უკენახო ჩემი წინაპრების სოფელია,საიდანაც გადმოსახლდა ჩემი დიდი პაპa..წელს(100წელზე დიდი ხნის შემდეგ)მე,შთამომავალი ავედი და ბედნიერი ვარ
გზის მოსახვევში წაგვექცა ცხენი,
(გზა შორი ჰქონდა გადანალახი)
სურვილი მკლავდა ისეთი ცხელი,
რომ არც რა ვიგრძენ,მხოლოდ ტალახი
ჩამოვიფერთხე.. შევჯექით ისევ,
ციცაბო კლდეზე ბილიკს ავდიეთ
და ჩემო!..ისე სულამდის გიგრძენ,
ცრემლისაც შემრცხვა და მაპატიე;
გულგრილი რომ ვარ..
ფერ-ცვლილი რომ ვარ..

უძლური რომ ვარ..
უმიზნო რომ ვარ
და ახლა უცხოც!
შორით დავლანდე საგვარო ხატი,
ვერ გამოვთხოვე მადლი-წყალობა,
დღესღა ვჩურჩულებ: კვლავ ამატარე ეს აღმართები,
თუნდაც წვალებით.
ისევ მაჩვენე შინშების ფუძე
და თუ ოდესმე ღირსად მიგულებ,
მიმიღე, თორემ ძარღვებში უკვე
სისხლი კი არა, მიჩქეფს სინგური.
და ამ სინგურით ვიცოცხლებ რამდენს?
უსისხლოდ გული რამდენხანს გასტანს?
შხამ-სიძულვილი არ მიშვებს ცამდე
და შენ კი როგორ ახლო ხარ ცასთან!
მე შენთან მინდა, მე შენთან მინდა!
მინდა ამ კლდეებს სული ვახალო.
შენი თოვლივით თეთრი და წმინდა
ფესვები მქონდეს და აქ ვახარო,
წარსულის ხათრით გთხოვ, მაპატიე..
ახლაც მგონია-იყო სიზმარი,
წვიმის სილაღე, ქვების სიმტკიცე,
ნასახლარები და ნახიზნარი.
გზის მოსახვევში წაიქცა ცხენი,
რომ აღედგინა ხიდი რღვეული,
რომ ამოედგათ ტკივილებს ენა,
რომ შენი მიწა,
რომ ჩემი მიწა მეგრძნო სხეულით.
/ნინო ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment