Sunday, March 3, 2013

***


ვზივარ და გულჯავრიანსა,
ფიქრი მამიდის ავია,
მე თუ შენ არ გაგალექსე,
ნუღამცმერქმევა ქალია.
უკვე ოთხი თვე გავიდა,
რაც აიბარგე მთაშია,
წახველ და გადაგავიწყდა,
აქ თუ დამტოვე ბარშია.
სიყვარულს მეფიცებოდი,
ცრემლსაც ურევდი თვალშია,
შენა მყავხარო მუდამა,
სიზმარშია თუ ცხადშია.
ერთ დღეს ვერ ძლებდი უჩემოდ,
ასჯერ რეკავდი წამშია,
შეხვედრის დღესაც ბევრჯერა,
დაგღამებია ცდაშია.
არვი თუ რამე გეწყინა
ან ჩემი ბრალი რაშია,
რო ერთსაც არ მამიკითხავ,
ამ უკანასკნელ ხანშია.
ეჭვებიც რაიმ შამიჩნდა,
იქნება საქმე ქალშია?
დამაიმედეს შენებმა,
ეგ რაებ მაგდის ჭკვაშია,
აბა იქ ქალსა რა უნდა,
კაცი საზღვარზე არია,
მუდამჟამ ყიამეთია,
წვიმა,თოვლი და ქარია.
აბა თუ ქალი არ არი,
მაშინ იქნება ალია?
ან არად,იქნებ ოხერი,
ვინმე ეშმა და ქაჯია?
ვაი,შენ ჩემო მიჯნურო,
ვინ რა დაგადგა თვალია,
იქნება არაყ შაგასვა
და გაგიტაცა მთვრალია.
გადაგატარა მთა ბარი,
დევებს მიგგვარა ქვაბშია,
ერთ ბნელ ოთახში შაგაგდო,
გადაგირაზა კარია.
მოდის და სუფრას გაგიშლის,
თან გკითხავს:– ხოარა გშია?
თაოდ ხორცსა სჭამს,შენა კი
სულსა გხდის ძვლების ხვრაშია.
აღარცა ღვინოს დაგისხამს,
მარილსაც გიყრის წყალშია,
ბუქნებსაც გაკეთებინებს,
ერთ ჭიქა არაყაშია.
ავაჰმე,ამის ფიქრითა,
ბზარ შამეპარა ხმაშია,
უნდა ვიშოვო სასწრაფოდ,
ერთი ჯაგლაგა რაშია.
მოვიდე ე მაგ ეშმასა,
ხელი გამავდვა რქაშია,
თუ რამე დიდი ქვა შამხვდა,
უნდა ვახალო თავშია.
დაგიხსნა,გამაგიტაცო,
წამაგიყვანო სახლშია,
თორო მამივიდ სიბერე,
ასე ტყუილა ცდაშია.
მაგრამ ვაი თუ მეშლება,
ვაი თუ საქმე სხვაშია,
იქნება შუნში გამცვალე,
ანაც მსუქანა ცხვარშია?
მაშ თუ ასეა ბეჩაო
და შაირცხვინე გვარია,
შენით მაიჭრა ჯობია,
ეგ დასამიწებ თავია.
თუ ყველა დიაც გგონია,
რაც კი დედალი არია,
იფრთხილე ძუ არ შამაგხვდას,
უკან არ დაგრჩას ხვადია.
არ მინახია ამდენ ხან,
უქალ–დიაცოდ კაცია,
ვეღარ გამიგავ ვაჟ ხარ თუ,
იქნება ზღარბი ქაცვია.
აღარც ეგეთა მიჯნურ მსურს,
აღარც ეგეთა ქმარია,
მანდ იყავ,შენი ჩამოსვლა,
საჭირო აღარ არია.
აქ დავამთავრე სათქმელი,
"ქალ–დიაცმ საუბარია".
ცივ წყალ დალიე თუ გეწყინ,
ე ჩემი ნაუბარია.

/ხატია ფშავლოსი/

No comments:

Post a Comment