Sunday, August 2, 2015

სინამდვილეში რა მოხდა "ინსომნია"2015-ზე


(ყველაზე რეალური ფენტეზი)


   ეს ჩემი ყველაზე სუბიექტური და ემოციური პოსტია, ამიტომაც არ მსურს, მშრალი ქრონიკის, ან თუნდაც დღიურის ჩანაწერების სახით შემოვინახო და ამიტომაც, ნაწერს სწორედ იმ ჟანრის მოთხრობის სახე ექნება, როგორიც 27 ივლისს, ინსომნიის პირველ ღამეს, ნახევრად ჩაბნელებულ წიგნის მაღაზიაში ჩაკეტილმა დავწერე.
  
    ყველაფერი ღამის ბათუმში არ დაწყებულა, გაცილებით უფრო ადრე, ჯოჯოხეთის ქვაბივით მოთუხთუხე, ადუღებულ თბილისში დაიწყო, როცა უნებურად შევნიშნე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი თანაინსომნიაკი თინა და მე მთელი გზის განმავლობაში უცნაურ ღრუბელში ვიყავით გახვეულები. ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევდა ამ საოცარ, ეთეროვან სივრცეს, რომელიც ჩემდაგასაოცრად ორთავეს პირიდან ამოგვდიოდა და გარშემოშემორტყმულ სფეროში გვაქცევდა. ისედაც ჩახუთული ჰაერი შესქელებული იყო. ერთხელ, როცა საუბარი შევწყვიტეთ, შევამჩნიე, რომ ღრუბელმა ნელ-ნელა დაიწყო ქრობა,სანამ მისგან მხოლოდ ფრაზები, სინონიმები, იდიომები არ დარჩა და როცა ის მანქანიდან ჩავიდა, მთელი ჰაერში მოლივლივე წინადადებების გუნდი ერთგულად თან ჩაჰყვა და მე მივხვდი, რატომ გახდა ჩემი თანამგზავრი ამ მისტიური ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული.
   თინა მანია სიტყვების მბრძანებელი იყო და ვინც მის სულში ჩახედვას გაბედავდა, უკურნებელი სენი-“თინამანია” ემართებოდა.
   მეც ქალაქში უკვე ინფიცირებული ჩამოვედი.
თინა მანია
  
* * *
    ბათუმი ზღვისპირა, ლამაზი ქალაქია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი საიდუმლო, რომელსაც ახლა გავამხელ. ათასობით მიმობნეულ ლამაზ, მოციმციმე რესტორნებს, სასტუმროებსა თუ სახლებს შორის არის პორტალი პარალელურ სამყაროში, რომელიც შენიღბულია შუშებითა და ხის თაროებით, თაროებზე მობინადრე ელვარე წიგნებით, ქარის მუსიკით, უზარმაზარი სიზმარმჭერით და მასში ფეხისშედგმისთანავე კედელზე გხვდებიან მოცეკვავე კაცუნები, რომლებიც ამბობენ “welcome to books in batumi”.
პორტალის დედოფალი მარი
     არ დაიჯეროთ... არ დაიჯეროთ... ეს ყველაფერი მხოლოდ შირმაა, რომელიც გამოიგონეს ამ სამყაროს, ამ იდუმალი სახელმწიფოს გამგებელმა მეფე-დედოფალმა მარიმ და ირაკლიმ. ეს იდუმალი არსებები, რომელთაც ღამ-ღამობით ოდნავ შესამჩნევი ნათება დაჰყვებოდათ, თავად იყვნენ იმ პარალელური სამყაროს წარმომადგენლები, რომლის არსებობასაც ასე გულმოდგინედ მალავდნენ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 7 რჩეულ ადამიანს აძლევდნენ მათი ხილვის საშუალებას. არ ვიცი სხვებმა რა იხილეს, მე კი...ღმერთო საიდან დავიწყო...
   ინსომნიის პირველ ღამეს, როცა ყოველგვარი ვიდეოკამერები, ფოტოაპარატები და ადამიანები გაქრნენ წიგნის მაღაზიიდან და კარის ძირში გასაღებმა გაიჩხაკუნა, პირველად ვიგრძენი, რომ სრულ მარტოობაში დავრჩი.
ჩაკეტილი მე
   შიშს არ შევუბორკივარ, ჯერ ინტერესით დავუარე კედლებს, ავამღერე ქარის მუსიკა, ხელი შევავლე დრიმქეჩერის ბუმბულებს და ვთხოვე, ჩემი ძილი და სიზმრები თან წაეღო. შემდეგ მოვიკალათე საქანაო სკამზე და ლეპტოპის მაგიერ თაბახებზე დავიწყე კალმით წერა. მალევე გავაცნობიერე, რომ სკამის რწევა აზრების მოკრებაშიც მეხმარებოდა.
   სამი თაბახის შევსების შემდეგ ყავის დასალევად სამზარეულოში გავედი. სწორედ მაშინ დამთავრდა ჩემი მშვიდი ყოფა.
   ჭიქის გარეცხვის შემდეგ, გამოსვლა დავაპირე თუ არა, წკაპუნის ხმა გავიგონე. გავშეშდი და მივაყურადე. ასეთ დროს რას უნდა ეხმაურა მაღაზიაში, რომელშიც აბსოლუტურად მარტო ვიყავი? ხმა მაცივრის მხრიდან მოდიოდა, თითქოს რაღაც არსება დარბოდა მის უკან. “იქნებ თაგვია”... გავიფიქრე და ისევ ოთახში გასვლა დავაპირე, მაგრამ კარის ზღურბლზევე რაღაცამ შემაყოვნა.
   ხმა ისეთი მონოტონური და რიტმულად გამეორებადი იყო, რომ შეუძლებელი იყო, ცოცხალ არსებას გამოეცა. რაღაც თხევადის ძირს დაწვეთების ხმას ჰგავდა და მეც უსწრაფესად გამიელვა გონებაში კადრებმა... სისხლი...გვამი... მაგრამ მაშინვე უარვყავი ეს სისულელე (საიდან გაჩნდებოდა მაღაზიაში გვამი? ან, მასთან ერთად როგორ დამტოვებდნენ?) კარგად დავუკვირდი ხმის ლოკაციის ადგილს და საბოლოოდ, კარგა ხანს ვხარხარებდი პატარა სარკმლის რაფაზე კონდინციონერიდან დაწვეთებული წყლის შემყურე. ასეთივე ხარხარით, საბოლოოდ დამშვიდებული და წერის “მუღამზე” მოსული გამოვედი ოთახში და... იქ ისეთი დამხვდა, სისხლი გამეყინა...
ზღვის შვილი
   ოთახი გადატენილი(ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით), გ ა დ ა ტ ე ნ ი ლ ი  იყო სხვადასხვა ჯიშის,თუ ჯურის არსებებით და ჩრდილებით. ყველა, ყველა გაცოცხლდა. ოთახის ცენტრში კედლიდან ჩამოსული, ბრტყელი მოცეკვავე კაცუნები ფეხშიშველ ჰობიტებთან ცეკვავდნენ, დემონ მარას ფოლკნერის დათვი დასჭიდებოდა, რომელთაც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ კარამაზოვები. ჩემს საქანაო სკამზე კი მარჯან სატრაპი წამოსკუპებულიყო და მარჯვენა ხელით ჩადრს აფრიალებდა. მე ზედაც არავინ მიყურებდა, თითქოს იქ არც ვიყავი.
   ღმერთო,რა ქაოსი იყო! არა, ზოგადად-ქაოსი და არეული ოთახი წერაში ძალიანაც მეხმარება ხოლმე, მაგრამ იმ საშინელ ღრიანცელში რამის დაწერა კი არა, ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.  “თუ ესენი უკანვე, პორტალში არ ჩავყარე, მოთხრობა დაუწერელი თუ არა, აუკრეფავი მაინც დამრჩება”-თქო, შემეშინდა და თითი გამოვკარი ქარის მუსიკას.
   შენც არ მომიკვდე...სულ ფეხზე არ ეკიდათ?
   მაშინ, გაბრაზებულმა ჩამოვხსენი “დრიმქეჩერი”  და გონებაში დავიღრიალე- “მომშორდით”-,მეთქი. ჩემდაგასაოცრად ყველანი წამიერად გაშეშდნენ, გაოცებული თვალებით შემომხედეს და პირველად შემამჩნიეს, მერე მზერა ისევ ერთმანეთს მიაპყრეს და ნელ-ნელა, კვამლივით აალებულები საშინელი წივილ-კივილით, ქარბორბალასავით დატრიალდნენ ჩემს გარშემო.
ამინდის მბრძანებელი ქეთრინი
   თმები ამეწეწა, ხმაურისგან ყურები ამეწვა და მიწაზე დავეშვი თვალდახუჭული, ისე, რომ დრიმქეჩერისთვის ხელი არ გამიშვია. მეორე ხელით იატაკს ვეყრდნობოდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ამოვარდნილ ქარიშხალს მეც თან არ გავეტაცე.
   სიზმარმჭერმა ყველა შეისრუტა.
   როცა ქარი ჩადგა, წამოვდექი და კამერებს გავხედე. არაფერი გადაუღიათ. სასწაული შემთხვევითობით(ან განგებ) ჩემს ღამეს ლაივსთრიმი არ ჩაირთო. შესაბამისად, არც არავის არაფერი გაუგია. ყოველშემთხვევაში ასე მეგონა, სანამ...
   გაწეწილმა გავასწორე მონჯღრეული დრიმქეჩერი და თავის ადგილას დავკიდე. Aმჯერად წერა პირდაპირ ფაილში გავაგრძელე და ის-ის იყო, უნდა დამესრულებინა, რომ აღმოვაჩინე, ოთახში მარტო სულაც არ ვყოფილვარ. იქ კატა იყო, ნაცრისფერი კატა, რომელიც თურმე თვალს მადევნებდა ისე, რომ მე ვერ ვხედავდი.
   _როგორ მიდის საქმე?-, მკითხა უეცრად.
   _კარგად-, მივწერე:_ ვამთავრებ.
   _ხომ მშვიდობაა?-,მეკითხება ღიმილიანი ნიშნით.
   _კი,-მივწერე: _ მარტო თაგვი მომეჩვენა დარბოდა და თურმე წყლის ხმა იყო.
   _ჰო, ასეთ დროს ჩვენი გონება სხვაგვარად მუშაობს...
   და დატოვა სასაუბრო სივრცე, მე კი მივხვდი, რომ ყველაფერი დაინახა და გამომცადა, ვიტყოდი თუ არა.
   რა ვქნა, რომ მაინც მოვყევი:) ...
კოშკა
   დასრულებულ მოთხრობას თავი-ბოლო კარგად მოვუკარი და შიგ გამოვამწყვდიე ყველაფერი, რაც ღამით ვიხილე. პორტალის მცველისთვის, რომელმაც დილით კარი გამიღო და დროებითი ამნეზიის გამომწვევი ყავა მომიმზადა(სხვათაშორის საშინლად გემრიელი) არაფერი მითქვამს და ფეხით მივაკითხე ჩემს ოთახში მობინადრე სიტყვების მბრძანებელს, რომ ერთად წავსულიყავით და ზღვაზე დაგვეხრჩო ძილი.
   მეორე ღამის გამთენებელ თანაინსომნიაკს, ზღვის შვილს სასაუბროდ გამთენიისას მივაკითხე, მაგრამ თვალებშივე შევატყვე, რომ არაფერი ენახა. გულდაწყვეტილი ჩანდა, ალბათ არ გამოეცხადნენ, ან მაშინ გაიხსნა პორტალი, როცა მას პუფსა და ბალიშებზე მოკალათებულს ტკბილად ეძინა. შესაძლოა იქ მობინადრე არსებებმა იფიქრეს- ამას კიდევ ბევრჯერ შევაშინებთო, ან საერთოდ გადაიფიქრეს მისი განაწყენება, რომ გაბრაზებულს არ დაესაჯა ისინი და მაღაზიაში შემოსულ მკითხველთან რეკომენდაცია არ გაეწია. ანუ სიკვდილის შეეშინდათ, წიგნის თაროზე ცოცხლად დამარხვის.
   ბევრი წიგნი იმარხება ხოლმე წიგნის თაროებზე...
ბევრჯერ დაბადებული ჯეიმსი
   მართალია, ზემოთხსენებული თანაინსომნიაკი კარგად ვერ გავიცანი, რადგან ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა, მაგრამ გარკვევით შევნიშნე, რომ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები დანარჩენი რჩეულებიც რაღაც უცნაური უნარით იყვნენ დაჯილდოებულები.
   გრძელთმიანი ჯეიმსის რეალური პიროვნება ჯერ მეორე თუ მესამე დღეს, სასადილო მაგიდასთან, არყის ჭიქებს შორის მოტივტივე ანამნეზით აღმოვაჩინე, შემდეგ კი ღამით, აივანზე ჩაცუცქული, როცა ბათუმის ჰაერს ვატანდით ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ღამით ჰაერი ყოველთვის სავსეა ხოლმე სიზმრებით და ვინ იცის, იმ გამთენიას ჩვენი ბავშვობა რამდენ ადამიანს დაესიზმრა.  ჩვენ კი, მოგონებას-მოგონებაზე ვცვლიდით და მაშინ თითქოს თვალზე ახვეული ლიბრი მომეხსნა და დავინახე, რომ სახლში მცხოვრებთაგან ასაკით ყველაზე პატარა, 22წლის ჯეიმსი, ყველაზე დიდი იყო, ყველაზე უფროსი ჩვენს შორის და ამ ასაკს ოსტატურად მალავდა გრძელ თმებში. ალბათ რამდენიმე საუკუნის იქნებოდა, ან რამდენიმეჯერ დაბადებული.
   როგორ მიყვარს ბევრჯერ დაბადებული ადამიანები...მათთან არ გჭირდება რამის ახსნა და ცერემონიები. ისინი თითქოს გაცნობამდეც კარგად გიცნობენ.
   ჩვენს სახლში ყოველთვის განსაკუთრებული კლიმატი იყო, სასიამოვნო სიგრილე. Aრც არასდროს ციოდა, არც ცხელოდა და წვიმაც მხოლოდ ერთხელ , მოწმენდილზე წამოვიდა, როცა სტივენ კინგის გავიზუალიზირებულ მწვანე ფანტაზიებს ვუყურეთ. მახსოვს მაშინ გავიფიქრე, იქნებ იმ ღამით მაღაზიაში წყლის წვეთების ხმაური არაფერშუაში იყო და ჩემს გასამხნევებლად მისტერ ჯინკლსი მოვიდა. ნეტა მომეძებნა... ძაფის კოჭს გადავუგდებდი და ისიც თათებით აგორავებდა.
   ამინდზე ვსაუბრობდი... ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდი იყო, როცა ერთად ვიყავით და რაღაცნაირად მეგონა, რომ ეს განსაკუთრებულად ერთი ჩვენგანის დამსახურება იყო. ვიღაც განკარგავდა იმას, რომ ჩვენს შორის ამინდი არ გაფუჭებულიყო. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ, ჩემი წამოსვლის წინა ღამით ჯერ მოსაწყენად დაცხა, მერე კი მოიღრუბლა და ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ იყო. საერთო ცაზე უცხო ღრუბელი გამოჩნდა. სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ ქმნიდა ჩვენს კარგ ამინდს და რატომ აარჩიეს ქეთრინი 7რჩეულ ინსამნიაკს შორის.
   ქეთრინმა შენიშნა თუ არა ჩვენს თავზე ამღვრეული ცა, ხელი ჩაავლო ღრუბელს და აივანზე გაათრია. არ ვიცი იქ რა შეულოცა, მაგრამ უკან დაბრუნებული ღრუბელი ნელ-ნელა თავისით გაიფანტა და ცოტახანში ჩვენს თავზე ისევ მზემ გამოაჭყიტა.
  ჩვენი ქეთრინი ამინდის მბრძანებელი იყო...
  დარწმუნებული ვარ, თავისი ინსომნიის ღამეს გახსნილ პორტალშიც მზეს შეუშვებდა და მაღაზიაშიც ისეთ კლიმატს დატოვებდა, რომ მომდევნო ღამით შესულ ჯეიმსს თავი სახლში ეგონებოდა...
კედი
   როცა ამ სამი რჩეულის(ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი) მისია თუ უნარი აღმოვაჩინე, ძალიან დამწყდა გული, რომ დანარჩენი თანაინსომნიაკების ამოხსნას ვერ შევძლებდი. ზღვის შვილი თავის ნავში ცხოვრობდა, კედი და მარკი კი ჩემი მოგზაურობის დასრულების წინაღამით ჩამოვიდნენ. უკან დაბრუნებულმა მხოლოდ ის გავიგე, რომ მარკი ჩვენი სხვაკლიმატიანი ბუდის გარეთ დასახლდა, ხოლო კედი მაღაზიაში გადაღებულ ფოტოზე ისეთი სახით ვიხილე, რომ დარწმუნებული ვარ, მთელი ჯოჯოხეთის მაშხალებიც რომ გაცოცხლებულიყვნენ მისი ღამისთევისას, თავისი გრძელი თმებით დაახრჩობდა და ჭადრაკისებური კაბის ლაბირინთებში შეყრიდა.
   როცა ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოკრება დავამთავრე, გამხასენდა, რომ სახლში მარტო ოთხნი არ ვცხოვრობდით. ჩვენთან ცხოვრობდა კატაც, რომელიც არანაკლებ უცნაური და საინტერესო არსება იყო. ვფიქრობ, პირდაპირ პორტალიდან გადმოვიდა და დარჩა. სურვილისამებრ შეეძლო გაქრობა და სადაც არ ელოდი, იქ გაჩენაც. ყველგანაც იყო და არსადაც. თუმცა მისი შიში არავის გაგვჩენია, პირიქით- იდუმალი სიმშვიდე და შთაგონებაც მოჰქონდა. სრულ მარტოობაშიც შეიძლებოდა გაგეგონა მისი ხმა და გამხნევებულიყავი. ეს კარგად დავაფასე ჩემი ინსომნიის ღამეს.
მარკი
   ასეთი თავბრუდამხვევი მოგზაურობიდან ნაადრევად დაბრუნებული, ფეხმორთხმით ვიჯექი მატარებელში და ვიცოდი, უცნაური დამთხვევით რატომ იყო თავისუფალი სკამი მხოლოდ ჩემს გვერდით. მე მარტო არ ვიყავი,იქ მეწყო შთაბეჭდილებები სიტყვების მბრძანებელზე, ბევრჯერ დაბადებულ ჯეიმსზე, ამინდის გამრიგე ქეთრინზე, ტელეპორტ კატაზე, პორტალ-მაღაზიაზე, მის გამგებელ მეფე-დედოფაზე, სამეფოს მცველ თანამშრომლებზე და იმ უცნაურ ამბავზე, რომელიც დასაწერად ბავშვობის ხსოვნიდან ამოვქექე და უკვე წამოსვლისას გამახსენდა.
   ჰოდა დავფიქრდი... მე? მე რისთვის ამირჩიეს 7რჩეულს შორის?
   ალბათ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის დანახვა შემეძლო. ალბათ იმისთვის,, რომ ასე ბანალურად არ დამეწერა- “ ლიტერატურულ ფესტივალ “ინსომნია”2015ზე, სადაც 90 მდე ადამიანმა გააგზავნა თავისი ფობიოგრაფია, შვიდეულში მოვხვდით ადამიანები, რომელთაგანაც თითქმის ყველამ წინა წელსაც ვცადეთ მონაწილეობა. მიგვიწვიეს 1კვირით ბათუმში, რომ თითო ღამით სათითაოდ ჩავკეტილიყავით მაღაზიაში “წიგნები ბათუმში”, სადაც შევქმნიდით ჟანრულ მოთხრობას. ეს გადაიღო “იმედ”მა და ასევე გვქონდა რამდენიმე ინტერვიუც, სტანდარტული ბლა-ბლა-ბლა...” .” უცხო თვალისთვის ალბათ ასეც ჩანდა ყველაფერი.
   მე კი... ვიცი...
   ჩვენ კი...ვიცით...

   სინამდვილეში რა იყო...:)

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment