Sunday, June 17, 2012

გვქვია..მთის..





         ხანდახან ისე შემძულდება წერა, დღეებს სახლის გარეთ ვატარებ. ჩანთაში ფურცელ-კალამსაც არ ვაგდებ, რომ ხელი არ წამიცდეს, თუმცა ფიქრს ვერაფერს ვუხერხებ.
     
         ხანდახან ისე შემძულდება ლაპარაკიც, რომ ვცდილობ ისეთი ადამიანების გვერდით მომიხდეს ყოფნა,ვინც მოლაყბეა და სხვისი მოსმენა არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ შემიძლია მათნაირებთან ურთიერთობა.
    
   
        ხანდახან საერთოდ, მინდა ადამიანები ვერ მხედავდნენ. მე კი გული მოვიოხო იმდენი ყვირილითა და ტირილით, რამდენიც ჩემს ფიქრებისგან დაცლას დასჭირდება.
    
       ხანდახან მინდა სულელი ვიყო. ისეთი სულელი, რომ ვერავის ფარისევლობა, შური და ამპარტავნება ვერ შევამჩნიო, ვერ შევიტყო. როგორც გოგიტა არაბულმა თქვა :
„რომ ვერ იტყობენ,
მაგაშია ბრიყვთა იღბალი..“  
    
       ხანდახან,  საკუთარი წარმომავლობა წყევლად მიმაჩნია, მით უმეტეს თუ ამას დაუმატებ, რომ კაცად არ დავიბადე. ჩემი კუთხის სიყვარული, პასუხისმგებლობა, მისკენ ლტოლვა.. რაც უფრო მეტია გულში, მით უფრო ჯალათივით მკლავს ფიქრი, რომ დღეს მისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ეს კი არამკითხეებისთვის, ჩემს  განსაკითხად მიცემული შეუდარებელი საჩუქარია
  
       ..უფრო კი, ეს მაშინ ხდება, როცა ის რაც ჩემთვის ძვირფასია, სხვისთვის უბრალოდ სახელის მოსახვეჭელი ხდება. მაშინ აღარ მინდა ვიყო მთის შვილი, ვწერდე ლექსს, გული მიჩქროლდებოდეს ხევსურეთში გამთენიისას გარეთ გამოსვლისას ტანში დავლილი სუსხისგან და ხეობებს შორის მატყლივით გაფენილი ნისლის დანახვისას. 

       მეცოდება დარდიმანდულად, ხელოვნური ემოციებით და  ხელ-ფეხის ქნევით წაკითხული ყველა რვამარცვლიანი ლექსი, რადგანაც ამ დროს ის კვდება..

      მეცოდება  ეფექტისთვის ღრიალით ნამღერი ყველა მთის სიმღერა, რადგანაც ამ დროს ისიც კვდება..
 
       და მეცოდება  მთა, თავისი სახელოვანი წარსულით, დღეს რომ მხოლოდ სადღეგრძელოებშიღა ეტევა და ყანწის დამცლელს, ბალიშამდეც აღარ მიჰყვება. 
 
       ქალაქს როგორ ვაბრალებთ იმას, რაც საკუთარ სულებში დავკარგეთ. ზოგს ჩვენს დაბადებამდე დაგვიკარგეს და ჩვენ თვითონ ვიპოვეთ დარღვეული, დანაწევრებული. ახლა იმ ნაწილებს ვცდილობთ მოვეფეროთ და იმაზეც  საყვედურების მეტს არაფერს გვეუბნებიან. 

    ადამიანს რომ შეეძლოს თავისი ხვედრის არჩევა, გარემოპირობების ხელისშეშლის გარეშე, არავის ზედმეტად  სათქმელი არ ექნებოდა..

   რადგანაც ჩვენ მთაში ვიცხოვრებდით...

   და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სულგრძელები ვიქნებოდით, რომ ეს წყენა აღარც გაგვახსენდებოდა. რადგანაც ვინც ბედნიერია, ის სულგრძელიცაა..

      აღარც  ეს წერილი დაიწერებოდა..

   /ნინო ჭინჭარაული/
 

4 comments:

  1. ძალიან კარგია...აი ის არის რასაც მეც ვფიქრობ სულ...წარმატებები

    ReplyDelete
  2. მადლობა ნათია.
    იმედია რამე შეიცვლება,თუმცა ეჭვი მეპარება, ამ ნაწერმა რამეს უშველოს,თუ სხვებსაც იგივე არ ასტკივდებათ

    ReplyDelete
    Replies
    1. niii, vkitxulob da vegar gamigia shens gancdebze wer tu chemsaze:)))

      Delete
  3. შენი და ჩემი რამ გაყო..:*

    ReplyDelete