, მოძრაობები, ამოჩემებული სათამაშო? ჩემს ბავშვობაში ამას უბრალოდ “თავისებური ბავშვი” ერქვა, დღეს კი იმასაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით 20წლით გვიან, ამ დროს რომ დავბადებულიყავი და დედაჩემს ჩემი უცნაურობების გამო ნეიროფსიქოლოგთან მივეყვანე, პასუხი ალბათ იგივე იქნებოდა-“აუტიზმი”, ან “აუტისტური სპექტრის აშლილობა”.
 
   და მაინც, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს დიაგნოზი ძალიან მკვეთრადაა გამოხატული და ყოველგვარი თერაპია დაგვიანებულია, ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ მისი მატარებელი არაა პიროვნება და საზოგადოებისგან იზოლირებულად უნდა იცხოვროს. ფსიქოლოგი რის ფსიქოლოგია, რომ დიპლომატიურად არ მიუდგეს ამ საკითხს, მაგრამ ზოგადად, საზოგადოებას ძალიან გვაკლია დიპლომატია მსგავსი ტიპის ადამიანებთან მიმართებაში.
 
   იგივე სიტუაციაა იმ ადამიანებთან მიმართებაშიც, რომელთაც აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა. საზოგადოებისთვის ყველა მათგანი “ინვალიდია”, რომელთაც არ იცის როგორ მოეპყრას და ხშირ შემთხვევაში თავს ვალდებულად თვლის, მათ დასანახად ტრაგიკული გამომეტყველება მიიღოს და თანაგრძნობა დაანახოს. რათქმაუნდა, თანაგრძნობის უნარი ყველას უნდა გაგვაჩნდეს, მაგრამ ღიად გამოხატული სიბრალული ისაა, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ მათ. მთავარია, რომ საზოგადოებამ ისინი მიიღოს, როგორც სრულფასოვანი ადამიანები. Gასაგებია, რომ ფიზიკური ნაკლი თვალშისაცემია, მაგრამ ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ატარებს სულიერ ნაკლს(ეგოიზმი, უსიყვარულობა და სხვა) რომელიც ბევრად უარესია და ვერავითარი გარეგნული სილამაზე ვერ გააწონასწორებს.
 
   მეორე უკიდურესობასც არსებობს. არის საზოგადოების ნაწილიც, რომელსაც უბრალოდ აღიზიანებს “ინვალიდთა” ჯგუფში შემავალი ადამიანების აქტიურობა, მასაში გარევა, სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებსა თუ ჩემპიონატებში მონაწილეობა. მახსენდება ჩემი უბნელი ნინო, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით, რომელსაც მუსიკალური ნიჭი ჰქონდა და ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა კონცერტებზე, მუსიკალურ კონკურსებზე. მისი წარმატებები ზოგს უხაროდა, მაგრამ ბევრი იმასაც ჭორაობდა, რომ ეს მიღწევები მისი დიაგნოზის დამსახურება იყო. ნინო ყველაფერს ამჩნევდა და განიცდიდა, მაგრამ შესაშურად მებრძოლი სულის მქონე იყო და თავის მდგომარეობას არ ეპუებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივ ინსტიტუტშიც ჩააბარა. მახსოვს, დედამისს ყოველდღე, საკუთარი ხელით აჰყავდა ეტლში ჩასმული 20წლის გოგო ავტობუსში რომელსაც პანდუსი არც მაშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს(ეს ფაქტი ხომ მათდამი სრულ იგნორზე მეტყველებს). ბევრი სირთულისა, გულისტკენისა და არაადეკვატური მოპყრობისა(მაგ. ლექტორისგან ნასროლი ფრაზა-“ნიშანს იმიტომ გიწერ, რომ ინვალიდი ხარ!”. კომენტარი ზედმეტია)ნინომ ინსტიტუტი მაინც დაამთავრა და ახლა სამუშაოს ძიებაშია. მის მსგავსად იბრძვის უამრავი ეტლით მოსარგებლე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და ელოდება ხალხი როდის მიხვდება ამას.
 
   და საერთოდ, “უნარშეზღუდული” ყველაზე უსამართლო სიტყვაა, რაც კი შეიძლება ვიხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ. უბრალოდ, მათ რეალურ მდგომარეობას მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ, როცა ჩვენს გარშემო, სამეგობროში, ან სულაც, ოჯახში გვყავს ისინი. სხვა მხრივ კი იარლიყი, სტიგმა, დამამცირებელი მეტსახელები...სამწუხაროდ დღესაც ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც წლების წინ იყო და მეც იმავეს ვაწყდები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რასაც ბავშვობაში.
 
   დროა, მართლა დროა სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ვისწავლოთ.

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment