”მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია”./გალაკტიონი./
ისევ აცივდა სულში, ჭირიმე,
წუხელ დავკარგე მზის ავგაროზი,
შენ ჩემს მაგიერ რა გატირილებს_
ჩემი მონაა ჩემი ტაროსი.
გავხედნი, როგორც საომარ კავშას,
ამოვდებ ლაღი სტრიქონის ლაგამს
და ისე, როგორც ჯუთაში შარშან,
უნდა გიმღერო წინაპრის საგა.
არ დამანახვო შავი ტიტები,
ვიპოვი იმ ჩემს მზეს და ავგაროზს,
ვერ შემაჩერებს ვერასდიდებით
წინ რომ დამიდგეს მთელი სამყარო.
ჰო, ცივა,
ცივა,
ცივა, ჭირიმე,
მაგრამ როგორმე დაცხეს ეგების,
გადავიკიდებთ ნაცად ხირიმებს
და უცხო მხარეს გარდავეგებით.
თორემ მე მეტი უკვე არ ძალმიძს
და გულიც გასკდეს უეცრად იქნებ,
ომს ვერ მოიგებ მარტოდენ კალმით,
რა შეუძლიათ, მითუფრო, წიგნებს.
ჰოდა, დაღლილთ და მიწყივ ნაომართ
შევკაზმოთ ახლა თეთრი ცხენები
და გავქრეთ მერე სააქაოდან
ჭიხვინითა და ჭენებჭენებით!..
1995.
ნოშრევან არაბული
No comments:
Post a Comment