2011 წლის 16 დეკემბერს, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ყველასათვის საყვარელი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
დარბაზი სავსე იყო პოეტის შემოქმედების მოყვარული ადამიანებით, მწერლებით, საზოგადო მოღვაწეებით. ღონისძიებას დაესწრო ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის ეპისკოპოსი თადეოზიც.
ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე საღამო არც თუ ისე ხშირად ჩატარებულა. ოთხი საათის განმავლობაში დარბაზს მსმენელი არ აკლდა. ყველას სურდა თავისი წილი სიყვარული მიეცა იუბილარისთვის. სიტყვა თქვეს პოეტებმა; თემურ ჩალაბაშვილმა, ერეკლე საღლიანმა, თინათინ მღვდლიაშვილმა.. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ფოლკლორული ანსამბლები “ინანა”, “გორდელა” და სხვა.
ტარიელ ხარხელაური ის თანამედროვე პოეტია, რომელსაც თავის ფესვებზე აქვს დაშენებული შემოქმედების ლიბო და სათქმელს ისე გადმოგვცემს, რომ საინტერესოა ყველა თაობის მკითხველისათვის. მის პოეზიას სხვაგვარი, ყველასგან განსხვავებული სურნელი და ფერი აქვს. ის ერთი მხრივ- “ვერკვლის ციხესავით” უდრეკი და მტკიცეა, მეორეს მხრივ კი “მინდვრის ფსალმუნებივით” სათუთი და თბილი. .
“სამყარო ჩემთვის გლოვისფერია” – ვკითხულობთ მის სიტყვებს და გვახსენდება ის დიდი ტკივილიც, რომლითაც არის გაჟღენთილი მისი ცხოვრება. მხოლოდ ჭეშმარიტ შემოქმედებს შეუძლიათ ტკივილი ლექსებად აქციონ და მასთან ერთად გაუმაგრდნენ საწუთროს უსამართლობას.
ტარიელ ხარხელაური კი ის პოეტია, რომელიც სამშობლოს ტკივილსაც ისევე განიცდის, როგორც საკუთარს. ის ანარეკლია ქართველის, ღირსეული ქართველი კაცის, რომლისთვისაც -“როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა”. მას კარგად ესმის, რაა ადამიანის ამქვეყნიური ვალი და ალბათ, სწორედ ამან ათქმევინა არაჩვეულებრივი სიტყვები:
“ტახტზე ფიქრია ადვილი,
დავითობაა ძნელი..”
ტარიელ ხარხელაურის შემოქმედების სულია მთა. მას შეუძლია ვაჟას დარად ესაუბროს კლდეს, ღრუბელს, ხმელ ფოთოლს.. და ეს ბუნებრივია, რადგანაც მთიელი კაცი ისე ახლოა ცასთან, მიწასთან, ბუნებასთან, რომ მისი განუყოფელი ნაწილია. მისი ტკივილიც სტკივა, მისი სათქმელის ამოთქმაც სწყურია..
“ჩემი ცხოვრების წესს პოეზია მკარნახობს,პოეზია განსაზღვრავს.
მე ლექსში ვცხოვრობ,ლექსით ვსუნთქავ, ლექსიდან ვიხედები და სამყაროს
დალაგებასაც ისე ვცდილობ,როგორსაც ლექსი მთავაზობს..”
-სწორედ ესაა ყველაზე საოცარი და ძვირფასი თვისება, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს დღევანდელ საქართველოში, (სადაც ხმამაღალი სიტყვა და ამბიცია ფასობს, სადაც გულწრფელობა - ბანალურობად ითვლება,) ის უშუალობა და თავმდაბლობა, რომლითაც სავსეა როგორც მისი პიროვნება, ისე-შემოქმედება. ბევრი პოეტი ისე არ ჰგავს თავის ლექსებს, როგორც ძია ტარიელი. ისეთივე სუფთაა და გამჭირვალე. ალბათ ამიტომაც არის ის ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი.
მის ლექსებზე სიმღერებს მღერიან, ისინი ქართველმა ხალხმა შეისისხლხორცა. ის ყველასია, ჩვენი პოეტია-სრულიად საქართველოსი!
ტარიელ ხარხელაურზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ამჯერად ასე დავამთავრებ.
თებერვლის ბოლოს პოეტის ახალი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს შეეძლება მისი ახალი ლექსების გაცნობა. მინდა ვუსურვო მას, მარად და მარად შეენახოს მის სულს ეს სითბო, რომლითაც საზრდოობს ჭეშმარიტი პოეზიის ყველა მოყვარული.
ჯვარ გეწერას ძია ტარიელ!
სიყვარულით; ნინო ჭინჭარაული
ჩამი სიყვარულის ნაფეხურებსაც დავტოვებ აქ :*
ReplyDelete