Friday, September 18, 2015

აქ იყო მუსიკა


“ბანალური ამბავია, 
ომისდროინდელი ბანალური ამბავი...
თუ შეიძლება, ბანალური ეთქვას დანაშაულს.
/ელზა ტრიოლე/ 

 
     როცა პირველად შევამჩნიე, ორივენი 10წლისანი ვიყავით, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ის ჩემზე ბევრად დიდი იყო. მარტო მე კი არა, კაცებიც კი გაოცებით და პატივისცემით ეკიდებოდნენ ბავშვს, რომელსაც სრული სერიოზულობით შეეძლო ემსჯელა სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ საზოგადოებრივ საკითხზე.
   მუდამ ასეთი მაგონდება- მაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი, თმაგაჩეჩილი, რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკით, რომლის ზურგზეც განუყრელად ეკიდა თითქმის თავისი სიმაღლის გიტარა. დილაობით, როცა სკოლაში მივდიოდი, სადაც მთავარი გამზირი უნდა გამევლო, ალექსი მეგობრებთან ერთად ყოველთვის ჩემი სახლის მოსახვევში, კედელთან იჯდა, ძირს ორიოდე წიგნი ედო, ფეხებთან- გაცვეთილი კეპი და უკრავდა. ისე გატაცებით უკრავდა, რომ ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. მაშინ უჩვეულო სანახაობა იყო ქუჩის მუსიკოსი და მით უფრო, ასე პატარა ასაკის, მაგრამ ალექსის უბანში ყველა იცნობდა. ახსოვდათ მისი მშობლებიც, რომლებიც წლების წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ და იცნობდნენ მის დებოშიორ, ლოთ ბიძასაც, რომელთანაც ბიჭი მშობლების სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა და რომლის მორიგი დათრობისას მოწყობილი “კონცერტების” შემდეგ, დედები შვილებს ალექსისთან თამაშს უკრძალავდნენ.
   და მაინც, მაშინ ყველა უბანში იყო თითო ეგრეთწოდებული-კოლორიტი, უბნის სახე. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ქურთი მზესუმზირის გამყიდველი, რომელიც თაობებს ახსოვდათ, ან –გიჟი, ანდაც უბრალოდ განსხვავებული ადამიანი, რომელიც იმ უბნის აუცილებელ “ატრიბუტად” ითვლებოდა.
   ჩვენს უბანს ალექსი ჰყავდა.
   განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ერთმანეთი შემოდგომის ერთ გრილ დღეს “გავიცანით”. ზუსტად არ მახსოვს წელი, უკვე უფროსკლასელი ვიყავი. დილაადრიან, ნახევრად მძინარე, სკოლისკენ მიმავალი ტრამვაის გაჩერებაზე გავჩერდი. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მექანიკურად მივადე თავი ელექტრო ბოძს და თვალიც მივლულე. საოცრად ყვითელი, გაქუცული, დაძველებული და ძილისმომგვრელი ჩანდა ირგვლივ ყველაფერი...ქუჩა, ხეები, უსუსური მზის სხივები... მიუხედავად სუსხისა, ძილი საშინლად მერეოდა და უცებ, ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი წერტილივით “იავნანა”ს მელოდიაც ჩამესმა. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები, თავი წამოვწიე და მუსიკაც მაშინვე შეწყდა.
    მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ გარშემო არავინ იყო. ვიფიქრე, რომ ალბათ მომეჩვენა, ისევ მივადე ბოძს თავი და მელოდიაც ჩემს ზურგსუკან მაშინვე აჟღერდა. მაშინ უკვე გაოცებული შემოვბრუნდი და პირველად შევხედეთ ერთმანეთს თვალებში.
   რა თაფლისფერი ჰქონდა... მზის სხივებზე უფრო მოოქროსფრო... და რა ცეცხლი უელავდა... მთელი შემოდგომა თითქოს მის თვალებში იყო ჩასახლებული, მაგრამ ის არ იყო ამ ნოემბერივით ცივი და ძილისმომგვრელი. იწვოდა, შიგნიდან იწვოდა და ეს კოცონი იმდენად ვერ ეტეოდა მის სულში, რომ თვალებიდან გიზგიზებდა. არ ვიცი, წამებში შევამჩნიე ეს თუ დიდხანს ვუცქერდი, მაგრამ დროის შეგრძნება სრულებით აღარ მქონდა.
   უცებ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მაშინვე გული შემიფრთხიალდა და რატომღაც შემრცხვა. სასწრაფოდ მივტრიალდი და დაბარებულივით, იმწამსვე მოვიდა ჩემი ტრამვაიც. ავედი თუ არა, ღრმად ჩავისუნთქე და დახურული კარიდან შეფარვით გამოვხედე.
   ისევ მიღიმოდა.
   მაშინ გულში რაღაცნაირმა სითბომ და სიხარულმა დამიარა. რა მიხაროდა? თითქოს აღარც მციოდა. თითქოს მისმა ცეცხლმა მარტო გული კი არა, გათოშილი სხეულიც გამითბო და უცებ ვიგრძენი, რომ მეც ვუღიმოდი.
   ეს იყო და ეს... მას შემდეგ ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებივართ და აღარც მარტონი შევხვედრივართ სადმე. განა ადვილი იყო მისი დამარტოება? მუდამ ძმაკაცების მთელი ჯგრო დაჰყვებოდა და იმ დღესაც მხოლოდ იმიტომ წავაწყდი მარტოს, რომ თურმე “პახმელიაზე” მყოფს მძინარე ძმაკაცები ბიძამისის დანგრეულ ბინაში მიეტოვებინა და თვითონ დილის სუფთა ჰაერზე გამოსულიყო. გიტარაც თან გამოეყოლებინა, ის ხომ ლამის მასთან ერთად იყო დაბადებული. იმ დღის მერე ჩემს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა მუსიკა, რომ მშობლებთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მამაჩემის ერთ-ერთ მეგობარ გიტარისტთან დაკვრაზე სიარული დავიწყე და ნელ-ნელა შევიგრძენი მისი იდუმალი ძალაც. ძალა, რომელიც ყველაფერს დაგაძლევინებს, ძალა რომელმაც ალექსის ობლობა გადაატანინა...მაგრამ მე მაინც ვერ მომცა საჭირო გამბედაობა...რისთვის? ამასაც გეტყვით.
 ვერც მას და ვერც მის ამფსონებს ვერ იტანდა ჩვენი სამეზობლო და უფროსი ქალები გოგონებს ყოველთვის ჭკუას გვარიგებდნენ, ახლოს არ გავკარებოდით ამ “მაწანწალებს და ნარკომანებს”. კიდეც რომ გამჩენოდა გრძნობა მის მიმართ (რასაც ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ყოველი ხელში აღებისას ვგრძნობდი) შიშით და სირცხვილით, როგორ გამოვხატავდი.
   თუმცა, ჩემი სახლის აივნიდან გადმომდგარს, ღამითაც კი ყოველთვის შემეძლო გამეგონა მისი გიტარის ხმა, რომელსაც საღამოს 9საათის შემდეგ აუცილებლად მოჰყვებოდა რომელიმე მეზობლის წყევლა:
   _ შენ ჩაგდე კუბოში, დაგვაძინე!
  კუბოში ჩადების რა გითხრათ, მაგრამ ვიღაცის წყევლა კი ნამდვილად ეწია ალექსის. სამოქალაქო ომი ორი თვის დაწყებული იქნებოდა, რომ ბიჭი სადღაც გაქრა. არავინ იცოდა მოკლეს, თუ გაიქცა (თუმცა, სად ჰქონდა გასაქცევი). ან ვინ მოიკითხავდა თავის დროზე, ბიძამისიც კარგა ხნის მერე იპოვეს დანგრეული პროსპექტის ერთერთ ჩიხში, სხვა დახოცილებთან ერთად. მის მეგობრებს კი ისე აურია ომმა გზა-კვალი, რომ ზოგი სად იყო დაფანტული, ზოგი სად. ალექსი არავისთან ერთად არ აღმოჩნდა. არც ცოცხლებში, არც მკვდრებში. თუმცა ამაში გასაოცარი რა იყო? ომი-ომია და ის არასოდეს არჩევს ვინ შეიწიროს-დამნაშავე თუ უდანაშაულო... ზრდასრული ადამიანი, თუ ბავშვი... გამარჯვებული აქ არ არსებობს. რჩება მხოლოდ სიცოცხლის წინაშე ჩადენილი დანაშაული...
   მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, როცა მიწასთან გასწორებული თბილისის ქუჩებში ხალხმა იწყო მოძრაობა და ყველაფრის დასუფთავება, ჩვენს უბანში, ეკლესიასთან მისი სიმებაწყვეტილი გიტარა იპოვნეს, რომელიც ტყვიებით იყო დაცხრილული. არსად  სისხლის კვალი არ ემჩნეოდა, არც ახლომახლო ჩანდა მისი პატრონის რაიმე ნიშან-წყალი.
   -ბეჩავი..-, სინანულით ქოთქოთებდნენ ზუსტად ის მეზობლები, რომლებიც ხშირად წყევლიდნენ ხოლმე.
   მაშინ ვერ გავბედე მეკითხა, რა უყვეს მის გიტარას. უფრო გამბედავი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იგი ჩემს ხელში აღმოჩენილიყო, როგორც სახსოვარი, რომლის ფასიც სხვამ არავინ იცოდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამის გამგონემ განადგურებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი და ღია ფანჯარაში შუაღამემდე გაუჩერებლად ვუკრავდი “იავნანას”. ვუკრავდი, სანამ თითის წვერები არ ამეწვა და ზედ “მაზოლები” არ გამიჩნდა. არავის კრინტი, ხმა, წყევლა არ გამიგია, თუმცა ზუსტად ვიცოდი, იმ ღამით უბანში არავის არ ეძინა. სიჩუმე იყო და თითქოს ყველანი ამ სიჩუმით ცდილობდნენ მთელი იმ ლანძღვა-გინების გამოსყიდვას, რომლითაც ალექსის სიცოცხლეში “ამკობდნენ”.
   მერე ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება ახალი სიძნელეებით დაიწყო-უშუქობა, შიმშილობა, მომავლისთვის სასიცოცხლო ძალების კბილებით ძიება... არ მახსოვს, უფრო სწორად კი სიზმარივით მახსოვს ის რამდენიმე წელი. მახსოვს ყრუ, დადუმებული უბანი, რომლის გაცოცხლებასაც ღამით ისევ მე ვცდილობდი გიტარით. შემდეგ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავსახლდით, სხვენის მაგვარ ოთახში. მახსოვს მაშინდელი გაჭირვებაც, სოფლიდან ბებოს გამოგზავნილი პომიდვრის წვნიანით სავსე ქილები, რომელიც ერთადერთი საკვები იყო ჩვენთვის. ბევრი სიბნელე და პატარა სიხარული-ეზო, სადაც ახალი მეგობრები შევიძინე. ალექსიც ცოტახნით თითქმის მიმავიწყდა. თურმე ასეც ხდება... ჩემი ბავშვობის მეგობარ მარკ ტვენს დავესესხები-“ახალგაზრდული გული ძალიან ელასტიურია და დიდხანს არ რჩება შეკუმშული”. ჰოდა, ჩემი გულიც მალევე გაიხსნა და ჩაება ახალ ცხოვრებაში.
   მაგრამ ყოველგვარი მუსიკის გარეშე... ჩემს ცხოვრებაში საბოლოოდ გაქრა ის, რაც მაშინ მაბედნიერებდა. ზოგჯერ, ძველი სიზმარივით თუ გამახსენდებოდა, რომ ჩემი გიტარა სხვენში, ძველმანებთან ერთად ეგდო და ეს ჩემში უკვე აღარც ტკივილს და არც სიხარულს აღარ იწვევდა.
   მხოლოდ წლების შემდეგ, ერთ დღესაც, როცა ჩემს ძველ უბანში, ძველი მეგობრის სანახავად მომიხდა წასვლა, ზუსტად იმავე გაჩერებაზე დაველოდე სამარშუტო ტაქსს. ის ელექტრო ბოძიც იქვე დამხვდა. მივადე თუ არა თავი, რაღაც უცნაურ განწყობაზე დავდექი.  თითქოს ისევ ჩამესმა იავნანას მელოდია და თითქმის შევიგრძენი, რომ ალექსი ჩემს უკან იდგა.
   მივტრიალდი და რათქმაუნდა, იმედგაცრუებული დავრჩი.
   კედელი, რომელთანაც ის იჯდა ხოლმე, ტყვიებით იყო დახვრეტილი და გაშავებული. ზედ ვიღაცას წაეწერა ცარცით “აქ იყო ბრძოლები”. მთელი ბავშვობა, ჩვენი პირისპირ შეხვედრიდან-ომის ნარჩენებამდე თვალწინ დამიდგა და ისევ ცხადად ჩამესმა ყურში მისი გიტარის ხმა. ხმა, რომელიც დამიბრუნდა... მუსიკა, რომელიც წლების განმავლობაში დავიწყებული მქონდა.
   და ისევ ვიგრძენი სიმხურვალე, ისეთი სიმხურვალე, რომელსაც სიცოცხლეში ალბათ მხოლოდ ერთხელ გრძნობს ადამიანი. სითბო, რომელიც სუნთქვისშეკვრით იწყება და ბოლოს გულთან, მუცელში დატრიალებული პეპლებით ბოლოვდება... ყველა მიხვდება, ვისაც ოდესმე ჰყვარებია.
   ჩემი ტრანსპორტიც მოვიდა, მაგრამ აღარ გავყოლივარ. გაშეშებული ვიდექი. მერე მახსოვს, ადგილს მოვწყდი, კედელთან მივირბინე, შიშველი ხელით წავშალე “ბრძოლები” და იქვე დაგდებული ცარციანი ქვით მივაწერე “მუსიკა”.
   დიახ, აქ იყო მუსიკა...

/ ნინო ჭინჭარაული/
/2014/

Sunday, August 2, 2015

სინამდვილეში რა მოხდა "ინსომნია"2015-ზე


(ყველაზე რეალური ფენტეზი)


   ეს ჩემი ყველაზე სუბიექტური და ემოციური პოსტია, ამიტომაც არ მსურს, მშრალი ქრონიკის, ან თუნდაც დღიურის ჩანაწერების სახით შემოვინახო და ამიტომაც, ნაწერს სწორედ იმ ჟანრის მოთხრობის სახე ექნება, როგორიც 27 ივლისს, ინსომნიის პირველ ღამეს, ნახევრად ჩაბნელებულ წიგნის მაღაზიაში ჩაკეტილმა დავწერე.
  
    ყველაფერი ღამის ბათუმში არ დაწყებულა, გაცილებით უფრო ადრე, ჯოჯოხეთის ქვაბივით მოთუხთუხე, ადუღებულ თბილისში დაიწყო, როცა უნებურად შევნიშნე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი თანაინსომნიაკი თინა და მე მთელი გზის განმავლობაში უცნაურ ღრუბელში ვიყავით გახვეულები. ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევდა ამ საოცარ, ეთეროვან სივრცეს, რომელიც ჩემდაგასაოცრად ორთავეს პირიდან ამოგვდიოდა და გარშემოშემორტყმულ სფეროში გვაქცევდა. ისედაც ჩახუთული ჰაერი შესქელებული იყო. ერთხელ, როცა საუბარი შევწყვიტეთ, შევამჩნიე, რომ ღრუბელმა ნელ-ნელა დაიწყო ქრობა,სანამ მისგან მხოლოდ ფრაზები, სინონიმები, იდიომები არ დარჩა და როცა ის მანქანიდან ჩავიდა, მთელი ჰაერში მოლივლივე წინადადებების გუნდი ერთგულად თან ჩაჰყვა და მე მივხვდი, რატომ გახდა ჩემი თანამგზავრი ამ მისტიური ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული.
   თინა მანია სიტყვების მბრძანებელი იყო და ვინც მის სულში ჩახედვას გაბედავდა, უკურნებელი სენი-“თინამანია” ემართებოდა.
   მეც ქალაქში უკვე ინფიცირებული ჩამოვედი.
თინა მანია
  
* * *
    ბათუმი ზღვისპირა, ლამაზი ქალაქია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი საიდუმლო, რომელსაც ახლა გავამხელ. ათასობით მიმობნეულ ლამაზ, მოციმციმე რესტორნებს, სასტუმროებსა თუ სახლებს შორის არის პორტალი პარალელურ სამყაროში, რომელიც შენიღბულია შუშებითა და ხის თაროებით, თაროებზე მობინადრე ელვარე წიგნებით, ქარის მუსიკით, უზარმაზარი სიზმარმჭერით და მასში ფეხისშედგმისთანავე კედელზე გხვდებიან მოცეკვავე კაცუნები, რომლებიც ამბობენ “welcome to books in batumi”.
პორტალის დედოფალი მარი
     არ დაიჯეროთ... არ დაიჯეროთ... ეს ყველაფერი მხოლოდ შირმაა, რომელიც გამოიგონეს ამ სამყაროს, ამ იდუმალი სახელმწიფოს გამგებელმა მეფე-დედოფალმა მარიმ და ირაკლიმ. ეს იდუმალი არსებები, რომელთაც ღამ-ღამობით ოდნავ შესამჩნევი ნათება დაჰყვებოდათ, თავად იყვნენ იმ პარალელური სამყაროს წარმომადგენლები, რომლის არსებობასაც ასე გულმოდგინედ მალავდნენ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 7 რჩეულ ადამიანს აძლევდნენ მათი ხილვის საშუალებას. არ ვიცი სხვებმა რა იხილეს, მე კი...ღმერთო საიდან დავიწყო...
   ინსომნიის პირველ ღამეს, როცა ყოველგვარი ვიდეოკამერები, ფოტოაპარატები და ადამიანები გაქრნენ წიგნის მაღაზიიდან და კარის ძირში გასაღებმა გაიჩხაკუნა, პირველად ვიგრძენი, რომ სრულ მარტოობაში დავრჩი.
ჩაკეტილი მე
   შიშს არ შევუბორკივარ, ჯერ ინტერესით დავუარე კედლებს, ავამღერე ქარის მუსიკა, ხელი შევავლე დრიმქეჩერის ბუმბულებს და ვთხოვე, ჩემი ძილი და სიზმრები თან წაეღო. შემდეგ მოვიკალათე საქანაო სკამზე და ლეპტოპის მაგიერ თაბახებზე დავიწყე კალმით წერა. მალევე გავაცნობიერე, რომ სკამის რწევა აზრების მოკრებაშიც მეხმარებოდა.
   სამი თაბახის შევსების შემდეგ ყავის დასალევად სამზარეულოში გავედი. სწორედ მაშინ დამთავრდა ჩემი მშვიდი ყოფა.
   ჭიქის გარეცხვის შემდეგ, გამოსვლა დავაპირე თუ არა, წკაპუნის ხმა გავიგონე. გავშეშდი და მივაყურადე. ასეთ დროს რას უნდა ეხმაურა მაღაზიაში, რომელშიც აბსოლუტურად მარტო ვიყავი? ხმა მაცივრის მხრიდან მოდიოდა, თითქოს რაღაც არსება დარბოდა მის უკან. “იქნებ თაგვია”... გავიფიქრე და ისევ ოთახში გასვლა დავაპირე, მაგრამ კარის ზღურბლზევე რაღაცამ შემაყოვნა.
   ხმა ისეთი მონოტონური და რიტმულად გამეორებადი იყო, რომ შეუძლებელი იყო, ცოცხალ არსებას გამოეცა. რაღაც თხევადის ძირს დაწვეთების ხმას ჰგავდა და მეც უსწრაფესად გამიელვა გონებაში კადრებმა... სისხლი...გვამი... მაგრამ მაშინვე უარვყავი ეს სისულელე (საიდან გაჩნდებოდა მაღაზიაში გვამი? ან, მასთან ერთად როგორ დამტოვებდნენ?) კარგად დავუკვირდი ხმის ლოკაციის ადგილს და საბოლოოდ, კარგა ხანს ვხარხარებდი პატარა სარკმლის რაფაზე კონდინციონერიდან დაწვეთებული წყლის შემყურე. ასეთივე ხარხარით, საბოლოოდ დამშვიდებული და წერის “მუღამზე” მოსული გამოვედი ოთახში და... იქ ისეთი დამხვდა, სისხლი გამეყინა...
ზღვის შვილი
   ოთახი გადატენილი(ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით), გ ა დ ა ტ ე ნ ი ლ ი  იყო სხვადასხვა ჯიშის,თუ ჯურის არსებებით და ჩრდილებით. ყველა, ყველა გაცოცხლდა. ოთახის ცენტრში კედლიდან ჩამოსული, ბრტყელი მოცეკვავე კაცუნები ფეხშიშველ ჰობიტებთან ცეკვავდნენ, დემონ მარას ფოლკნერის დათვი დასჭიდებოდა, რომელთაც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ კარამაზოვები. ჩემს საქანაო სკამზე კი მარჯან სატრაპი წამოსკუპებულიყო და მარჯვენა ხელით ჩადრს აფრიალებდა. მე ზედაც არავინ მიყურებდა, თითქოს იქ არც ვიყავი.
   ღმერთო,რა ქაოსი იყო! არა, ზოგადად-ქაოსი და არეული ოთახი წერაში ძალიანაც მეხმარება ხოლმე, მაგრამ იმ საშინელ ღრიანცელში რამის დაწერა კი არა, ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.  “თუ ესენი უკანვე, პორტალში არ ჩავყარე, მოთხრობა დაუწერელი თუ არა, აუკრეფავი მაინც დამრჩება”-თქო, შემეშინდა და თითი გამოვკარი ქარის მუსიკას.
   შენც არ მომიკვდე...სულ ფეხზე არ ეკიდათ?
   მაშინ, გაბრაზებულმა ჩამოვხსენი “დრიმქეჩერი”  და გონებაში დავიღრიალე- “მომშორდით”-,მეთქი. ჩემდაგასაოცრად ყველანი წამიერად გაშეშდნენ, გაოცებული თვალებით შემომხედეს და პირველად შემამჩნიეს, მერე მზერა ისევ ერთმანეთს მიაპყრეს და ნელ-ნელა, კვამლივით აალებულები საშინელი წივილ-კივილით, ქარბორბალასავით დატრიალდნენ ჩემს გარშემო.
ამინდის მბრძანებელი ქეთრინი
   თმები ამეწეწა, ხმაურისგან ყურები ამეწვა და მიწაზე დავეშვი თვალდახუჭული, ისე, რომ დრიმქეჩერისთვის ხელი არ გამიშვია. მეორე ხელით იატაკს ვეყრდნობოდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ამოვარდნილ ქარიშხალს მეც თან არ გავეტაცე.
   სიზმარმჭერმა ყველა შეისრუტა.
   როცა ქარი ჩადგა, წამოვდექი და კამერებს გავხედე. არაფერი გადაუღიათ. სასწაული შემთხვევითობით(ან განგებ) ჩემს ღამეს ლაივსთრიმი არ ჩაირთო. შესაბამისად, არც არავის არაფერი გაუგია. ყოველშემთხვევაში ასე მეგონა, სანამ...
   გაწეწილმა გავასწორე მონჯღრეული დრიმქეჩერი და თავის ადგილას დავკიდე. Aმჯერად წერა პირდაპირ ფაილში გავაგრძელე და ის-ის იყო, უნდა დამესრულებინა, რომ აღმოვაჩინე, ოთახში მარტო სულაც არ ვყოფილვარ. იქ კატა იყო, ნაცრისფერი კატა, რომელიც თურმე თვალს მადევნებდა ისე, რომ მე ვერ ვხედავდი.
   _როგორ მიდის საქმე?-, მკითხა უეცრად.
   _კარგად-, მივწერე:_ ვამთავრებ.
   _ხომ მშვიდობაა?-,მეკითხება ღიმილიანი ნიშნით.
   _კი,-მივწერე: _ მარტო თაგვი მომეჩვენა დარბოდა და თურმე წყლის ხმა იყო.
   _ჰო, ასეთ დროს ჩვენი გონება სხვაგვარად მუშაობს...
   და დატოვა სასაუბრო სივრცე, მე კი მივხვდი, რომ ყველაფერი დაინახა და გამომცადა, ვიტყოდი თუ არა.
   რა ვქნა, რომ მაინც მოვყევი:) ...
კოშკა
   დასრულებულ მოთხრობას თავი-ბოლო კარგად მოვუკარი და შიგ გამოვამწყვდიე ყველაფერი, რაც ღამით ვიხილე. პორტალის მცველისთვის, რომელმაც დილით კარი გამიღო და დროებითი ამნეზიის გამომწვევი ყავა მომიმზადა(სხვათაშორის საშინლად გემრიელი) არაფერი მითქვამს და ფეხით მივაკითხე ჩემს ოთახში მობინადრე სიტყვების მბრძანებელს, რომ ერთად წავსულიყავით და ზღვაზე დაგვეხრჩო ძილი.
   მეორე ღამის გამთენებელ თანაინსომნიაკს, ზღვის შვილს სასაუბროდ გამთენიისას მივაკითხე, მაგრამ თვალებშივე შევატყვე, რომ არაფერი ენახა. გულდაწყვეტილი ჩანდა, ალბათ არ გამოეცხადნენ, ან მაშინ გაიხსნა პორტალი, როცა მას პუფსა და ბალიშებზე მოკალათებულს ტკბილად ეძინა. შესაძლოა იქ მობინადრე არსებებმა იფიქრეს- ამას კიდევ ბევრჯერ შევაშინებთო, ან საერთოდ გადაიფიქრეს მისი განაწყენება, რომ გაბრაზებულს არ დაესაჯა ისინი და მაღაზიაში შემოსულ მკითხველთან რეკომენდაცია არ გაეწია. ანუ სიკვდილის შეეშინდათ, წიგნის თაროზე ცოცხლად დამარხვის.
   ბევრი წიგნი იმარხება ხოლმე წიგნის თაროებზე...
ბევრჯერ დაბადებული ჯეიმსი
   მართალია, ზემოთხსენებული თანაინსომნიაკი კარგად ვერ გავიცანი, რადგან ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა, მაგრამ გარკვევით შევნიშნე, რომ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები დანარჩენი რჩეულებიც რაღაც უცნაური უნარით იყვნენ დაჯილდოებულები.
   გრძელთმიანი ჯეიმსის რეალური პიროვნება ჯერ მეორე თუ მესამე დღეს, სასადილო მაგიდასთან, არყის ჭიქებს შორის მოტივტივე ანამნეზით აღმოვაჩინე, შემდეგ კი ღამით, აივანზე ჩაცუცქული, როცა ბათუმის ჰაერს ვატანდით ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ღამით ჰაერი ყოველთვის სავსეა ხოლმე სიზმრებით და ვინ იცის, იმ გამთენიას ჩვენი ბავშვობა რამდენ ადამიანს დაესიზმრა.  ჩვენ კი, მოგონებას-მოგონებაზე ვცვლიდით და მაშინ თითქოს თვალზე ახვეული ლიბრი მომეხსნა და დავინახე, რომ სახლში მცხოვრებთაგან ასაკით ყველაზე პატარა, 22წლის ჯეიმსი, ყველაზე დიდი იყო, ყველაზე უფროსი ჩვენს შორის და ამ ასაკს ოსტატურად მალავდა გრძელ თმებში. ალბათ რამდენიმე საუკუნის იქნებოდა, ან რამდენიმეჯერ დაბადებული.
   როგორ მიყვარს ბევრჯერ დაბადებული ადამიანები...მათთან არ გჭირდება რამის ახსნა და ცერემონიები. ისინი თითქოს გაცნობამდეც კარგად გიცნობენ.
   ჩვენს სახლში ყოველთვის განსაკუთრებული კლიმატი იყო, სასიამოვნო სიგრილე. Aრც არასდროს ციოდა, არც ცხელოდა და წვიმაც მხოლოდ ერთხელ , მოწმენდილზე წამოვიდა, როცა სტივენ კინგის გავიზუალიზირებულ მწვანე ფანტაზიებს ვუყურეთ. მახსოვს მაშინ გავიფიქრე, იქნებ იმ ღამით მაღაზიაში წყლის წვეთების ხმაური არაფერშუაში იყო და ჩემს გასამხნევებლად მისტერ ჯინკლსი მოვიდა. ნეტა მომეძებნა... ძაფის კოჭს გადავუგდებდი და ისიც თათებით აგორავებდა.
   ამინდზე ვსაუბრობდი... ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდი იყო, როცა ერთად ვიყავით და რაღაცნაირად მეგონა, რომ ეს განსაკუთრებულად ერთი ჩვენგანის დამსახურება იყო. ვიღაც განკარგავდა იმას, რომ ჩვენს შორის ამინდი არ გაფუჭებულიყო. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ, ჩემი წამოსვლის წინა ღამით ჯერ მოსაწყენად დაცხა, მერე კი მოიღრუბლა და ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ იყო. საერთო ცაზე უცხო ღრუბელი გამოჩნდა. სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ ქმნიდა ჩვენს კარგ ამინდს და რატომ აარჩიეს ქეთრინი 7რჩეულ ინსამნიაკს შორის.
   ქეთრინმა შენიშნა თუ არა ჩვენს თავზე ამღვრეული ცა, ხელი ჩაავლო ღრუბელს და აივანზე გაათრია. არ ვიცი იქ რა შეულოცა, მაგრამ უკან დაბრუნებული ღრუბელი ნელ-ნელა თავისით გაიფანტა და ცოტახანში ჩვენს თავზე ისევ მზემ გამოაჭყიტა.
  ჩვენი ქეთრინი ამინდის მბრძანებელი იყო...
  დარწმუნებული ვარ, თავისი ინსომნიის ღამეს გახსნილ პორტალშიც მზეს შეუშვებდა და მაღაზიაშიც ისეთ კლიმატს დატოვებდა, რომ მომდევნო ღამით შესულ ჯეიმსს თავი სახლში ეგონებოდა...
კედი
   როცა ამ სამი რჩეულის(ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი) მისია თუ უნარი აღმოვაჩინე, ძალიან დამწყდა გული, რომ დანარჩენი თანაინსომნიაკების ამოხსნას ვერ შევძლებდი. ზღვის შვილი თავის ნავში ცხოვრობდა, კედი და მარკი კი ჩემი მოგზაურობის დასრულების წინაღამით ჩამოვიდნენ. უკან დაბრუნებულმა მხოლოდ ის გავიგე, რომ მარკი ჩვენი სხვაკლიმატიანი ბუდის გარეთ დასახლდა, ხოლო კედი მაღაზიაში გადაღებულ ფოტოზე ისეთი სახით ვიხილე, რომ დარწმუნებული ვარ, მთელი ჯოჯოხეთის მაშხალებიც რომ გაცოცხლებულიყვნენ მისი ღამისთევისას, თავისი გრძელი თმებით დაახრჩობდა და ჭადრაკისებური კაბის ლაბირინთებში შეყრიდა.
   როცა ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოკრება დავამთავრე, გამხასენდა, რომ სახლში მარტო ოთხნი არ ვცხოვრობდით. ჩვენთან ცხოვრობდა კატაც, რომელიც არანაკლებ უცნაური და საინტერესო არსება იყო. ვფიქრობ, პირდაპირ პორტალიდან გადმოვიდა და დარჩა. სურვილისამებრ შეეძლო გაქრობა და სადაც არ ელოდი, იქ გაჩენაც. ყველგანაც იყო და არსადაც. თუმცა მისი შიში არავის გაგვჩენია, პირიქით- იდუმალი სიმშვიდე და შთაგონებაც მოჰქონდა. სრულ მარტოობაშიც შეიძლებოდა გაგეგონა მისი ხმა და გამხნევებულიყავი. ეს კარგად დავაფასე ჩემი ინსომნიის ღამეს.
მარკი
   ასეთი თავბრუდამხვევი მოგზაურობიდან ნაადრევად დაბრუნებული, ფეხმორთხმით ვიჯექი მატარებელში და ვიცოდი, უცნაური დამთხვევით რატომ იყო თავისუფალი სკამი მხოლოდ ჩემს გვერდით. მე მარტო არ ვიყავი,იქ მეწყო შთაბეჭდილებები სიტყვების მბრძანებელზე, ბევრჯერ დაბადებულ ჯეიმსზე, ამინდის გამრიგე ქეთრინზე, ტელეპორტ კატაზე, პორტალ-მაღაზიაზე, მის გამგებელ მეფე-დედოფაზე, სამეფოს მცველ თანამშრომლებზე და იმ უცნაურ ამბავზე, რომელიც დასაწერად ბავშვობის ხსოვნიდან ამოვქექე და უკვე წამოსვლისას გამახსენდა.
   ჰოდა დავფიქრდი... მე? მე რისთვის ამირჩიეს 7რჩეულს შორის?
   ალბათ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის დანახვა შემეძლო. ალბათ იმისთვის,, რომ ასე ბანალურად არ დამეწერა- “ ლიტერატურულ ფესტივალ “ინსომნია”2015ზე, სადაც 90 მდე ადამიანმა გააგზავნა თავისი ფობიოგრაფია, შვიდეულში მოვხვდით ადამიანები, რომელთაგანაც თითქმის ყველამ წინა წელსაც ვცადეთ მონაწილეობა. მიგვიწვიეს 1კვირით ბათუმში, რომ თითო ღამით სათითაოდ ჩავკეტილიყავით მაღაზიაში “წიგნები ბათუმში”, სადაც შევქმნიდით ჟანრულ მოთხრობას. ეს გადაიღო “იმედ”მა და ასევე გვქონდა რამდენიმე ინტერვიუც, სტანდარტული ბლა-ბლა-ბლა...” .” უცხო თვალისთვის ალბათ ასეც ჩანდა ყველაფერი.
   მე კი... ვიცი...
   ჩვენ კი...ვიცით...

   სინამდვილეში რა იყო...:)

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, July 2, 2015

hermano...

ასეთ წუთებში არც ფილოსოფიაა საჭირო, არც  დრამა და არც ლაპარაკი...
პოეზია ლაპარაკი არაა.
პოეზია ხან წამალია, ხან საწამლავი, ხან-ორივე ერთად.  
ჯერ ვერ გავიგე ეს ლექსი რომელია ამ სამიდან...



შენ ჩემი ბავშვობის სიზმარი ხარ,
თუმცა,ახდენა
მთელი 20 წლით დააგვიანე..
ან უკეთ-მე ვარ სიზმარი,
რომელსაც გზა აერია და სხვას დაესიზმრა.
შენს მაგიერ რომ დაისიზმრეს,
ზურგზე დაჰკიდეს ცოდვა-ტყუილი
და განტევების ვაცივით მშვიდად
გაუყენეს ყვითელ დიუნებს..
მან კი საპალნე ვერ იტვირთა,
ნელ-ნელა ნამდვილ სასჯელად იქცა.
ბოლოს კი კოშმარს დაემსგავსა...
შენ ჩემი ბავშვობის სიზმარი ხარ,
როგორც ქურდს ქუდი,
ისე ეწვოდა ქვეცნობიერად
ჩემს ბავშვობას შენი ბავშვობა,
ახლა კი, როცა შავ-თეთრ ფოტოზე
წლებგამომწყვდეულ შენს თვალებს ვუმზერ,
მეჩვენება-ძილი აკლიათ.
ძილი, რომელიც მე მუდამ მღლიდა
ძილი, რომლიც ჩემზე მეტად
შენ გჭირდებოდა.
შენ ჩემი ბავშვობის სიზმარი ხარ,
დღეს ჩემი ყოფაც
ქვეცნობიერის ფანტაზიაა,
ვერც დასაწყისს რომ ვერ გაუგებ და
არც დასასრულს რომ არ უჩანს პირი,
თითქოს არაფერს რომ არ ნიშნავს
და რომ ვერაფრით დაიმახსოვრებ.
არ ჰგავს მძინარე მზეთუნახავის
ამბავს,
უფრო- პაროდიას ჰგავს...
. . . . . . . . . . . .
ნეტავ საერთოდ რა შუაში ვარ,
ამ სიზმარეულ 28 წელთან,
თუ ორ ფოტოზე ორი ბავშვია
ცალ-ცალკე,
თუ არ არიან ერთად,
იქნებ, არც უნდა შობილიყო ქვეყნად
მეორე...?
...სჯობს, აქ გავჩერდე...
. . . . . . . . . . . . . . . .
და რომ გიპოვე,
სულ არ შეცვლილა
ცაზე არცერთი ვარსკვლავის ფერი,
არცერთი წვეთის სიმლაშე ზღვაში
და არც ნამცეცი მიწის მტვერში.
ჩემს სულშიც ისევ დიუნებია,
სხეულშიც ისევ მოძრაობს სისხლი,
მარტო ერთია-
შენ ამიხდი და...
შენ ამიხდი და...
მე გავიღვიძე..
........
შენ ჩემი ბავშვობის სიზმარი ხარ,
შენ ასრულება დააგვიანე,
მაგრამ გპატიობ, თუ შენც შემინდობ,
რომ უნებლიე ქურდი ვიყავი.
და თუმცა, წლები დროის მდინარის
ფსკერზე ჩამხრჩვალი ქვებია რიყის...
მე მაინც ვიცი, შენ მე მელი და
მე მაინც გიწვდი,
მოდი,
წაიღე,
დაიბრუნე შენი ბავშვობა!
ყოველთვის ვგრძნობდი,
ჩემი არ იყო..

/ნინო ჭინჭარაული/

Wednesday, June 17, 2015

სამშობლო დამიბრუნდა,მაგრამ რის ფასად..

მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. პირდაპირ ვაკოპირებ ერთი ამოსუნთქვით დაწერილ სტატუსს თავისი გრამატიკული შეცდომებით. 

ერთმანეთისადმი ამხელა უსიტყვო სიყვარული და თანადგომა აქამდე რომ მეგრძნო ჩემს ქალაქში, არასოდეს ვიფიქრებდი აქედან წასვლაზე. ჯერ კიდევ სულ რაღაც 4დღის წინ ამდენი უსამართლობით დაღლილს უსამშობლოობის განცდა მტანჯავდა და ერთი იმედითღა ვიყავი, ყველა საშუალებით მომეხერხებინა ჩემს ოჯახთან ერთად აქედან რაც შეიძლება შორს წასვლა. არ მინდოდა რომ ჩემი შვილები იმ ქვეყანაში გაზრდილიყვნენ, რომელსაც თავისი მოქალაქეები არ სჭირდებოდა. იმასაც კარგად ვაანალიზებდი, რომ ვერცერთ უცხო ქვეყანაში ვერვიგრძნობდი თავს ისე, როგორც სახლში. უკვე წლებია, რაც უსამშობლოობის, უსახლობის განცდა მაწვალებს...გრძნობა, რომ ჩემი ადგილი არსად არ არის...
ოთხი დღეა,რაც ყველაფერი თადაყირა ამობრუნდა ჩემში. 14 ივნისს გახარებული ველოდებოდი,რადგან ამ დღეს უნდა გამართულიყო ჩემი აუდიოკრებულის "არ მინდა სახლი"-ს პრეზენტაცია(სახელიც ზუსტად ამ უსამშობლობის საშინელი განცდის ანარეკლია), მაგრამ ეს დღე ისეთი კოშმარით გათენდა, აუდიოკრებულიც ბოდიში და სულ ფეხებზე მეკიდა და სამყაროში სხვა ყველაფერი, რაც არ იყო კავშირში ამ ტრაგედიასთან.

ადამიანი იცით რატომაა არანორმალური არსება? სანამ დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დგება, მანამდე ვერ გრძნობს,როგორ უყვარს. ამ რამდენიმე დღემ და განსაკუთრებით გუშინ, მზიურში გატარებულმა რამდენიმე საათმა სახლში დაბრუნებული უსიტყვოდ, ცხარე ცრემლებით მაღრიალა. განა რა შეიძლება ადამიანს ასეთი კოშმარის დროს გაგიხარდეს, მაგრამ მიხაროდა,
მიხაროდა რომ ჩემი უცნობი თანატოლები ერთად ისე ვმუშაობდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები,ახლობლები ვიყავით,
მიხაროდა, რომ არავის ეცალა ერთმანეთზე საჭორაოდ ან განსაკითხად,
მიხაროდა, რომ არავის ეცალა სალანძღავად და საჩხუბრად,
მიხაროდა რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, წყალს,საჭმელს აწოდებდა, "დაისვენე,ეხლა მე ვიმუშავებო"-ეუბნებოდა..
ყველაფრის გადმოცემას ვერც ვახერხებ.
მიხაროდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ძლივს ვიგრძენი რომ სახლში ვარ...და ეს ქვეყანა უცხო აღარ არის ჩემთვის...
და ამ ყველაფრისთვის ნუთუ ამხელა მსხვერპლი იყო საჭირო, აი ეს, ეს, ეს ვერ შემიგნია ერთადერთი. ამდენი ადამიანის სიკვდილი... იმ ადგილას, სადაც გუშინ ვმუშაობდით, სუნიც იდგა,ისეთი საშინელი, რომ პირბადეც კი ავიფარე, მაგრამ არ შველიდა. მერე გოგოები სხვაგან გადავედით და ბიჭებმა იმ ადგილას მიწის ამოთხრა დაიწყეს და სახლში მოსულმა გავიგე, რომ ცხედარი უპოვიათ.... ყველა ნერვს ყელში ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ, ამიტომ ვჯღაპნი ამდენს და გაუაზრებლად.
მგონია, რომ სამშობლო დამიბრუნდა(თუ მე დავუბრუნდი) მაგრამ რის ფასად..

ნ.ჭ.
17/06/15



Tuesday, January 27, 2015

ექსპედიცია წარსულში:)

დღეს უკვე ისე შორეულად მეჩვენება ყველაფერი, გეგონება ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არადა სულ რაღაც რამდენიმე თვე გავიდა. ჩვენი, საინიციატივო ჯგუფ სანეს წევრი გოგოების მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში(ხევსურეთი, კახეთი,ხევი) იქ შემორჩენილი უძვირფასესი ხევსურული, ხელით ნაქარგი სამოსელის აღმოსაჩენად და ტრადიციური ქსოვილის-ტოლის დასამზადებელი ტექნიკის აღსადგენად.

(დიდი მადლობა გადავუხადოთ პროექტის "ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად" ხელმძღვანელს ქალბატონ ნუნუკა მღებრიშვილს,რომლის დამსახურებითაც შედგა ეს პროექტი და ქალბატონ ელისო არაბულს, რომელიც ხევსურული ნაქარგობის და ქსოვის უბადლო მცოდნეა და იქცა ჩვენს მასწავლებლად)



შეიძლება ვთქვათ, რომ ხევსურული ,ჯვრული ქარგვა ბევრმა იცის, მაგრამ არა ფერთა ტრადიციული შეხამება. ამის დასტურია სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებში თუ არტ-სახელოსნოებში გამოფენილი, თანამედროვე ე.წ-ხევსურული ტალავარი, ნაქარგი ჩანთები, ქუდები,სამაჯურები და აშ... რომელსაც იმდენივე საერთო აქვს ხევსურეთთან, რამდენიც უბრალო, გახამებულ ნაჭერზე საღებავით მიხატულ ორნამენტიან კაბებს, რომლებიც ძირითადად ქართული ცეკვის ანსამბლებს აცვიათ.. ასეთი მეცვა მეც  ოდესღაც...საკონცერტოდ :)
ამას ვეძახი-ნაჯღაბნს:)
მოკლედ, ნათქვამს თვალით ნანახი სჯობს და მეც პირდაპირ ფოტოებს ვაქვეყნებ.
პირველი ექსპედიცია- სოფლები გომბორი და ვერონა, სადაც ნამდვილი ხელით შექმნილი სასწაულები დაგვხვდა:)

ესეც ჩვენ, გამოწყობილები:))
ბებო,რომელიც გვიხსნის ტოლის ქსოვის ტექნიკას
ცოცხალი სილამაზე

ნინო ჭინჭარაული.
/27/01/15



Monday, December 1, 2014

"არაგვიანი"ს ახალი პროექტი- “ხმითნაწერები”





   სტუდია "არაგვიანი" ქართველ პოეტებს და პოეზიის მოყვარულებს დიდ სიურპრიზს უმზადებს. მე მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ეს არის საქართველოში ალბათ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ავტორებზე ზრუნავს და მათი უფლებების სრული დაცვით აკეთებს საქმეს. კონკრეტულად კი ვაკოპირებ ტექსტს გვერდიდან.


"დეტალებს ამ ეტაპზე არ გავამხელთ. უახლოეს მომავალში დაწვრილებით გაცნობებთ ყველაფერს ჩვენს ვებ გვერდზე http://aragviani.com და ჩვენს ფეისბუკ-გვერდზეhttps://www.facebook.com/AraGviani.Records/
ერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ: ჩვენ არ ვაპირებთ გამდიდრებას ხელოვანი ხალხის ხარჯზე. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ შევქმნათ სისტემა, რომელიც შემოსავლიანად აქცევს ჩვენს და თქვენს საქმიანობას.



ჩვენ შეგვიძლია შემოვუნახოთ შთამომავლობას ის, რაც აწმყოში იქმნება…
… დავანგრიოთ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დაფასების სტერეოტიპი!..
… ჩვენ აწმყოშივე დავაფასებთ და შთამომავლობას შემოვუნახავთ 21-ე საუკუნის ქართველი პოეტების ხმითნაწერებს…
… გზავნილი შთამომავლობას – ავტორის ხმით ნაწერი პოეზიის უწყვეტი მრავალტომეული – სულიდან სულში, ცნობიერიდან ცნობიერში, ქვეცნობიერიდან ქვეცნობიერში, აწმყოდან მომავალში…
… პროექტზე “ხმითნაწერები” მუშაობა 2014 წლის მაისის ბოლოს დავიწყეთ.  რამდენიმე ტომი მზადაა.
მუდმივად გამოცემადი მრავალტომეული…
…თქვენს აუდიოთეკაში… ძალიან მალე! …
დამატებით ინფორმაციას დაწვრილებით შეიტყობთ პირველი ტომის წარდგინების ანონსში ჩვენსავე ვებ გვერდზე.
17 ოქტომბერი, 2014 წელი.



19 ოქტომბერი, 2014 წელი."

Monday, November 10, 2014

***

შენ ყველა ბომონი დააამსხვრიე,
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინად,
შავად შეღებილი თვალებიდან
(მათ ჯერ არ ეთქმოდათ-უხალისო)
წლები წამწამებზე დაგეკიდა.
მერე კი ლოყებზე უხარისხო
ტუშმა და ფანქარმა იწვიმა...
დღეს მშრალად აცილებ შემოდგომას,
ვერც მისი სხივებით გამთბარი.
არ გხიბლავს სურნელი,
არც ფერები,
ისე გძულს ზაფხულის დაბერება...
გძულს და მაინც ნატრობ, წელს ოღონდაც
დროულად მოვიდეს ზამთარი.
ყველა ოცნება და ყველა ცოდვა
ბეჭებზე ნაწნავივით გკიდია,
რამდენმა გულითაც შეგიცოდა,
სხვა არამკითხემ კი დაგარიგა,
რომ შენთვის ეგ ტვირთი ალბათ ცოტა
მძიმეა,
ნაადრევად დიდია...
შენ კი არ ჩაგესმის არაფერი,
მაშინაც, თუ თვალებს სდის წვიმა.
და რაც სხვას ჰგონია განაჩენი,
შენთვის სიცოცხლეზე ძვირფასია,
შენ თვალი სიმართლეს მიაჩვიე...
შენ ყველა სიცრუეს მოერიე,
შენ ყველა ბომონი დაამსხვრიე
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინად...
/ნინო ჭინჭარ-აული/
/18/10/14/

Saturday, August 23, 2014

ჩემი იატაკქვეშეთი



  მე არ განვიხილავ ამ ნაწარმოებს. უბრალოდ, ყველას, ვინც მას წაიკითხავს, მოვუწოდებ- დაწერონ საკუთარი იატაკქვეშეთის შესახებ. ვნახოთ, ვის რა დონეზე შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელები.
აქ კი ჩემს იატაკქვეშეთს ვთავაზობ ჩემი ბლოგის მკითხველს.

დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები”ს კითხვისას გამიჩნდა სურვილი დამეწერა “ჩემი იატაკქვეშეთი”. ამაზე ხმამაღლა საუბარი პირველ რიგში მე თვითონ მჭირდებოდა და საერთოდაც, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა დაწეროს საკუთარი ბნელი მხარეების შესახებ.

ეს არ არის დღიური, არც-აღსარება, ეს სურვილია-სათქმელი საჯაროდ თქვა ყოველგვარი რითმის, სიუჟეტის და გამოგონილი პერსონაჟების გარეშე. ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობ - უ ბ რ ა ლ ო დ დ ა ვ ი ღ ა ლ ე... და ალბათ სწორედ ეს დაღლა გეხმარება, საკუთარი აზრებიდან მთავარი სათქმელი გამოათავისუფლო. დავიღალე... მაგრამ არა ცხოვრებით, იმიტომ რომ 26 წლის ვარ. არც-ყოველდღიურობით, იმიტომ რომ ყოველი დღე ახალი საფიქრალის მომტანია. მე დავიქანცე იმით, რომ ჩემი გარეგნობა არ შეეფერება ჩემს პიროვნებას და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, ყოველთვის აღმიქვამს იმად, რაც არ ვარ.

არც თავმდაბლობაა ჩემს სიტყვებში და არც ამპარტავნება, ეს არის სიმართლე, რომ ჩემი გარეგნული სახე, რაც ღმერთმა მომცა, ყოველთვის ცუდ სამსახურს მიწევდა. ერთი,რომ- უფრო პატარა ასაკისას ვგავარ, ვიდრე ვარ და მეორეც- ბევრად უფრო რბილ და მარტივ ადამიანად გამოვიყურები, ვიდრე რეალურად უნდა ვიყო. “ საყვარელი” – აი ის საშინელი ეპითეტი, რომლითაც ყველაზე ხშირად მამკობენ და ჩემში იწვევენ სიძულვილამდე მისულ რისხვას. მიზეზი? ძალიან მარტივია, მე ა რ ვ ა რ ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი!

მე ვარ უხასიათო, უჟმური და სასოწარკვეთილი პესიმისტი. საკუთარ თავსაც კი ვაღიზიანებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს თვითონ ანგრევს და არც მეგობრების შესაძენად იკლავს თავს. ანუ, არც მოყვარეს ვეძებ და საკუთარი თავის პირველი მტერიც მე ვარ. რატომ ვამბობ ამას ხმამაღლა? იმიტომ რომ დავიღალე. დამღალა საკუთარ თავზე სხვისი მოხაზული პორტრეტების მორგებამ (თუნდაც ეს პორტრეტები ძალიან ლამაზები და შთამბეჭდავები იყვნენ). მომბეზრდა დაუმსახურებელი გვირგვინების დანახვა და მირჩევნია წინასწარ მე თვითონვე ვაჯახო ყველას ჩემი უარყოფითი მხარეები, ვიდრე არარსებული მითები შექმნან და მერე მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ თურმე არც ისე სრულყოფილი ვყოფილვარ.

არა! მე არ ვარ თბილი და რბილი. მე შემიძლია ადამიანებს ისე უხეშად მოვექცე, რომ მერე სინდისმა მიწასთან გამასწოროს. მე ვარ საშინლად მომთხოვნი საყვარელი ადამიანების მიმართ და შემიძლია ისინი ჩემდამი უყურადღებობის გამო მარტივად დავკარგო და ჩუმად დავიტანჯო. მე ვარ საშინლად უკმეხი, რასაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი დაგიდასტურებთ. ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გაბრაზებისას ემოციებისგან მთლიანად დაცლა, რადგან არ შემიძლია გულში სათქმელის დატოვება. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც სისხლის დანახვა აძრწუნებს. ვისაც 12წლიდან დამამშვიდებლების მიღება სჭირდება, მას არც თავმდასხმელზე ხელის აღმართვა უჭირს, ჰოდა მეც შიშის და მრისხანებისას დამიღვრია საკუთარიც და სხვისი სისხლიც. შრამები დღესაც მახსენებენ იმ საშინელ წუთებს. მე არ ვარ ნაზი და სათუთი, როგორც ჩემი სხეული გამოიყურება. მე ვარ ის, ვისაც ხშირად უცდია სულიერი ტკივილის ფიზიკურით გადაფარვა. ვარ ის, ვისაც ბევრჯერ დაუსერავს ვენები და სიამოვნებაც უგრძვნია. ღმერთმა დამიფაროს, ამით ვამაყობდე, ეს ჩემი ტკივილია... სასოწარკვეთით მოგვრილი ტკივილი, როცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და უბრალოდ არ იცი რა გააკეთო.

მე არ ვარ მორცხვი ადამიანი, მაგრამ არც ისეთი ამპარტავანი ვარ, ეს ღირსებად მიმაჩნდეს. ჩემი აუტანელი ბავშვური სახე რატომღაც ყოველთვის მორიდებას გამოხატავს, მაშინაც კი, როცა საერთოდ ფეხებზე მკიდია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. ნაძალადევი ღიმილი... ეს ღიმილია ჩემთვის ადამიანების თავიდან მოსაშორებელი საშუალება ან ალტერნატივა - გავჩუმდე მაშინ, როცა მოსაუბრისთვის რაღაც საზიზღრობის თქმა მსურს. მარტივად რომ ავხსნა, მაშინ როცა ჩემს წინ არაადეკვატური, ან უბრალოდ კმაყოფილი უნახავი დგას და გარეგნობით მაფასებს, იმის მაგიერ, რომ ვთქვა “გული მერევა”, გულისამრევად ვიღიმი და ამას რატომღაც მორიდებაში მითვლიან.

მე არ ვარ ის, ვინც კონფლიქტებს ერიდება, არც ბილწსიტყვაობაა ჩემთვის უცხო ხილი. განა არ მეშინია კონფლიქტების? ძალიანაც მეშინია, მაგრამ ასეთი უკუღმართი ბუნება მაქვს-მირჩევნია იყოს კონფლიქტი და თუნდაც ამან შინაგანად გამანადგუროს, ვიდრე რაიმე გაურკვეველი დარჩეს და უთქმელმა სათქმელმა, ან ეჭვებმა შემჭამონ. სხვათაშორის, ამ უკუღმართობას ჩემს ღირსებად ვთვლი. მე ვარ ადამიანი, ვინც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არა იმიტომ, რომ ძალიან გამბედავი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მირჩევნია მოსამდურებელი თავიდანვე მოვიმდურო და დასაკარგი დროზე დავკარგო. ასე უფრო ნაკლებად მწყდება გულიც და დროც აღარ იკარგება იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც ადრე თუ გვიან მაინც “დავეტაკები". და უცნაურიც არაა, რომ მხოლოდ ის ადამიანები მოდიან ჩემს გულთან ახლოს, ვინც სიმართლის თქმას პირში მიბედავენ. მტკივა თუ არა მწარე სიმართლის მოსმენისას გული? რათქმაუნდა მტკივა, მაგრამ თუ ამას სიყვარული ახლავს თან, ეს პირიქით-მზრდის მეც და იმ ადამიანებსაც ჩემს თვალში.

მარტო მათი შეყვარება ღირს, ვინც სიმართლეს გეტყვის...

ჩემი ლექსები... და ჩემი მოთხრობები! როგორი ცოცხლები და ჩემნაირები არიან და როგორ მძულს მათი ზერელედ შეფასება! “რა თბილია, ტკბილია, საყვარელია...” არა! არა! და არა! მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლექსები არც ტკბილია და არც ბანალურად ქალურად სენტიმენტალური! ესაა ნერვოზული პოეზია, ხშირად ძალიან უხეში ნათქვამიც. ერთადერთი მეგობარი ბიჭი პოეტისგან მახსოვს მათი ზუსტი შეფასება, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგე: -“შენი ლექსების წაკითხვისას ვერ მიხვდები, რომ ის ქალის დაწერილია”. და თუმცა მე არ ვიზიარებ იმ გონებაჩლუნგურ და სექსისტურ აზრს, რომ პოეტი სქესის მიხედვით უნდა შეაფასო( და არსებობენ დაკომპლექსებული ადამიანებიც, რომლებიც შეგნებულად არ კითხულობენ მდედრობითი სქესის პოეტების დაწერილ ლექსებს), მაინც ვეთანხმები ჩემი მეგობრის ხედვას, რომელმაც ალბათ პირველმა შეამჩნია ლექსებში ჩემი სულის სიხისტე და მოუქნელობა, ის უხეშობა და სიტლანქე, რომელიც შეიძლება უფრო მომხიბლავს არ მხდის, მაგრამ მაქცევს იმად, რაც ვარ. ეს ყველაზე კარგადაა გამოხატული ჩემს ლექსებში “სიგიჟე”, “ლექსი რომელიც მძულს” და “ჯარისკაცი და კაცისმკვლელი”. ამ უკანასკნელს ალბათ არასოდეს გამოვაქვეყნებ, რადგანაც მე თვითონ მზარავს მასში გაშიშვლებული საკუთარი სული და არც სურვილი მაქვს, წლების შემდეგ საკუთარი ნათქვამი წინ დამხვდეს.

ის სხვა საქმეა, თუ როგორი ფორმით და რამდენად ოსტატურად ვახერხებ სათქმელის ფურცელზე გადმოტანას. რა სუსტებიც არ უნდა იყვნენ ჩემი ლექსები, მათ ერთობლიობაში ერთგვარი სისტემური მთლიანობა გააჩნიათ. მარტივად რომ ვთქვა- ადვილად მიხვდები, რომ ერთიდაიგივე არეული გონების ნააზრევია. თუ ამას სტილი ჰქვია, ჩემი სტილიც ეს არის, თუმცა ვაღიარებ, ფორმაზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ. ის კი ვიცი, როგორ მინდა ვწერო და იმედიც მაქვს, დრო და გამოცდილება მომიტანს ყველაფერს.

ჰო... მე ვარ ის ადამიანიც, ვინც ცუდი თვალით უყურებდა ვერლიბრს, სანამ თვითონ არ დაიწყო მათი აქტიურად წერა. წლების წინაც მქონდა რამდენიმე ურითმო ლექსი დაწერილი, მაგრამ მათი გამოქვეყნების მრცხვენოდა. არც ახლა მაქვს პასუხი, რატომ...

რაც შეეხება მოთხრობებს, ისინი ლექსებივით დაუკითხავად არ მოდიან და არც მაწვალებენ. პროზა არის ის, რაშიც მინდა სერიოზულად ვიმუშაო და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად ვაქციო. ჩემი ორი მინი-რომანი, რამდენიმე მოთხრობა და ნოველა ჯამია იმ საინტერესო და უფრო მეტად-მძიმე, ტკივილიანი ამბებისა, რაც მე და ჩემს გარშემომყოფებს თავს გადაგვხდენია. იმ ყველაფრის, რასაც ჩემს სულზე კვალი დაუტოვებია. ჩემთვის პროზაული ნაწარმოებების წერა იმიტომ არის საჭირო, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებს, საყოველთაო გავხადო და ნაწილობრივ მაინც მოვიშორო თავიდან, ანუ ტვირთი გადავანაწილო. აი ასეთი ეგოისტური მიზეზით ვწერ მოთხრობებს! ამით თავიდან ვიშორებ ყველა ცუდ მოგონებას, ძირითადად კი ბავშვობისას. არავინ იცის რატომ, მაგრამ ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში ისეთი რაღაცეებიც გადაუტანია, რის გამოც უბრალოდ სული დამახინჯებია, ან ადამიანებისადმი ნდობა დაუკარგავს. შეიძლება სიცოცხლეში ვერც მივიღოთ პასუხი ღვთისგან კითხვაზე-“რატომ”, მაგრამ შეგვიძლია ეს ტკივილი შთაგონების წყაროდ ვაქციოთ, გამოგონილ პერსონაჟებს ვაჩუქოთ და მათი საშუალებით მკითხველებს გავუნაწილოთ.

აი ასე... ესაა ის მინიმუმი, რაც ვიცი საკუთარი თავის შესახებ და რისი თქმაც მსურს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. იქნებ ხვალ ვკვდები და არ მინდა ჩემგან ვიღაცის შეთითხნილი არარსებული პორტრეტი დარჩეს. ამას სჯობს, საერთოდ არასოდეს არავინ გამიხსენოს. მოკლედ და კონკრეტულად კი სათქმელი ერთია-მე არ ვარ მარტივად ჩემი გარეგნობის ანალოგი. თანაბრად ვატარებ საკუთარ თავში დაძაბულ ნერვებს, ქაოსს, გულისგამაწყალებელ მაქსიმალიზმს და იდეალიზმს და სხვა ათას ჩემთვისაც ჯერ კიდევ უცნობ ჯურღმულებსა თუ დემონ-ანგელოზებს, რომლებიც ასაკის მატებასთან და ცხოვრების გართულებასთან ერთად ნელ-ნელა იჩენენ თავს. სამწუხაროა, რომ წლებთან ერთად რაც უფრო იზრდება გარშემო ნაცნობების რაოდენობა, მით უფრო მცირდება მათი რიცხვი, ვინც რეალურად გვიცნობს.

ჰოდა, ნურავინ, ნურავინ იტყვის რომ ვუყვარვარ, ან მაფასებს, თუ ამ ჩემს სიბნელეებს არ იცნობს.

/8/23/14/ ნინო ჭინჭარაული.

Saturday, July 12, 2014

მეზობელ პასტორს


"მოწევა სიკვდილს იწვევსო", პადრე!
ასე გამოდის, თავს იკლავთ თურმე,
თვითმკვლელობა ხომ ცოდვაა დიდი.
თქვენ როკ-ენ-როლი გიყვარდათ ადრე,
ბანქოს თამაშით ართობდით სტუმრებს
და ზღვის ჰავასაც სათქვენოდ თვლიდით.
ახლა კი მთიან ქალაქში ცხოვრობთ
და ხმადაბალზე უსმენთ მონტსერატ
კაბალიეს და – ოპერა მხოლოდ –
სხვისი არაფრის არ გსურთ მოსმენა.
ვეება მთვარის კაშკაშა შუქი,
ჩრდილს რომ გადახრის გვერდზე, მონასტრის,
ვერვინ გიბედავთ ლაპარაკს, თუკი
პარტიას უსმენთ დეზდემონასი.
გიყვართ ჭადრაკი, დროს კლავთ თამაშით.
ალბათ თქვენც გიკვირთ თქვენივე ხვედრის,
ვინ დაამსგავსა ასე ლამანჩელს
შუბმომართული ფიგურა მხედრის.
ბოდიში! ვიცი, ზედმეტი გკადრეთ
(თქვენ კი ეწევით, მკაცრი და მშვიდი),
"ფუმარ პუედე მატარ"-ო, პადრე!
თვითმკვლელობა კი, ცოდვაა დიდი.
/სოსო მეშველიანი/

Monday, July 7, 2014

***


უფალო,
იქნებ, შენც აქვე,
ჩემს გვერდით ხარ ჩამომჯდარი ახლა
და მიყურებ,
როგორ მიჩქარდება გულისცემა,
იტალიური ეზოს კარის ყოველ გაღებაზე,
როცა იქიდან ვინმე გამოდის.
აგერ უკვე,
ოც წუთზე მეტია,
რაც ამ კიბის საფეხურზე ვზივარ
და ჩემს პატარა გოგონას ველოდები...
...
იქნებ,
შენც ზუსტად ასე,
სულმოუთქმელად გვიცდი ხოლმე
და ძალიან,
ძალიან გწყდება გული,
თუ შენთან არ მოვდივართ.

/ნიკა ჩერქეზიშვილი/

***

თუ აედევნები პოეტს,
ნუ გაიმეტებ ზურგში
სასროლად,
იქნებ რა უდევს გულში?...
ადროვე,
მივიდეს ბინაში,
ამოიღოს გულიდან
გაყინული სისხლი...
შენ ამასობაში დაელოდე
სადარბაზოსთან
და როცა ჩამოვა,
ნურც შემდეგ მოეპყრობი
უდიერად..
მშვიდად მიადე გულზე იარაღი
და კითხე:
„მზად ხარ სიკვდილისთვის?“
ის გიპასუხებს:
„მე,
ყოველთვის მზად ვარ
სიკვდილისთვის...“

/ირაკლი ბერია/

Monday, June 30, 2014

"ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად"


ყველა ხევსურ ახალგაზრდას მივმართავ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ტექსტი და მსურველები გამოგვეხმაუროთ.

საინიციატივო "ჯგუფი სანეს" წევრმა ხევსურმა გოგოებმა დავიწყეთ შემდეგი პროექტის განხორციელება "ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად".დღეისათვის ხევსურეთში შემორჩენილია მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი (ქალი) რომელმაც იცის ტალავარის ქსოვა და ქარგვა. თითოეული მათგანის დაკარგვა ნიშნავს მთელი იმ ცოდნის დაკარგვას, რაც მათ გააჩნიათ. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ვეღარ მოხდეს ამ ტრადიციის აღდგენა და იგი სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდეს.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ხევსურებისათვის ქსოვისა და კერვის უფასოდ შესწავლით (ქსოვილის-„ტოლის“ დამზადების, ხევსურული ტალავრის შეკერვისა და დაქარგვის ხელოვნება“,) უძველესი ტრადიციის გადარჩენა-შენარჩუნება.
ჩემო ხევსურის ქალებო, ჩვენ ერთგვარი ვალდებულება გვაკისრია ჩვენი კულტურის და ტრადიციების გადარჩენაში პატარა წვლილი შევიტანოთ. ამიტომ მოგმართვათ თუ სურვილი გექნებათ ერთად შევისწავლოთ და აღვადგინოთ ჩვენი ტალავრის(რომელიც ნამდვილად საჭიროებს გადარჩენას) ქსოვის და კერვის ძველი ტრადიციები.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ

Wednesday, June 18, 2014

ვცდილობ მივეჩვიო ("დიეტა")



მიჩვევას ვცდილობ, ვცდილობ მივეჩვიო
აზრს, რომ შეიძლება აღარ იკვებო და მაინც იცოცხლო.
ბოლომდე მოიშორო ყველა ილუზია,
არავის არაფერი აიძულო.

აღარ იკვებო იმედებით,
ძველი მეგობრებით,
არავის სთხოვო ღიმილის ნაგლეჯი,სითბოს ნარჩენები,
არ გამოწიწკნო კბილიდან შეხვედრა,
არ თხოვო მოგისმინონ.

მიჩვევას ვცდილობ,ვცდილობ მივეჩვიო,
რომ უნდა დავთმო ნანატრი საკვებიც-
გაზიარება სხვისი ტკივილის და სიხარულის...
რადგან მარტოოდენ დუმილის სიმძიმეს იზიარებ,
როცა მარტო ხარ.

მაგრამ,მე სულ მთლად მარტოც არ ვარ,ჩემი სიჩუმე
სავსეა ათასი მტანჯველი აზრით.
სხვაც ბევრი მრჩება-
ლექსები და მოკლე სიზმრები,
ყველაფერს დუმილის დაღი აზის.
ჰოდა მეც ვცდილობ მივეჩვიო
ამ ჩემს ერთადერთ საკვებს-სიჩუმეს.

მიჩვევას ვცდილობ,ვცდილობ მივეჩვიო
აზრს, რომ ცხოვრება ასეთია
ან უნდა გახდე მათხოვარი,
ან უნდა იყო დიეტაზე...
მაგრამ უფალო, მოწყალების
თხოვნაზე უფრო შემზარავია
იდგე და სიყვარულს მათხოვრობდე.
ამიტომ ვირჩევ უკანასკნელს
ვარ დიეტაზე.
ისე სუქდება და იბერება
სული მტკივნეული სიცარიელით,
რომ მალე სხეულიც ვერ დაიტევს
და გაყრას მოსთხოვს.

ჰოდა, ამიტომ ვცდილობ მივეჩიო
აზრს, რომ შეიძლება აღარ იკვებო და მაინც იცოცხლო.
ბოლომდე მოიშორო ყველა ილუზია,
არავის არაფერი აიძულო.
მხოლოდ ჯიუტად საკუთარ თავს-
აღარ მოშივდეს!...


/09/06/14

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, June 15, 2014

***

ზოგჯერ ადამიანს შორიდან უმზერ და
გრძნობ, რომ ცხოვრებამ ორივე თქვენგანს
დააკარგინა ერთი მეგობარი,
ერთი მახლობელი,
ერთი მსგავსი სული...
ორივე სხვადასხვა გზებით ატარა,
ან უდროო დროს შეახვედრა.

/ნინო ჭინჭარაული/