ლუკას ჰყავს ლურჯი, ჯაჭვიანი ველოსიპედი,
ლურჯსაჭიანი, სამბორბლიანი...
ჩვენ ერთ დროს, ერთად პეპლებივით
სიზმრებს ვიჭერდით,
დღეს სიზმრებით დავბორიალობთ
მთებში, რომელთაც უცნაურად დაკარგეს ფერი
და გაცვეთილი ნისლი ადგათ ტანზე შილიფად,
მე უკვე ბევრჯერ დამღერებულ სიმღერას ვმღერი
და ყელიც უკვე ჩახლეჩილი მაქვს.
შენ შეგიძლია უცოდველო, შენი სიკეთით
შეღებო მთები და არამარტო...
ამ ცხოვრებაშიც ყველა გზაზე ვერ გაივლის ველოსიპედი
იოლად, მაგრამ ყველგან მაინც
შენ უნდა მართო.
გზებს კი რა დალევს!
არ გაყვები? არც სხვა გზა გრჩება,
შენ ხომ ჩემსავით გძულს კედლები მყუდრო ოთახის,
როგორც იმქვეყნად, ამქვეყნადაც ღვთისაა ნება;
შენ დიდხანს ივლი, მე კი ალბათ
უფრო ცოტა ხნით.
გთხოვ, არ დაუშვა, შენს ბილიკებს
მოედოს შმორი,
თუ შეჩერდები, შეიძლება სული დაობდეს,
გახსოვდეს ლუკა, ღმერთამდეა შორი გზა, თორემ
ისე ახლოა სასაფლაომდე...
დე, ეს ცხოვრება ბილიკივით მთებზე აბია,
გზის თავში შენ ხარ,
გაღმა - ხრამი,
მწვერვალზე - ღმერთი
და... იცი, არ მსურს მე შენგან სხვა ეპიტაფია
ამ სიცოცხლისთვის, ამაზე მეტი:
“ლუკას ჰყავს ლურჯი ველოსიპედი
და მთაზე ადის...”
/ნინო ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment