Tuesday, December 17, 2013

აშექალის ქორწილი

ორი ბუ კივის ორი გორიდან,
ორი სახლი გაჰკივის ერთმანეთს:
-წავიდა აშექალი?
-წავიდა, წავიდა...
მისი სახელი მთვარესავით კიდია ცაში.
წავიდა აშექალი, შიშინებს ჭინჭარი
და ჩემს სიყრუეზე კბილები აცვდება.
ვზივარ, ჩამწვარი ნაღვერდალივით ნაწილ-ნაწილ მეშლება თავი.
წევს აშექალი. მშვიდი და შავი.

ღამეს გაგითენებ, აშექალო.
ისე დაგიჯდები, როგორც კრუხი
და ქოთქოთით დავაფრთხობ ლანდებს,
შენს გასათრევად გამოშვერილ შავ ფრჩხილებს რომ ჩამომისვამენ.
ღამეს გაგითენებ, აშექალო.
გიამბობ, როგორ შემეკრა ყელში მწკლარტე სუნთქვად
უშენო, ცარიელი ქვეყანა.
...
როგორ მივაყუდეთ თავები ერთმანეთს, აშექალო...
ბალახში ფუტკარივით იჯექი თმაყვითელი,
შენს თვალებს ვამღვრევდი, როგორც ლურჯ გუბეებს.
შიშველ ტერფებს ძირს დაყრილ მაყვალში ვისრესდი.
მკერდამდე გაწვდენდი თავს.
მაყვლიან პირს მომწმენდდი ჭრელი კაბის კალთით,
ქალი ხარო, სირცხვილიაო, ამბობდი.
წვრილ ხელებს მომხვევდი-
ჩემო დობილო, უნდა იცეკვო ჩემს ქორწილში,
ჩემო ასკილო,- მეუბნებოდი.
მინდვრის ყვავილებივით ობოლი დობილები,
მე და შენ- მზეთვალები.

ახლა ნახე შენი სიცილი, შენი სიცოცხლე,
ხმელ პიტნასავით ჩაფშვნეტილი წყლიან ჯამში,
ჩემი კაბის ნახევს რომ ვაწებ და სახეს გიწმენდ.
თავს ვერ მოვუყრი შენს გახსნილ ტუჩებს-
ნამაყვლარივით შეგხმობია მათზე სიკვდილი.
ვზივარ. ჩემს ფეხებს შენი ჭუჭყის ჭიანჭველები ესევიან
და მლაშე პურის კვერებივით გიცხობ ნელ-ნელა
საგზლად წასაღებ დამშრალ ცრემლში გაბანილ სიტყვებს.

წავიდა აშექალი, მითხრეს, შენი ობოლი დობილი.
გამოკეტა კარი და გზას დაადგა.
ლურჯი ნარი ღელავდა მინდორზე
და ჩემი წითელი წვივები
ზღვაში დაკარგულ ნიჩბებივით ტივტივებდნენ.
წვიმდა.
წავიდა აშექალი.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ. გავრბოდი.
იქნებ მომესწრო მაინც და მეთქვა...
სველი თმის კონით მცემდა ბალახი.
გავრბოდი, გზაზე ლღვებოდა აშექალის ზურგი,
ქვამარილივით მიდნებოდა თვალებში.

ვიწმენდდი ტუჩებს, აშექალო.
ქრისტესისხლას წვენით ვიწმენდდი ტუჩებს:
გადამეწმინდა უნდა ნაკოცნი.
უნდა მომესწრო შენთვის და მეთქვა:
ამომთხარე, ამომიბრუნე ფესვები,
მიწასავით ჩამომფერთხე მისი ხელების კვალი და წაიღე, წაიღე...
ნეტა მოგიკვდეს შენი თვალჭრელი დობილი, აშექალო.
შენი გულჭრელი დობილი.
შენი კაცის თვალების ქურდი,
შენი კაცის ტუჩების მძარცველი.
შენს კვალს ამოვუკოცნიდი, აშექალო, ცეცხლის ზღვა მივლიდა მუცელში.
ეკალი გამოვისხი, ავყვავდი.
გვიან დაინახე შენი დამწიფებული ასკილი, აშექალო...
...
ისე წევხარ, თითქოს სული მოითქვი სულეთის მინდვრების დედამ.
გიგროვებია ველური მარწყვი, თავსვილას ღეროზე აგისხამს.
ვეღარ გიჭამია, ჩაგჭყლეტია ხელებში.
მე თუ მხედავდი, მას თუ ხედავდი ისევ, აშექალო,
ისეთი ფერი ადევს შენს სიკვდილს,
ღია პირიდან დასიებულ ენასავით რომ გამოგჩრია.

თუ ხედავდი, ხევის პირს რომ დამეწია და
ყურთან ჩურჩულით მომიგერია წვიმის თითები,
მითხრა: წავიდეს აშექალი.
ახლა აღარ მოვეფარებით ბუჩქებს,
აღარ დაგიკენკავს შიშველ ტანს ეკალი,
ვეღარ დაგვინახავს- მშვიდად ვაჭამოთ მარწყვი ერთმანეთს.
წითელი წყალი დამალევინე შენი კანიდან.
ჩემი ენა და მკლავები მოიხვიე,
თვალების ტყვიას რომ დაგაყრის აშექალი.
...
სანამ ჭოტივით ტყეებს გაჰკივის თმაყვითელი შენი დობილი,
სანამ ხევსგაღმა შავი თვალივით ბრმავდება მისი ცარიელი სახლი,
წადი, იცეკვე, გვერდზე დაისვი მისი დანიშნული,
გადაიხადე ქორწილი, მითხრეს.
...

ჩამობერებულა შენი სამოსიც.
შენი სიმარტოვის სიმწარეს დაუფხავებია.
წევხარ, ნათელი გადაგდის შუბლზე.
ტუჩებს დაგადებ ღია თვალებზე მოცვეთილ ნისკარტივით,
ზიზღის ნაოჭებს ჩამოგწმენდ სახიდან-
მიყურე,
რამდენი წელია, არ გინახავს შენი დობილი,
ჩემს ჩრდილს ხედავდი და წყევლიდი.
ჩემს კვალს ნაცარს აყრიდი და ისე გაივლიდი.
მინდა, დამლოცო,
ერთი სიტყვა გადმოაფურთხო საჩემოდ და დამლოცო ასე:
მოკვდი, მოკვდი, ათასი წლის ყვავო.
...
იქნებ მართლა ტყეში იჯექი,
იქნებ მართლა ტყეში იცხოვრე ის სამი წელი.
მგელმა გააჩინა, ამბობდნენ შენზე.
იქნებ აშექალი მგლის ლეკვებს აჩენს, ვფიქრობდი მე
და ისინი ყმუიან ღამღამობით,
როცა კაცტიალის ხელები ტანს მიწვავენ.
ტყის სულად იქეცი და ნისლის თვალებად.
ყველაზე მაღალ ხეზე შემოჯდებოდი ჩხიკვად ქცეული და გვწყევლიდი.
და როცა ერთმანეთი სიძულვილამდე შევიყვარეთ,
გაიხსენე ზურგიდან კუზივით ჩამოწყვეტილი შენი სახლი.
ხევს გაღმა მჯდარი მაჯლაჯუნა.
როცა დაბრუნდი,
წისქვილის ქვასავით დაბრუნდი ჩემს თავზე, აშექალო.
და აჰა, ვისხდეთ ეხლა,
დღედამდნარი და თავდამდნარი,
ზოგი ცოცხალი და ზოგი მკვდარი.
...
ხევის ერთ მხარეს, გორის წვერზე, ობობასავით ზის შენი სახლი,
მწვანე ქსელივით გადმოშლის ეზოს.
მეორე მხარეს ჭიანჭველების ბუდესავით ფუთფუთებს
ჩემი ათასი შეშლილი თავით გამოტენილი მშიშარა ქოხი,
პერანგივით რომ შემოვიცვითე.
სხედან სახლები, როგორც უმძრახი ბუები.
როგორც მკვდარი კუნძულები ნისლში.
სხედან, უკვე ასი წელია.
...
რა ქალია აშექალი, მითხრეს.
ლამაზი.
კაცის თვალს ღილივით აიწყვეტს მკერდიდან,
გაივლის, ჩაწვავს, ჩანაცრავს მიწას,
მზეს ვაშლივით ჩამოამწიფებს.
თვალები უნდა დავთხარო.
სისხლი უნდა გამოვწოვო ჩემ კაცტიალს,
ტანში უზის თმაყვითელი.

ძაღლო.
ძაღლივით ითრიე ჩემი ძვლები, ჩემი ძარღვები-
მზეზე ფარდაგივით გადმოფინა ენა აშექალმა.
შეჯდა თავის დაყრუებულ სახლში, როგორც მარტოხელა ბაყაყი.
ქვებს თუ გააჩენს, გველებს თუ გააჩენს მაგის მუცელი,
ეგ ბერწი ძაღლი-
ამბობს ჩემზე.

თავებს აწყვეტს და უმად ჭამს ქათმებს აშექალი, მითხრეს.
შესალოცად დაჰყავთ ბალღები მასთან.
გამოულოცავს ავი თვალისას.

მიშველე, აშექალო...
ნეტა ხევში დამაგორებინა ეს კაცტიალი.
ზის და შენი სიტყვის სუნით მყრალდება.
მის ნაჭამს ვჭამ, მის კოვზს ვლოკავ. მის ნაპირალ ჯამს ვიყუდებ-
შენი გემო მოჰყვება, აშექალო.
იქნებ შემილოცო. სიზმარი ამესია:
სამი ბალღი თამაშობს მინდორში.
შენ ჩემი კაცი ხარ, ამბობს აშექალი.
მე და შენ ქორწილი გვექნება, ეს იცეკვებს.
ვცეკვავ, ისინი გვირგვინებს იდგამენ.
აშექალი თითის წვერებზე აიწევა და ყელში კოცნის.
ვცეკვავ, ძილის მზეში ცეცხლივით ღვივდება თქვენი ქორწილი.
ვიღვიძებ, ყელზე ნაკოცნს ვუძებნი-
ხელის კვრით მიშორებს კაცტიალი.
შემილოცე, აშექალო, ჩემი ავი თვალისა,
ჩემი შავი გულისა.
ისე გავიყარე გულში შენთვის მოპარული წლები,
როგორც ჟანგიანი საქსოვი ჩხირები-
ნახევრად ამოქსოვილ წინდასავით ცალ ფეხზე ძლივს ამომეტია ცხოვრება.
...
გაგხადე. ლურჯი ჩურჩულივით გაშეშებულან შენს ტანზე ძარღვები.
ყინულის თხელი, გრძელი ლოდივით წევხარ და იქნებ გათენებამდე არ დამიდნე.
შეგმოსავ ახლა სადედოფლოდ, ჩემო დობილო,
ქორწილი უნდა გადაგიხადო.
...
ხმელი კაკლის ხეები ნისლში ტოტებს ფარჩხავენ.
ცას ჩამოიცვამენ, წვიმის სისხლს ადენენ.
ჩემი კაცის ფეხის კვალი გიშრის მძივივით შემოუვლის შენს ეზოს.

უნდა დაგწეოდი მაშინ და მეთქვა-
აჰა, შენი იყოს.
სისხლი მდიოდა კაბის ქვეშ.
ლურჯი ნარის კივილს სველი აპკი უსკდებოდა მინდორზე-
წავიდა აშექალი. წავიდა სისინით-
ეხლა გაჭამოს მარწყვი ხელისგულიდან,
მესამის ბნელი ვნების ბოსელში გაცხოვროს...

ჩემი კაბის სახელოები ტყუპ-ტყუპად აჩენდნენ შენს ხელებს.
იზრდებოდნენ ისინი, ყვაოდნენ
აშექალის წვრილი, გრძელი ხელის მტევნები.
ყელს უღეღდნენ კაცტიალს,
გულის თავზე ემარხებოდნენ.
ვერ ვაჩერებდი.
ავიღებდი ხელებს, კუნძზე დავაწყობდი,
ქვით ვცემდი, ვჭყლეტდი, ვჟეჟავდი,
ჩიტებივით ვხოცავდი,
ყაყაჩოს ფურცლებივით მცვიოდა ფრჩხილები.

ცეცხლივით მენთო სახეზე აშექალის ტუჩები.
დაგვალულ თიხა-მიწასავით სკდებოდნენ ისინი
და ვერაფრით იკლავდნენ წყურვილს ჩემი კაცისას.

ჩემი თმა ქერის ყანასავით შრიალებდა და ფერს იცვლიდა.
დილას ვიკრეჭდი და ღამე ისევ ამომდიოდა აშექალის თმა.
ჩემი ფეხები ბატკნებივით დასდევდნენ კაცს უკან,
და ერთხელაც ბასრი ცელის პირი
ასე ამოვისვი მარცხენა კოჭზე, როგორც შენი გალესილი ენა, აშექალო,
ამოვიჭერი.

ვიხდენ სიკოჭლეს,
სიგიჟის ნელ ცეცხლზე ჯოხზე წამოცმულ სოკოსავით წავტუსავ დღეებს.
წლებს ისე დავიმატებ, როგორც მატყლს საზამთრო საბანში,
ჩემი კანის ჭკნობაში ჩავთბები შემრეშილი ხილივით.
დავჯდები. თამბაქოს ტოტებს ჩავყრი ღადარში,
თვალებს მივუშვერ დასაბრმავებლად
და გულდაგლეჯილს ბნელი ტყიდან მომისვენებენ.
შავი თავშალი დაიხვიე, აშექალო.
მოგვიკვდა.
ლოდივით მიდევს ჩვენი კაცი.
მგლის ეშვი ამოაფურთხა გადაფლეთილი გულიდან.
...
ყოფილა აშექალი, მითხრეს.
ყოფილა კაცტიალის ტირილში.
ბოსლის უკან ჯოხზე დაყუდებულა,
თვალები ყორის ქვებს შუა გაუჩრია,
ქუსლით უზელია ნეხვის გუნდა,
როგორც ჩემი სახელი,
ხმა დიყის თესლივით გამოუფშვნეტია კბილებს შორის,
ნიშა მოზვრისთვის ხელი შუბლზე დაუყოლებია, სანამ დაკლავდნენ
და მიბრუნებულა. თავაღერილი წასულა.
მზედ ჩასულა გორისპირზე ხევში აშექალი.
...
ფარდაგში გაახვიეს. წაიღეს, დაფლეს.
მივალ, ჯოხს დავეყუდები, შორიდან გავხედავ საფლავს.
მიხვალ, თავთან ჩაყუდებულ ქვას ხელს დაადებ.
გაშლილი ლოგინივით გველოდება მე და შენ მისი საფლავი.

ავდგეთ, ჩავიცვათ, ავისხათ საქორწილო სამკაული,
წევს მატლის მძივ-ღილით მორთული ჩვენი ნეფე,
ტანზე ჩემი ნაქარგი ტალავარივით აცვდება მიწა.
...
წავიდა სოფელი. გალოკილ თითებივით დაგვტოვა,
ჩვენი ვნების დარაჯები.
წავიდა, ერთმანეთს მიბჯენილი,
სასროლად მომართული თოფის ლულებივით დატოვა ჩვენი სახლები.
წავიდა კაცის ფეხი ძაფივით ამოსახვევ ბილიკებიდან.
შემოუსვლელი კაკლის ლებნებივით შავად დაჭლექილი დღეები დამიდგა.
ნისლში გადავყარეთ თვალები-მაშხალები,
ვესროლეთ ერთმანეთს მე და აშექალმა.

ბოლი ამოდის ჩემი სახლიდან, ბოლი ამოდის მისი სახლიდან.
ბოლი ამოგვდის მე და აშექალს.
ხელს გამოყოფს შეხსნილი კარიდან, ნაცარს გადმოყრის, ფურთხს მოაყოლებს.
ფესვივით თეთრია აშექალის ხელი.

ნისლი კაცივით დადის სოფელში.
გამოვალ, გამხმარ ფეხს ავითრევ, გავხედავ-
ისე შემორჩნენ ქოხები სოფელს,
როგორც საფიხვნოს ყრუ-მუნჯები.
შავ-შავ მეჭეჭებს გამომაყრის
ხევის წყალში თავჩამხრჩვალი მათი სიჩუმე.
აჰა, აჩქამდა ჩემი ბერწი მუცელი, აშექალო.
ქვირითივით დაყარა სიკვდილი.

გორდაგორ მოვიდა, წყალდაწყალ მოვიდა სიბერე.
სველი ფოთოლივით აგვეკრო კაბაზე.
ისე გვაბია ერთმანეთი, როგორც დამხმარი კიდურები,
წლებს ჯოხებივით დავიარგნებთ,
თოვლში გავკვალავთ უთქმელ სიტყვებს, სიზმრებს გადავცვლით.
დავსხდებით, როგორც ერთმანეთის წყევლაში კბილებდაცვეთილი
სიმარტოვის და სიკვდილის დედები.
ორი ბებერი ნეხვის ხოჭო,
ძილ-ღვიძილის გასაყარზე მიჩუტულ დღეებს რომ ასორსოლავებს.
ჩვენი სახლები აკვნებივით გვირწევენ სხეულებს,
ზღურბლის წაკვრით გვაქანავებენ.
ისე მოგვიჯდა ცხოვრება,
როგორც ციცა უპატრონო ცხედრების სუფრას,
ამოგვიჭამა თვალები.
...
ეკალს იწეწავს მინდორში ნარი.
ჩემი შიშის სისხლი ჩამოსდის.
შენმა სახლმა ბოლის ბოლო ყლუპი ჩაყლაპა.
ვზივარ, დაბლანტებულ თვალებს ფანჯარას ვაჭყლეტ,
ღამე ტალახივით ჩამომდის სახეზე.
ჩემი კაკლის ხე დილის ნისლში ყვავებს ისხამს და შავად ამწიფებს.
წავიდა აშექალი, ჩხავიან ისინი.
თვალის ბროლივით ჩაიტეხა ფანჯარა სახლმა,
დამპალი ფილტვებიდან ქალი კვამლივით ამოუშვა.
წავიდა აშექალი, კივის იელი გორიდან.
ჩემი დობილი აშექალი.
ნაცრის ცომივით გავზილე ის დღე.
ჭვარტლით გამივსო პირი შენმა სახელმა.
ვერ დავიძახე.
სხედან ყვავები და ყროლდებიან:
შენ დობილ აშექალს თავი სამიწედ ჩაულაგებია და წასულა, ბებერო.
როცა დაღამდა, ჩიფჩიფით გავიარე ეშმათ ბუდედ ქცეული ხევი.
და გამხმარი ფეხი სიკვდილის ჯოხივით შემოვდგი ეზოში.
კარი შემოვხსენი. გნახე.

ღამეს გითენებ, აშექალო.
კრუხივით ვზივარ შენი ბოლო სიზმრის ბუდეში
და ჩვენი დობის დალაყებული კვერცხებიდან
უსუსურ ხილვებს ტყუპ-ტყუპად ვჩეკავ.
გიამბობ, როგორ გამიფაფდა ცა მღვრიე ნისლში,
სიძულვილის ჩირქში დამბალი გამოსაცვლელ სახვევივით ჩამილპა სული.
და ჩემი თავი ნაწილ-ნაწილ, კიდურ-კიდურ ვკაფე და ვკალი.
...
მორთული. მშვენიერი ცისკრის სხივებს გამოშლი შუბლიდან.
აიშლებიან შენს კაბაზე აყვავებული ჩრჩილის პეპლები.
მსუბუქი ხარ.
კარგად გამოგახმო სამიწე ჩირად ცხოვრებამ.
მარხილს მოგითრევ, როგორც ტახტრევანს,
დაგაბრძანებ-
ქორწილი უნდა გადაგიხადო.

როცა გათენდა,
გავამოქცეულ ვირივით შევები მარხილში.
წავიბჯინე წერაქვი, ტარში სისხლად რომ ჩასდგომია კაცის ოფლი.
წინ გავირეკე ფეხები ჩემი მუხლების დედინაცვალმა.
მე და მარხილი ხმაშეწყობით ვჭრიალებთ, ვმღერით-
მოგვყავს დედოფალი აშექალი.
მიწავ, დაგვახვედრე ფერადი სეფა -
საქორწილო სუფრად გაშლილი საფლავები.

კიდევ ყოფილა მზე საჩვენოდ, ნახე...
რამდენი ხანი ვლპებოდით ნისლში.
ნახე, რა დღეა. საზეიმოდ მოირთო სამზეო.
მოდის აშექალი, ღელავენ გვირილები, კაბებს ისწორებენ,
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ.
ფრთებივით გადმოშლი ხელებს მარხილიდან,
ჭიამაიებს ბეჭდებივით აისხამ თითებზე.
თავზე შემოუდგამთ თეთრი გვირგვინები-
აშექალის ქორწილში მიდიან კენკეშები.
მაგრამ შენ უფრო მშვენიერი ხარ-
შარავანდედივით მოგდევს შენი თეთრი,
ბალახზე გადმოშლილი თმა,
თოვლი ყვავილივით შეგინახავს შავი თავშლის ქვეშ.
მოჰყავთ მინდვრებს კესანე-თვალები აშექალის მაყრებად,
მაგრამ მისი თვალები უფრო ლურჯია,
უპეები გამოუვსია ცის ნატეხებით.
ხევში ბუერის დაფდაფებს დაჰკრავენ ნემსიყლაპიები,
სვინტრი მსუბუქ ზანზალაკებს ააწკრიალებს-
მოდის აშექალი, მღერიან.

ახლა უნდა მეყოს ძალა და შუა გზაში არ გამითავდეს ჩემი თავი.
ბალახს უნდა წავებღაუჭო,
რამდენჯერმე პირით დავღერღო ფეხქვეშ ჩაშლილი თეთრი ქვიშა,
ავებღატო მზის კვალს ხვლიკივით და გორის წვერზე დაგაბრძანო.
აქ წევს. ძირხვენად ამოზრდია თავიდან შენთვის უთქმელი სიყვარული, აშექალო.
ბოლომდე რომ ვერ მოინელა.
ჯერ ეკლებს გავგლეჯ. მერე გავთხრი.
მზე მწყერივით იფართხალებს ჩემი თავშლის ქვეშ.
წერაქვის წვერზე შემომიჯდება და თვალებიდან გამომწოვს
სიცოცხლის რძეს.
თეთრი მარილით დამეფარება ტანი.

მოდი, აშექალო. ნახე, აქ არის.
გადავაფხრეწ სახის ძვლებზე ჩაფრენილ ფარდაგს.
სისხლიან ხელებს ჯამებივით შევუშვერ
მისი ხორხიდან შავ სიცილად ამოშლილ მიწას.
წევს კაცი. ისე ლამაზი. როგორც დილის ცისპირი.
წევს კაცი. ნახე, რა ახალგაზრდა ყოფილა.
მისთვის უკვე ბებრები ვართ, იქნებ კიდეც დაგვიწუნოს.
გულიდან მიწას გადავფერთხავ და დაგაწვენ.
ჩემ კაცთან დაგაწვენ, აშექალო.
პირქვე ჩაგაწვენ-
ჩაუკოცნო გველის დახრული ყვრიმალები.
ჩაეშალო, ჩაებნიო გულ-მკერდით,
ჩემი ღვიძლის თაფლივით ჩადნე მიწაში.

თვალებს იფშვნეტენ ღიღილოები,
ღოლოს ფოთლები ცისკენ აშვერილ ენებივით სავსავებენ,
ხავსიანი ლოდები გადაიყარეს გულიდან საფლავებმა და წამოსხდნენ,
წამოიშალნენ,
ჩემს სანახავად მოჯარდნენ მკვდრები-
უნდა ვიცეკვო აშექალის ქორწილში.

მოვიძვრე შავი თვშალი და ფეხით გავსრისე, როგორც ჯოჯო.
სისინით ჩასრიალდა ღია საფლავში.
ამომხედეთ, ამომძახეთ საქორწილო სიმღერა.
ვიცეკვებ.
თმა ჩამოვშალე.
მწვანე თმა მაქვს, თამბაქოსფერი, ნახეთ.
ყვითლად ამდის სიბერის ბოლი.
ოქროს კვერთხივით შევმართავ ჯოხს, დავიკივლებ
და ჩემი გამხმარი, კუნთწათლილი ფეხი
იელის ყვავილს გამოისხამს.
დავტრიალდები, დავიხვევ ფუტკრებს,
ცას ჩამოვხევ ფრჩხილებით,
ბალახს დავთელავ, მარწყვს ამოვსრეს თქვენს სუფრაზე დამწიფებულს.
ნახე, აშექალო, ლამაზები ვართ, როგორც ბალღები,
ფიჭვის ტოტებქვეშ მომღრლები ფერად ჭალაში.
ჩამოვიცვათ თავზე გვირგვინები ავადმყოფი ნარის ყვავილების.
ისე ვიმღეროთ მე და შენ,
არ გაირჩეოდეს დღე და ღამე,
მზე და უკუნი.
ისე ვიცეკვოთ მე და შენ,
ვერავინ გაიგოს, რომელია ჩვენს შორის ცოცხალი,
რომელია ჩვენს შორის მკვდარი.

წავიდა აშექალი- ვიმღერებ,
ჩემი დობილი აშექალი გულზე ასკილს აიყვავებს.
ჩემი დობილი აშექალი ასკილივით ამომდის გულიდან და ყვავის..

დავთვერი, აშექალო. შენი სიკვდილის ღვინო ვსვი.
მზესავით გამისკდი მუცელში.
სამისთვის ვშლიდი ლოგინს, სამისთვის ვთხარე საფლავი.
ფესვებივით მეზრდება თითები, მიწას ეჭიდებიან,
ისევ თქვენთან მოძვრებიან დაწყევლილები.
ვერ დავხოცე ისინი, აშექალო.
მარტო ჩემს შვილებს ვხოცავდი.

მოდი, თავები გავცვალოთ, აშექალო-
მე მკვდარი ვივლი, შენ ცოცხალს დაგმარხავ.
მიწით მუცელს ამოვივსებ შენს ქორწილში მოცეკვავე.
მოდი, გავცვალოთ, აშექალო-
დამიტოვე შენი მკლავები,
ფრთებივით დავიქნიო,
კაკლის ხეზე შემოვჯდე
და სამასი წელი, სამჯერ სამასი წელი
შავ მზესავით ვიჩხავლო ნისლში:
წავიდა აშექალი, წავიდა...
ძვლებში გამოიკრა ჩემი ცხოვრება და წაიღო.

/ლია ლიქოკელი/

Friday, December 13, 2013

აუდიო დისკის „ლექსი თქვი, ხევსურის ქალო" პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის“

 გიწვევთ
აუდიო დისკის „ლექსი თქვი, ხევსურის ქალო“ პრეზენტაციაზე.
საღამოზე მონაწილეობენ:   ხევსური პოეტი ქალბატონები -მარიამ წიკლაური, ლელა გაბური, ლია ლიქოკელი,ეკა ქურხული, ნინო, მართა, ნათია და თიკო ჭინჭარაულები, მაკო თეთრაული,ქეთევან ზვიადაური, თაკო არაბული, თამარ არაბული, თინათინ ფიცხელაური
ანსამბლები - “დები გოგოჭურები” და ,,დები ზვიადაურები’’
მომღერალი - ნინო ბაშარული, ლიკა გოგოჭური
საღამოზე წაკითხულ იქნება ხევსური ფოლკლორისტებისა და სახალხო  მთქმელების ლექსები. თანამედროვე შემოქმედებას გააცნობენ და რამოდენიმე სიმღერას შეასრულებენ  ანსამბლების რეპერტუარიდან.
გამოიფინება: ხევსურ პოეტ ქალთა წიგნები
ხელნაკეთი ნივთები
 ნახატები
დასაწყისი:15 დეკემბერი,17:00 საათი
მისამართი: ქ.თბილისი,სასტუმრო Holiday Inn (,,ჰოლიდეი ინნ“)
საღამოს სპონსორები არიან :
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI)
სს “ქართული ლუდის კომპანია” -ტრაციული ქართული ლუდი “ხევსურული“

მადლობას ვუხდით მხარდაჭერისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  სტუდია „არაგვიანს“.

sensiblefuture@yahoo.com,   (+995)595 307397, (+995)599 161293, თბილისი, არაგვისპირელის 15

Sunday, December 8, 2013

დიზაინერი ქეთი არაყიშვილი

დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინერი ქეთი არაყიშვილი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის უკვე ცნობილია. ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ და შეგიძენიათ მისი ნამუშევრები, შეგიძლიათ ეწვიოთ მისი ფბ გვერდს ქეთი არაყიშვილის ხელნაკეთი ნივთები . 
უახლოეს დღეებში მასთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ ;)
უყურეთ 2.48წუთიდან 
ქეთი არაყიშვილი საშობაო გამოფენაზე შერატონში

ეს ნიჭიერი ადამიანი ჩემი მეგობარია, თუმცა მისი ნამუშევრების ნახვა დაგარწმუნებთ, რომ მხოლოდ მეგობრობის გამო არ ვწერ მასზე.  დანაშაულია, მას არ იცნობდეთ! :))))



...(ბედი...)

ბედი? 
შენ იცი, არასოდეს მწყალობდა ბედი.

და მაინც ვწერდი, 
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა. 

თუმცა მინდა, 
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო, 
მზის გულზე ვდგავარ, რომ მხედავდე 
და იყო მშვიდად.

/ნიკა ჩერქეზიშვილი/

სხვა კაცებს


(მიშა რატიანს)
                                                                                                                                           
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.
ამ ომში მკვდარი, დაღუპული ბიჭების ბრძოლა
და თავგანწირვა დავაფასეთ მდუმარე დგომით
მათ საფლავებთან, მათ შაოსან დედებთან, ძმებთან,
დებთან, ცოლ-შვილთან, მეგობრებთან... რა ჩვენი ბრალი
იყო, რომ ასე გამოვიდა?! შეგვინდე, ღმერთო!
ქვეყნის წინაშე მოვიხადეთ პირნათლად ვალი:
როცა იბრძოდნენ ის ბიჭები, კვდებოდნენ, ჩვენ კი
ვისხედით სახლში და ძალიან ვნერვიულობდით...
და კითხულობდნენ პატარები, - რომ იწყეს დრეკა
მთებმა, როდესაც გორგასალი შედგა. ვტყუოდით
ყველა ისევე, როგორც ერთი; შიშებში ვცხოვრობთ,
რა დაგვრჩენია, -  საფლავებთან ვისროლოთ ზალპი.
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავლპით.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს გავარტყით მხარი,
მერე კი  მშვიდად შევასრულეთ ჩვენ-ჩვენი სოლო
გამოსვლა (სულ სხვა სიმღერიდან) და გავიხარეთ,
რომ დამსწრე საზოგადოებას მოვწყვიტეთ ტაში, -
ადამიანებს, ვინც ჩვენსავით მხარი იტკინა,
ვინც გამორბოდა, როგორც ჩვენ და ა.შ და ა.შ.
...ეჩქარებოდა, დრო არ ჰქონდა, ხოლო ისინი,
ვინც არ აეწყვნენ ფეხის ხმას და მიწაში წვანან,
ვინც არ გარბის და არც ჩვენსავით აგვიანდება
არსად, ვინც ყელში გამოისვა ამ დილით დანა,
რომ კიდევ ერთხელ აღარ ნახოს, როგორ ღამდება
ქალაქში, სადაც ჩვენ დავრბივართ, სოლოებს ვმღერით,
სადაც ტაშს ვუკრავთ ერთმანეთს და საზიზღრად ვლოკავთ,
ქალაქში, სადაც იშოვება არცერთი ღერი
სიგარეტის და ყველა ხეზე კიდია თოკი
გამონასკვული საიმედოდ, რომ ჩამოხრჩობა
არ გაუჭირდეთ, ვინც გადარჩნენ, იპოვონ ყულფი
ადვილად, გაყონ კისერი და ჩვენ ჩვენთვის „ჰოპლა“ 
ვიყვიროთ, სხვების გასაგონად, - „დიდება უფალს!“
არ შეიძლება თვითმკვლელებზე ვილოცოთ,  ვწუხვართ.
ავუბათ მხარი ერთმანეთს, ის ნატკენი მხარი,
რომელიც გუშინ სიჩქარეში ვიტკინეთ, ნუღარ,
ჩვენ ნუღარავინ შეგვაწუხებს, დრო აღარ არის,
დრო აღარ არის დღეს სიტყვების: „შენთან ვართ“, „წყნარად“,
„ნუ გეშინია“,  „გამაგრდი“... და მთქნარებით ვკვდებით.
ყველა თხოვნაზე დასმული გვაქვს ბეჭედი - „არა!“
ჩვენ „ჰო“-ს სათქმელად (რა თქმა უნდა) არ გამოვდგებით.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ მივატოვეთ მეგობარი ქუჩაში ღამით
და გადაიქცა სადარბაზო (ნამდვილად) სოროდ
და შიგ თაგვივით შემძვრალებმა სულ ერთი წამით
(ნეტავ რა ძალამ გვაიძულა) ვიბრუნეთ თავი
და იდგა ჩვენი მეგობარი ქუჩაში, როგორც
იესო ქრისტე, იღიმოდა, ამბობდა - „ავე“,
ჩემზე ნუ სწუხარ, მეგობარო, არ მცივა, ზოგი
რამ ისე მარტივია,  ფიქრადაც არ ღირს.
დრო, როგორც წესი, არასოდეს ბრუნდება უკან...
და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ
პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი, ჩვენი აზარტი
და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, -
ვინც ჩვენ გაგვზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ,
ვინც გავიმეტეთ სამუდამო სიდუხჭირისთვის,
რადგან წავაგეთ ყველაფერი, - სულების ჩათვლით...
და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სირისტი,
ჩვენი სისუსტე, ჩვენი, ჩვენი და არა - მათი.

არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ თავხედურად შევუბრუნეთ სიტყვები მამებს,
ხმა ავიმაღლეთ მოხუცებზე, ცოცხლებზე, ხოლო
რომ დაიხოცნენ მოკრძალებით ვუთიეთ ღამე…
მწუხარე სახით ხელს ვართმევდით მონაწილეებს
ამ ჩვენი (დიდი) მწუხარების, რას ვიზამთ, - ყველა
დავიხოცებით, ჩვენც მოვკვდებით, როცა ინებებს
ღმერთი, დავტოვებთ ამ ქვეყანას, არ არის შველა,
ბოლოსკენ მაინც შვილები ვართ მამაც და შვილიც
სიკვდილის, რა ვქნათ, თავს ვიმხნევებთ, სახეებს ვიღებთ
ისეთს, რომ თითქოს გვაწუხებდეს სინათლე დილის
და უფრო მეტად ვიღუშებით და ვირტყამთ მჯიღებს
მკერდზე, რომ ამ მკაცრ ცხოვრებასთან პირისპირ დავრჩით
და აღარ გვახსოვს, - მამებზე რომ ავწიეთ ხელი...
ას-ას წელს ვცოცხლობთ, უფალიც ხომ სხვა კაცებს არჩევს
თავისთვის, ვღიზიანდებით და გვიშრება ყელი,
გვიანდებიან წამსვლელებიც და დროა უკვე
დავმარხოთ მკვდარი, შემოვუსხდეთ გაწყობილ სუფრას
და თუ ვიღაცამ ვერ შეგვნიშნა, გამოვრჩით თუ კი, -
უფრო ხმამაღლა დავიყვიროთ - „დიდება უფალს!“
წამოვდგეთ ფეხზე, ყველამ ერთად ვთხოვოთ, - რომ ბოლო
სიკვდილი იყოს ეს ჩვენს შორის, გვაკმაროს, ამინ!
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ,
რომ ჯერ ცოცხლად და მერე მკვდარი დავმარხეთ მამა.

მერე კი, როცა ჩვენს თავებთან დავრჩებით მარტო,
როცა კედლიდან შემოგვხედავს სურათი მამის,
მკვდრის, გარდაცვლილის, აღარ მყოფის და გვკითხავს - რატომ?
და თვალს რომ ვეღარ გავუსწორებთ და შემდგომ ამის,
დავიხშობთ სმენას, დავყრუვდებით და მაინც რომ არ,
რომ ვერ დავაღწევთ თავს ამ ხმას და დავიწყებთ ხროტინს,
რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა
და დახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი,
რომ გამოჩნდება საიმედოდ გამოფსკვნილ ყულფით,
კადრი რომ თვალწინ გაგვიელვებს და ტანში გაგვცრის,
როცა ოთახში არ დარჩება არცერთი ყლუპი
ჰაერი, მხოლოდ ხელგაწვდილი მოხუცი კაცი
იდგება ჩუმად, თავდახრილი და იქვე მასთან
ყველა, - ვინც ასე უარვყავით, გავწირეთ, მოვსპეთ,
რიგი და რიგი, წყება-წყება, დასტა და დასტა
ჩვენი ბინძური საქმეების, დაცინვა, გმობა
ღმერთის... და აღარ შეგვიძლია... ეს არის ბოლო,
რისკენაც მთელი ცხოვრებაა (ჯიქურ) მივიწევთ...
არ შეგვიძლია.
რაც შევძელით ის იყო მხოლოდ,
რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ. 
/ნიკა ჩერქეზიშვილი/

Friday, December 6, 2013

ვეხმარებით სტუდენტს, რომელსაც საჭირო თანხა არ გააჩნია სწავლის გაგრძელებისთვის.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კვირეულის ფარგლებში იმართება საქველმოქმედო კონცერტი. ვეხმარებით სტუდენტს, რომელსაც საჭირო თანხა არ გააჩნია სწავლის გაგრძელებისთვის.
(თსსუ, III კორპუსი, "წითელი დარბაზი")

მონაწილეობენ:

"დები გოგოჭურები" 
"დები ზვიადაურები"
"დეკა" 
"შავფაროსნები"
მარიამ ელიეშვილი
"ნიში"
ირაკლი ჭინჭარაული
მერაბ არაბული
გიო არაბული
თემო არაბული
თორნიკე ნაროზაული
ნინო ჭინჭარაული
მაია გონჯილაშვილი 

დასწრება თავისუფალია

ღონისძიება იხილეთ ფეისბუქზეც საქველმოქმედო საღამო

Tuesday, December 3, 2013

საღამო MDS studio-ში

პატარა სტუდია, შემოქმედებითი გარემო,იატაკზე თავისუფლად მოკალათებული მსმენელები, კონტრასტული პოეზია და კარგი მუსიკა........
დაამატებდით კიდევ რამეს?მე-არაფერს...
(მომდევნო საღამოს მოლოდინს თუ არ ჩავთვლი...:))










Saturday, November 16, 2013

დავეხმაროთ პატარა იოანეს!


პატარა იოანე ლაშარისჯვრის ხევისბრის-ლაშა ძებნიაურის შვილიშვილია...ექიმებმა მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. საქართველოში მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.საჭიროა ჩინეთში მკურნალობის კურსის გავლა.
მისი განკურნების ერთადერთი გარანტი ძვირადღირებული რეაბილიტაციაა.
1 დეკემბერს,არტ-ჰოლში, 18:00საათზე,
მის დასახმარებლად ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იოანეს ანაგარიშზე GE22BG0000000629737800,რომელიც საქართველოს ბანკში გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

ზურა დათიკაშვილი
ჯგუფი"ბანი"
ჯგუფი "ფრანი"
ანსამბლი "ქურმუხი"
"დები ზვიადაურები"
ნატა გეჩუაშვილი
ჯგუფი "მთიელი"
ანსამბლი "მეტეხი"
"დები გოგოჭურები"
დავით არჩვაძე
ტარიელ სუარი

მიხეილ ღანიშაშვილი
მარიამ ხუცურაული
გიო არაბული
დეკა ნაყეური
სულხან წულუკიძე
ჯანო იზორია

(მონაწილეთა სია არასრულია)

ბილეთის ფასი 8 ლარი.
მის:დადიანის 26.არტ-ჰოლი.
18:00 საათი.
/ორგანიზატორები- დები ნაყეურები/

Monday, October 21, 2013

***

მოხვედი, ვიცან შენი სახე მიწით გვემული,
მიწაზეც კი არ დაგიკარგავს ღმერთის იერი.

შენი ერთგული შემოხედვით გულმოცემული,
ქალი ქალღმერთებს გავეჯიბრე სიმშვენიერით.

მოხვედი, ცის თაღს შევატოვე ყველა ღვთაება,
სული მოგიძღვენ მეშვიდე ცის დასალიერთან,
ჩვენს ფერხულში კი მთელი ზეცა ისე ჩაება,
ღმერთებისაგან თვით სამოთხე დაცალიერდა.


/მართა ჭინჭარაული/

Thursday, September 26, 2013

არხოტი-ღმერთის საუფლო

(საშინელი მონატრება სცოდნია არხოტს...)

ისევ ატყვია ვიწრო ბილიკებს,
გიჟმაჟი ცხენის ნატერფალები,
ამო, გავშალათ მუხლი პირ-იქით,
სანამ გზას ნისლი დაეფარება.
ნისლი და ქარი, სეტყვა და წვიმა,
ლეგა ღრუბლების შმაგი მარულა,
აქ ვერ გაიგებ რა გათბობს მცივანს
საკარგყმო ყანწი,
თუ-სიყვარული.
ჩამოიტოვებ გავლილ აღმართებს
და ხელუხლებელ საქართველომდე
ისე მიიწევ,თითქოს მწვერვალზე
ქარი კი არა,ღმერთი გელოდეს.
თითქოს წელთგზაზე ეშმა კი არა
(ჭიმღის კლდეთაგან გამოქცეული)
უფლის დიდება განაგებს მარად
ყოფნა-არყოფნას შენი სხეულის.
ერთხელ სიცოცხლე ისე მოკლეა,
მტვრით როგორ უნდა აივსო თვალი?
მთა სიცოცხლეა! სხვა სიცოცხლეა!
წმინდა,
გიჟური,
თავისუფალი!
როგორც -არწივის ცაზე ბოინი,
როგორც- ულაყის კლდეზე ჭენება,
აი, ლემადეც ქედს გადმოივლის,
წარსულში გამხვევს...და მეჩვენება:
დეკიანებში ლეკვებს ყრის მგელი,
აცოცდებიან დედას მშივრები,
ახიელიდან, ამღიდან ცხენებს
მიაქროლებენ არხოტივნები.
დაღონებულა ხოგაის მინდი,
ეჩურჩულება ხე,ქვა, ბალახი,
და ქრისტიანთან სამოყვროდ მიდის,
ბრგე ელიმარძა, მონა ალაჰის.
გადამხობია კურელას საფლავს
ბედი უდროო და უჟამური
და პოეზიას კოცონში მარხავს
გულჯავრიანი ჯაბუშანური.
ასას ნაპირზე გარსიას ჯღანებს
ცეცხლი გაუდის ნაპერწკლიანი,
ბარუქას მძინართ აღვიძებს ღამე
გათენებამდე სახეტიალოდ.
ნისლისფერ ცხენზე შემჯდარა ანა,
ლექსის მუზებთან ცად მოსაუბრე...
აი-არხოტი! "მზეთა ქვეყანა",
აი-არხოტი! ღმერთის საუფლო!
თვალს ვახელ...მუხლი დამრჩა პირ-იქით
და მაინც ვამბობ-"ღირდა წვალება",
ოღონდ მეპოვა როშკის ბილიკზე
გურამის ცხენის ნატერფალები... 
***

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, September 8, 2013

სიკვდილი მთებში

ალფრედ კურელა ყველაზე ადრე გამოძვრა კარვიდან. ცა მოწმენდილი იყო და ციოდა. ქვევით მოჩანდა არხოტის წყალი და დეკიანი ფერდა.
მან ნელა დაიწყო ფეხსაცმელების ჩაცმა, მერე პრიმუსი გამოათრია. პრიმუსი ახალი იყო, პატარა. სწრაფად მოდუღდა წინა ღამეს დარჩენილი წვნიანი.
- ალფრედ, ჩვენ უკვე ყველამ გავიღვიძეთ, - სიცილით გამოსძახა ცოლმა კარვიდან, მერე ისიც გამოძვრა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.
- ეგ არის არხოტის წყალი, ხედავ დეკიან ფერდას? - კურელა წამოდგა, აპარატი მოიმარჯვა, გადაიღო. შემდეგ კარვისაკენ მიბრუნდა.
- ახლა თქვენ! - თქვა მან.
კარავთან ხევსური გამყოლი და მისი შვილი იჯდა.
- მეც გადამიღე მაგათთან! - გაიცინა ქალმა და ბიჭებს ხელი გადახვია. - არა, გიგლა? - უთხრა გამყოლს. გიგლამ გაიცინა და აპარატს შეხედა.
- აქეთ ნუ იყურებით, მთას შეხედეთ, აგერ იქ, - კურელამ ხელი გაიშვირა, - იქით ფრთიანი ფერდა და ნაოჭებში ჩამჯდარი ზვავები მოჩანდა.
- ასე! - თქვა მან.
- ახლა ვჭამოთ, ალფრედ, - ცოლმა ქვაბი გადმოდგა და ჭიქებში დაანაწილა წვნიანი. - დილით ბევრი ჭამა არ ვარგა, - დაუმატა მან.
ისაუზმეს.
გიგლა და სტეფანე კარავს კეცავდნენ.
- ალფრედ, მიიხედ-მოიხედე, რამე დაგრჩება, როგორც ყოველთვის, - ისევ გაიცინა ცოლმა.
კურელა უყურებდა ცოლს და ფიქრობდა: “რა კარგია მთაში!” სადღაც, მთის წვერზე, მზის სხივი დაეცა, მერე ქვევით ჩაიპარა და ხეობიდან ნისლები ამოყარა. ნისლები დიდ ან პატარა ნაფლეთებად მიდიოდნენ ზევით, მერე ერთდებოდნენ და ისევ იშლებოდნენ, ხეობა ახლა რძისფერი გახდა.
- გზა ვიცით, არაფერია, - თქვა კურელამ, - ასეთები გვინახავს, ელპიდე, არა? - უთხრა ცოლს.
ნელა დაიძრნენ ქვევით. ერთ ცხენს ბარგი ეკიდა, მეორეზე სტეფანე იჯდა. ბარგიანი ცხენი წინ მიჰყავდა გამყოლს, მერე სტეფანეს ცხენი მოდიოდა, მერე ელპიდე და ბოლოს ალფრედ კურელა.
- აქ, თუ ამჩნევ, გაცილებით თანაბარია დღე-ღამის ტემპერატურა - თქვა კურელამ.
- ჰო, მეც მინდოდა მეთქვა, მაინც ვერ ვიტყვი, სად მირჩევნია, აქ თუ სვანეთში.
- სვანეთი უფრო დიდია, ჯერ უშბა აიღე!
- მე მაინც ახლა აქ მირჩევნია, თუნდაც იმიტომ, რომ აქა ვარ და არა იქ. რა ჰაერია, ალფრედ! - ელპიდემ უკან მოიხედა. მერე ჯოხი შეურჭო პატარა ქვას და ამოატრიალა.
- კარგ დროს კი მოვდივართ, - თქვა ელპიდემ.
- ჰო, დღეობებს დავესწრებით.
- კარგია, სტეფანეც ბევრ რამეს ნახავს. ნეტავ ოტოც წამოსულიყო.
- ოტო? რაც ცოლი შეირთო, გამოიცვალა, ახალცოლშერთულები ახლა მთაში აღარ მოდიან, ხომ იცი, ზღვაზე გაშავება ურჩევნიათ.
- ჩვენ კი რამდენს დავდიოდით, არა, ალფრედ?
- ჩვენ, ჰო.
- გაისად ისევ წამოვალთ, არა?
- უეჭველად.
- როგორი მარშრუტით? მე მგონია, უკანა ფშავიდან მთათუშეთისაკენ.
- მეც ასე მინდა.
- არა, კარგია აქ, ალბათ, დოღებსაც ვნახავთ, როგორ მოჭენავენ ფერდობზე უბელო ცხენები.
- ჰო, ხევსურები დოღში მარტო უუნაგიროზე სხდებიან.
- ალფრედ, მე ვერ შევძლებ ჭენებას?
ალფრედი კისერში უყურებდა ცოლს, მერე ქალი შეტრიალდა მისკენ. ახლა ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
- რაო, დავბერდი? - ისევ იკითხა ელპიდემ.
- რა დროს ჩვენი სიბერეა, მე შენზე თორმეტი წლით დიდი ვარ, და აი! - კურელამ კუნთები დაჭიმა. - აი! აი, რა შეუძლია მთაში სიარულს, თუმცა სამოცდაერთი წლისა გავხდი.
- მე მაინც შევჯდები ცხენზე, არა?
- შეკაზმულზე, თავისუფლად.
ახლა სტეფანე ფეხით მიდიოდა. ელპიდე მის ცხენზე შეჯდა. ცხენმა ნაბიჯს აუჩქარა, მერე ისევ ნელა წავიდა.
- წარმომიდგენია რა სიამოვნებაა ჭენება მთაში, - თქვა ქალმა.
- კი, მაგრამ არ გირჩევ.
- მე? არც შემიძლია. მართლა, ალფრედ, აღარც ისე ბავშვები ვართ.
- სამაგიეროდ, ხუთი ბავშვი გვყავს, ჩამოთვალე, კარგი?
- საიდან?
- პატარიდან.
- არა, შენ ჩამოთვალე, ოღონდ უფროსიდან, თუმცა სწორი ხარ, უმცროსიდან ჯობია.
ნისლები ახლა სულ აიკრიფენენ, ზევით, ჭიუხების თავისაკენ; წვერებიღა მოჩანდა მზეზე. ნისლი თხელი იყო, მზე შიგ ადვილად ატანდა. კლდე შავი და ჟანგიანი ჩანდა. ახლა ხეობიდან ახალი ქულა წამოვიდა. ახლოსვე დაიშალა და ფერდას შეეფინა. გზა ქვევით იწევდა. შედარებით დათბა, მერე მზემ მდინარეს დააცხუნა. დაცხასავით, მაგრამ ხეობის შემოსაბრუნიდან ნიავმა დაჰქროლა.
- რა კარგია, მზეა, თან გრილა! - თქვა ელპიდემ.
ალფრედ კურელა ჩუმად მიდიოდა.
მერე ყველაფერი უცებ მოხდა.

ამღაში რკინაულის ბავშვის სამუკას ხარჯები იყო, იქიდან გადმომყვა სიმთვრალე ახიელშიც. საიდანღაც ოდნავ მოიღრუბლა. მზე დაიბურა და ჩამოცხა. მხოლოდ ბანზე გრილოდა. მე ვიჯექი ბანის კიდეზე და ლუდით სიმთვრალეს არყით ვირჩენდი.
- ეს შენ გაგიმარჯოს, ანიკო! - გავუღიმე დიასახლისის ქალს.
- გაგიმარჯოს, კარგი ხარ! - დალოცა ვაჟამაც.
ჟიპიტაური მაგარი იყო და მთელ ბანს თავისი სუნით ავსებდა. მე შევეჩვიე, უკვე მსიამოვნებდა მისი სმა. ვაჟასაც სიამოვნებდა. თბილისიდან გუშინ ექსპედიციად ჩამოსული ექიმები უნიათოდ იღიმებოდნენ.
- ნეტა როგორ სვამთ მაგას, ალბათ შეეჩვიეთ, არა? - დაინტერესდა ქერა, მსუქანი ექიმი.
- ჟიპიტაური კარგი სასმელია, - თქვა მეორემ.
- მე დავუსხი და გავუწოდე.
- არა, გმადლობთ, მე დაღლილი ვარ, მერე - კი, - არ ჩამომართვა მან.
დასხმული ყანწი მე თვითონ დავლიე, მერე ვაჟას შევუვსე. ვაჟამ რაღაც სადღეგრძელო თქვა, რა, არ გამიგია. უაზროდ ვიყურებოდი ხევს გაღმა. იქ მასპინძლის ულაყი ება. არხოტში ვერსად ჩავიგდე ცხენი ხელში. არც მიცდია ძალიან, ახლა კი მომინდა. ვგრძნობდი, როგორ მიპყრობდა ჭენების ჟინი, ალბათ ცოტა დროღა მრჩებოდა ხევსურეთში ყოფნის და იმიტომ უფრო მომინდა ჭენება. მერე ორღობეში ვიღაც მხედარი გავარჩიე. უჯრედა პერანგი ეცვა. ცხენი ღობეს მოეფარა და მხოლოდ მხედრის სახე ჩანდა.
- არავინ ცხოვრობს ამ სოფელში? - ქლოშინით თქვა მან.
- აბა, აქეთ მოდი, - დავეშვი კიბეებზე და ცხენის დაბერილ ნესტოებს შევხედე. გახურებული ფაშატი ტორტმანით მოაწყდა ღობეს.
- გერმანელები მომყავდა და... - დაღლილობისაგან ძლივს იჯდა უნაგირზე. - ქალი გადმოვარდა აღმართის თავში, მგონი, კვდება.
მე ჯერ ვერ მივხვდი, ვისზე იყო ლაპარაკი, მერე უცებ გამახსენდა, რომ აქ ამ დროს გერმანელი მწერალი უნდა შემხვედროდა თავისი ცოლით.
- კვდება? - ამოვიყვირე.
- აჰა, თუ ძმა ხარ, - ძლივს გადმოვიდა ცხენიდან და მე პირდაპირ გადავახტი უნაგირს.
გზა ხევზე მირბოდა. სახეში ნიავი მირტყამდა, მწვავდა. შუბლი გამიხურდა. ფაშატი მოკლე ოთხით გადადიოდა ქვებზე და მე გიჟივით ამიტაცა ჭენებამ.
გზა ფერდობზე ავარდა, უკან მოვიხედე, წერტილივით ვიღაც მოძრაობდა ხევში. “ვაჟაა”, გავიფიქრე “ნეტა როგორ არის ქალი, მოკვდა? ასე უცებ? რა სისულელეა”. ცხენიდან ჩამოვხტი, უნაგირი მოვაძრე ზურგიდან და იქვე დავაგდე. ახლა უბელოზე გადავჯექი. ძალა მიეცა ფაშატს. მზე ხევის თავზე ეკიდა. ცხენივით აქლოშინებულს რაღაც უცნაური მეუფლებოდა. ეს არც ჭენების ჟინი იყო, არც სხვისი სიკვდილის შეგრძნებით გამოწვეული განცდა.
იქით, დიდი ლოდიანის ძირში, შეკაზმული შავი ცხენი ჩანდა, რატომღაც მეუხერხულა იქ ასე ჭენებით მივარდნა, შემდეგ ცხენს გავაზე საბელი გადავუჭირე, მივაგდე ლოდიანთან და ჩამოვხტი. შავი ცხენი ბექობზე იდგა, მის უკან ლოდიანებს შუა მწვანე იყო ჩაღრმავებული. ბალახზე ქალი ეგდო გადახეთქილი შუბლით, თავით ქერათმიანი ბავშვი ეჯდა, წარბთან მიმხმარი სისხლიდან ბუზებს უგერიებდა.
კაცი - ალფრედ კურელა - ფეხებგაშლილი ადგა თავზე ორივეს და სურათს იღებდა, სადღაც ბუნდოვნად მესიამოვნა, რომ მან იმ კლდეში გაჭენებულ ცხენზე მჯდარი მნახა, შემდეგ ყველაფერი გაქრა... ახლა ჩემს წინ მხოლოდ ქალი იწვა შუბლგახეთქილი.
- Was ist mit ihr? - ვკითხე გერმანულად
- მორჩა, - თქვა მან რუსულად
- Wie? Sie glauben das ist das Ende? - არ მოვეშვი გერმანულს.
- Ja, - თქვა კურელამ. - Sind Sie Gurami? - განაგრძო მან. რაღაც ღიმილის მსგავსი შევნიშნე მის სახეზე.
- დიახ, - ვუთხარი მე.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. შემდეგ ბიჭისაკენ მიმახედა, რომელიც თავთან უჯდა ქალს.
- რა უნდა ვქნათ ჩვენ ახლა უდედოდ? - თქვა ბავშმა და მშრალი თვალებით შემომხედა.
პირველი, რაც ალფრედ კურელამ შეიგრძნო, იყო საოცარი უმწეობა. დამფრთხალი ცხენი ლოდიანებზე მიხტოდა, ელპიდე მარცხენა ფეხით ეკიდა უზანგზე და ქვებს გლეჯდა ხან მკერდით, ხან კეფით. გიგლა ადგილზე გაქვავდა. გამოდევნება უშედეგო იყო, შეუძლებელი. პირველად სანახაობა უფრო უცნაურს ჰგავდა, ვიდრე შესაზარს. საზარელი მერე შეიგრძნეს, მაშინ, როდესაც ცხენი თავისით გაჩერდა. არა, უფრო გვიან, როცა ქალის ფეხი გამოაძრეს უზანგიდან.
ელპიდე ლოდიანებს შუა ჩაღრმავებულ მწვანეზე დააწვინეს, ის ჯერ უმოძრაოდ იწვა, მერე მოკვდა. ის უფრო ადრე მოკვდა - როდესაც გადმოვარდნისას კეფა დაარტყა. შემდეგ აღარაფერი შეუგრძვნია, კეფის მერე ხელი გაეხლიჩა, ლოდიანმა გადმოატრიალა სხეული, თვითონ ფოსოდან ამოვარდა და შავი მიწა გამოაჩინა. მერე ლოდს შუბლით დაეჯახა. შუბლი გადასკდა, მერე გადაეფხრიწა ფეხი, ,,სპეცოვკის” სამხრული გაწყდა და შიშველა, ოდნავ მიმჭკნარი ძუძუ გამოუჩნდა. თეთრ, ჩრდილოურ მკერდზე სისხლი წითელ ზოლებად დააჩნდა.
ჩაჩოქილი კურელა მაჯას უსინჯავდა. მაჯა არ სცემდა. მერე მკვდარმა სხეულმა ამოიქშინა და სისხლმა გამოჟონა ტუჩებზე. შემდეგ ყველაფერი შეწყდა.
მომხდარი ჯერ ისევ უცნაური და საშიში იყო. სტეფანე იჯდა დედის თავთან უხმოდ. ალფრედი იდგა. გარშემო მთები იყო აზიდული. კიდეგანიდან ღრუბელი მოდიოდა და ხეობაში უზარმაზარი ჩრდილები დაძრწოდნენ. კურელამ დიდი დრო გაატარა მთებში, მაინც უცხო იყო აქ ყველაფერი, უცხო და უცნაური; ხალხი უცნობი, მდინარე ცივი, ხმაურიანი. ეს იყო უცხო მხარე. სადღაც ერთდებოდნენ მის შეგრძნებაში სიმწუხარე და შეუცნობელი, არამშობლიური. ყველაფერი ეს უფრო საოცარი იყო. ლოდიანებს შუა იწვა მისი მეუღლე - უკვე მკვდარი. მეუღლე, რომელიც ერთი საათის წინ ცოცხალი იყო, მხიარულად ლაპარაკობდა და რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა. ერთი მათგანი თავთან უჯდა ცხედარს. ის აბუზული იყო, საცოდავი, არც ტიროდა, არც ხმას იღებდა.
- ჟა, სო, - თქვა კურელამ.
ბიჭმა თავი მიაბრუნა იმ ადგილისაკენ, სადაც ცხენი წაიქცა და დაფრთხა.
- აი იქ იყო, - ხელი გაიშვირა ალფრედმა. - ღმერთო ჩემო, რა მანძილია აქამდე, თანაც ქვები, აი, - გაიხედა ცხენისაკენ. შავი ცხენი ლოდიანებს ზევით იდგა და უკანა ფეხი აწეული ჰქონდა.
- ცხენს ფეხი მოტეხილი აქვს, - თქვა სტეფანემ.
- დაცემის დროს მოიტეხა, - თავი გაიქნია კურელამ. - ალბათ, ჩქარა მოვლენ სოფლიდან, გიგლა უკვე ოცი წუთია წავიდა.
შვილმა ყვავილი მოწყვიტა და ცხედარს შუბლიდან ბუზები გაუქშია.
- რა კარგია მინდვრის ყვავილები, ნახე ის ყვითელი? - მოწყვიტა რამდენიმე ყვავილი კურელამ და ხელში დაიჭირა. ბიჭმაც მოწყვიტა, მერე ლოდიანზე დააწყო. ორივე გაურბოდა ცხედარზე ლაპარაკს. რაღაც იყო მათთვის სიკვდილში საოცარი და უკვე მომხდარი, რომელსაც არაფერი ეშველებოდა. გარშემო კი ყველაფერი უცნობი იყო, საშიში. ღრუბლის ჩრდილები ლოდიანებზე გადადიოდნენ, ხეობის თავზე ნისლებში ძერა დაბუინობდა და წყალი ქაფივით ეშვებოდა კლდეზე.
- შეიძლება წვიმა მოვიდეს, - თქვა ალფრედმა, ბიჭმა ზევით აიხედა, მერე ისევ გაუქშია ბუზებს. ბუზები კი მოდიოდნენ, მოფრინავდნენ. მთებს შუა სიკვდილი იწვა, ჯერ კიდევ სისხლიანი, ახალი.
გურამი თავზე ადგა ცხედარს და კურელას ხელს ართმევდა. ის უყურებდა მისთვის უცხო სიკვდილს, რომელიც მთებს შუა იწვა უმოძრაოდ. უკვირდა სიკვდილიც და მათი სიცოცხლეც, რომლებიც სიკვდილთან ერთად გაიცნო.
კურელა ექსპონომეტრს აყენებდა. მერე აპარატი მოიმარჯვა და იმ ადგილის სურათი გადაიღო, სადაც ელპიდე იწვა.
- რა უცნაურია, დილით იცინოდა, ერთად ვიყავით, ახლა? - შეუმჩნევლად გაუმრუდდა სახე, ახალი ადამიანის გამოჩენამ ოდნავ შეურბილა სიმტკიცე, უფრო შეაგრძნობინა სიკვდილი. - ჰო, ჰო, - დააყოლა მან.
გურამი იდგა და ხმას არ იღებდა, მერე თქვა:
- მაინც რა შეიძლება?
- არაფერი, უშედეგოა ყველაფერი.
გურამმა ყვავილები მოწყვიტა და თავთან დაუწყო მიცვალებულს. ცხენის აღვირი ხელში ეჭირა. “რა დაღლილია ცხენი, ძლივსღა ქშინავს”, გაიფიქრა, მერე შავ ცხენთან მივიდა, უნაგირი მოხადა.
- მაგაზე ნუ შეჯდები, ფეხი მოტეხილი აქვს, - თქვა კურელამ.
- უკანა ფეხი, - თქვა ბიჭმა.
- მე წავალ ხალხის მოსაყვანად, - თქვა გურამმა, მერე ბიჭს ხელი ჩამოართვა. ბიჭი წამოდგა.
- რა უნდა ვქნათ ჩვენ ახლა უდედოდ? - თქვა მან.
- რას იზამთ ახლა? - შეეკითხა გურამი კურელას.
- მარშრუტისას? არ ვიცი. უიმისოდ, ალბათ, ვერ შევძლებთ გზის გაგრძელებას.
- აქ დღეობებია, ათენგენობა.
- ჰო, ვიცი. როგორ ელოდა დღეობებს!
- რა ერქვა?
- ელპიდე.
- ელპიდე, - გაიმეორა გურამმა, მერე ორჯერ თქვა რატომღაც თავისთვის: “ელპიდე, “ელპიდე”, ყვავილები დაკრიფა, თავთან დაუწყო და ცხენს გადააჯდა.
ცხენი ლოდიანებს შუა მიხტოდა, “ხომ შეიძლება მეც გადავვარდე”?! - ფიქრობდა გურამი და უფრო მიაჭენებდა ცხენს.
ფერდობზე ქლოშინით მორბოდა ვაჟა.
გურამმა ხელები გადააჯვარედინა, მაგრამ ჯვარი დაბრეცილი გამოვიდა და გაჩერების ნიშანს დაემსგავსა. ღელავდა, კიდევ ანიშნა სიკვდილი, ვაჟამ მაინც ვერ გაიგო, რაღაც იყო შეუცნობელი, სიმწუხარისა და ამბის ნახვის, ცნობისმოყვარეობას შორის, რომ პირველმა მან ნახა სიკვდილი.
- მოკვდა, - თქვა, როცა ახლო მივიდა.
- ჰა? - პირი დააღო ვაჟამ.
- უკვე მოკვდა, არაფერი ეშველება.
- სად არის?
- აი იქ, ლოდიანებში, ჯერ შავ ცხენს დაინახავ.
ვაჟა ზევით წავიდა, გურამმა ქვევით გააჭენა ცხენი. ხეობაში ხალხი გამოჩნდა. წინ ექიმები მოდიოდნენ. უკან მომავალ ხევსურებს საკაცე მოჰქონდათ.
- უკვე მოკვდა, - თქვა გურამმა.
- რა უბედურებაა! - თქვა ბოხხმიანმა.
- საწყალი... ალბათ კურელა თავს იკლავს, არა?
- არა! - ჩაილაპარაკა გურამმა და ცხენი ხევსურებისაკენ დაძრა. “მე ის კაცი მეცოდება აქ, ამ უცხოეთში” - მოესმა უკნიდან.
- რა? მოკვდა? - დაიძახა ვიღაც ხევსურმა, დანარჩენებმა ნაბიჯს აუჩქარეს.
- მოკვდა, მოკვდა, - გურამმა ისევ ზევით გააჭენა ცხენი.
კურელა ისევ თავს ადგა ცხედარს. ახალმოსული ექიმები სინჯავდნენ მკვდარს.
- კეფა აქვს გატეხილი, იმითაა მკვდარი, - სხვა ექიმებს გადახედა ბოხხმიანმა.
- ჰო, მაინც ვერ გადარჩებოდა.
- რა ყოჩაღი ხალხია, კაცო, ქართველი, ალბათ, თავს მოიკლავდა მის ადგილას.
- გიგლა გიჟდება ქვევით, ჩემ ბრალად ვთვლიო, ამბობს, - თქვა ხევსურმა.
კურელა დაიძრა.
- მართლა, - თქვა მან, - გიგლას უთხარით, რომ მისი ბრალი არაფერია, რომ მე, პირიქით, მისი მადლობელი ვარ, მოხდა შემთხვევა, სამწუხაროდ ვერაფერს იზამ.
- ცუდი შემთხვევაა, - მიეყუდა ლოდიანს გურამი.
- ჰო, სამწუხაროდ, - განაგრძო ალფრედმა. - არ იყო ავად, არ იყო მოხუცი, იჯდა ცხენზე ბედნიერი, მხიარული, თავის საყვარელ ქმარ-შვილთან ახლოს. საუბრობდა და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს უკვე მოხდა. ამას ვთვლი მე ერთ-ერთ ბედნიერ სიკვდილად, თუ შეიძლება ასე დაერქვას სიკვდილს. საწყალი ელპიდე, რა უცებ... ყველაფერი, - თავი გააქნია მან, ცრემლების მსგავსი მოადგა თვალებზე, გრძნობამ სძლია წამით გონებას, - აი იქ დაეცა პირველად, - ხელი გაიშვირა მან.
გურამი წამოდგა, წინ ალფრედი წავიდა. ზევით ლოდიანი ამობრუნებული იყო და მიწა ჩანდა.
- აქ არა, უფრო ზევით, - ახლა ბიჭი წავიდა წინ.
იქ ძირიანად ამობრუნებული გორახები ეყარა, ჩაფხეკილი მიწა შავად ჩანდა. ალფრედი ისევ ყვებოდა გადმოვარდნის ამბავს. ცხენს ჯერ უკანა ფეხი დაუცდა, ელპიდემ მარჯვენა გამოიღო უზანგიდან. ამ ქვას დაადგა, ცხენი მოულოდნელად დაფრთხა, მარცხენა ფეხით დაითრია.
- როგორ მოხდა? - იკითხა ქვევიდან მოსულმა ექიმმა. კურელა ახლა მას მიუბრუნდა.
- რაო, რას ამბობს? - იკითხა ახალგაზრდა ხევისბერმა.
გურამმა უთარგმნა.
კურელა კი ისევ ყვებოდა.
- ცხენი მირბოდა, ის ეკიდა ფეხით და ტანით ეხეთქებოდა ცხენს, შველა არ შეგვეძლო, ჰო...
ახლა მას ამ ამბის უანგარიშო მოყოლა უქარვებდა დარდს, რამდენსაც მეტს ყვებოდა, უფრო მშვიდდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ სხვები ღელავდნენ და წამით მაინც სხვაზე გადადიოდა მისი დარდი. მერე ექსპონომეტრი ამოიღო.
- თუ უცებ არ გადაიღე, ღრუბელი ეფარება მზეს და ხელახლა უნდა დააყენო ექსპონომეტრი, - თქვა, მერე გურამს მისცა აპარატი. - მეც გადამიღე ამ ადგილზე, - ის ამოთხრილი გორახების პირას დადგა.
- არ ვიცი, რა ეშველება თქვენს დარდს, - შუბლზე ხელი მიიდო ბოხხმიანმა.
კურელამ თავი გაიქნია.
- კაცმა შეიძლება ამ დროს თავი მოიკლას, - ანუგეშა მსუქანმა ექიმმა.
ქვევით ქალები ყვავილებს კრეფდნენ.
- თუ ძნელი არ იქნება, ჩვენც დავკრიფოთ ყვავილები, - დაწვდა კურელა ყვითელთავას, - აი ასეთები უყვარდა ელპიდეს, აი მისი დანაც, როგორ უყვარდა საწყალს.
დანა ამობრუნებული ლოდიანის ქვეშ ეგდო, შავი ტარი ჰქონდა და ორი პირი. ალფრედმა ჯიბეში ჩაიდო, მერე ფანქარი აიღო.
- დღეს რაღაც დაწერა მგონი ამ ფანქრით, - თქვა მან, მერე ისევ აპარატი მოიმარჯვა და ამოთხრილ ლოდს გადაუღო სურათი.
- ამღა სად არის? - მოულოდნელად იკითხა მან.
- ახლოა, ახიელთან, ორი კილომეტრია, - უპასუხა გურამმა.
- საქმე მაქვს იქ. მარშრუტს, ალბათ, ვეღარ გავაგრძელებთ უიმისოდ, ჰო, ამღაში მაინც ჩავალ, ტიხონოვმა მთხოვა თავისი პოემისათვის რამდენიმე სურათის გადაღება, რომ გაიგებს, როგორ ეწყინება ელპიდეს ამბავი, ახლო იყვნენ ერთმანეთთან.
გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას. მერე უთხრა:
- ხევსურები ამბობენ, სოფელში წავასვენოთო ამაღამ, ხვალ კი ბარისახოშიო.
- არა, არ მინდა. ჩვენ ასეთი პირობა გვქონდა, პირობა კი არა საუბარი, რომ სადმე მყინვარზე დაგვესაფლავებინა ერთმანეთი. აქ საუცხოო ადგილია, მდინარე, კლდე, კლდის ძირში დავასაფლავებ, კლდეში მარმარილოს წარწერას გავუკეთებ შემდეგ. ასე ერჩივნა ელპიდეს.
- თქვენ?
- მეც ასე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ელპიდეც ასე მოიქცეოდა, მე რომ შემმთხვეოდა...
სტეფანე კლდის ქიმზე იჯდა და პირდაპირ მთას სურათს უღებდა. “თითქოს სულ არ დარდობს”, გაიფიქრა გურამმა.
- ჩვენ ასე გავზარდეთ შვილები: მოკვდა, ესე იგი მოკვდა, - ბოდიში მოხადა შვილს კურელამ, - ჰო, ისინი ასე გავზარდეთ მეც და ელპიდემაც, - დაამთავრა მან.
გურამმა თავი გაიქნია. ახლა სტეფანე მუცელზე იწვა და წყალსა სვამდა, მერე ადგა. წიწილას გავდა, თმები სველი და აბუზული ჰქონდა. გურამი მიხვდა, რომ ვაჟაც იმასვე ფიქრობდა.
- მეც ეგრე მგონია, - თქვა მან.
- არც მამა და არც შვილი ჯერ აზრზე არ არიან, რა მოხდა, ჯერ ისევ უკვირთ, - ვაჟა ლოდიანზე ჩამოჯდა.
- მეც ეგრე მგონია, - გურამიც ჩამოჯდა ლოდიანზე, მერე რატომღაც მოეჩვენა, რომ თითქოს იმას არ ფიქრობდა, რასაც ვაჟა.
- მაინც ძალიან ცოტას დარდობენ, არა? - თქვა გურამმა.
- ეგრე უნდა, მა რა! აბა რა ქნან, მეც ეგრე ვიზამდი, - ვაჟამ კურელას ახედა, რომელიც ახლა შავ ცხენს უღებდა სურათს.
- შენ შეიძლება არ გეტირა, ეგრე კი ვერ გაერთობოდი.
- ეგ შეიძლება.
- ჰოდა, ეგ არის ნამდვილი დარდი.
- მე მგონი სისუსტეა.
- დარდმა სისუსტე იცის.
- მაგათმა დარდმა არ იცის, ძლიერი კაცია.
- მაინც დარდის უნარიც სიძლიერეა.
ვაჟამ თავი გააქნია.
- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.
ვაჟამ ისევ გაიქნია თავი, მერე თქვა:
- ეგენი დარდობენ, ოღონდ ცოტას, მე მაინც მგონია, ჯერ გონს ვერ მოსულან.
- არც ეგეთი ბავშვია კურელა, - თქვა გურამმა.
მერე იფიქრა, რომ შეიძლება, მართლაც, მათთვის ამ ამბავში საკვირველი უფრო მეტია, ვიდრე საზარელი. მერე კიდევ იფიქრა, რომ კურელამ მშვენივრად იცის, რომ სიკვდილი არის სიკვდილი. მერე ფიქრს თავი დაანება და ხევსურებისაკენ წავიდა.
- ხვთისო, - უთხრა ხევისბერს, - წერაქვებ მოიღეთ და საფლავი გაუთხარეთ, აქ ითხოვს თავად.
- ჩავიტანთ სოფელში, არ გვეზარება.
- აქ ითხოვს თავად.
- მაგისთვის ჩამოვიდა აქ? იქ წესს მაინც ვეტყვით.
- არა, აქ უნდა, ამბობს - მთა უყვარდა, მდინარე უყვარდა, თვითონ მკვდარს ესიამოვნება აქ დასაფლავებაო.
- მაინც რა უნდოდა აქ?
- ისე, მოგზაურობდნენ.
- მთავრობა ფულს აძლევდა, ალბათ.
- არა, თვითონ.
- ქალს რაღა უნდოდა?
- აინტერესებდა.
- ვალიკო, - დაიძახა ხვთისომ, - ეგ ცხენი და სოფლიდან წერაქვებ მაიღ, ბარიც. აქ უნდა დავასაფლაოთ.
- წაგვეღო ქვევით, ხვთისოვ!
- აქ უნდა თავად.
ვალიკო ცხენზე გადაჯდა, ხვთისომ წეკო მიაწოდა გურამს. წეკო ფილტვებს წვავდა. გურამს სიამოვნებდა რატომღაც ეს მძიმე ხველება. “ალბათ ჭლექიანებიც ასე ახველებენ”, გაიფიქრა. ახლა კიდეგანი სულ ჩამოიბურა და სიცივე წამოვიდა.
- წვიმა იქნება, - თქვა ხვთისომ.
გურამმა ხვთისოს დანა გამოართვა, მერე ბუჩქს ტოტი ჩამოაჭრა და გვირგვინის კეთება დაიწყო. ტოტი ადვილად მოიხარა და მართალ გვირგვინს დაემსგავსა. კურელამ კანაფი მოუტანა. ქალებმა გვირგვინზე მინდვრის ყვავილების დამაგრება დაიწყეს. მუშაობის დროს მათ ალფრედმა სურათი გადაუღო. გურამმა ახლა სხვა, უფრო მსხვილი ტოტი მოჭრა, უნდოდა თვითონ გაეკეთებინა ერთი გვირგვინი. ტოტი არ მოირკალა მთლიანად, ნახევარ რკალად დატოვა და ზედ ყვავილების დამაგრება დაიწყო, მერე ვაჟა მოვიდა, თან მთელი იღლია ყვავილები მოიტანა.
- ახლავე მოგეხმარები მეც, - თქვა ალფრედმა და ამობრუნებული გორახებისაკენ გასწია, ზორბა სხეულით დაებჯინა ლოდიანს. ერთხანს ასე იდგა. გურამი ქიმის ქვევიდან უყურებდა. მას ახლა მოსწონდა გერმანელი მწერალი, რომელიც ყოველნაირად იკავებდა თავს, რომ თავისი დარდით სხვა არ შეეწუხებინა. კურელა ამ ტრაგედიას უყურებდა მომავლის თვალით, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც დაამშვიდებდა მას, ითვალისწინებდა დარდს პერსპექტივაში.
გურამი ზლაზვნით წავიდა ზევით; იქ საფლავს თხრიდნენ.
საფლავის ერთ მხარეს, ქვევით, წყალი ჩადიოდა, ზევით დიდი ტინი იდგა, რომლის უკანაც იწყებოდა გველის მთა. აქედან მხოლოდ გველის მთის ძირში დაყრილი მთალოდები ჩანდა. ჟინჟღლავდა. ახალგაზრდა ხევისბერი უმოძრაო სახით ებრძოდა ტინს. მოქნეულ წერაქვს კლდის ოდნავ დაღებულ პირში ურტყამდა, არყევდა ტარით. ერთი პირი ამოამტვრია, მერე ღორღი დაიწყო. ახლა საფლავის ბოლოში ამოვიდა ტინი. ნელა ღრმავდებოდა სამარე. ხვთისომ წერაქვით შემოუარა და ძირი ვერ უპოვა ქვას. უფრო ღრმად შემოუარა, ქვა სიგანეში წავიდა. მეტი თხრა აღარ შეიძლებოდა.
ახლა კიდეგანიდანაც დაეშვა ღრუბელი და გველის მთის ნისლს შეუერთდა. ამ დროს მზე გამოვიდა. ჰაერი დაიხუთა. ხვთისომ ცას ახედა. “წვიმა მოვა”, გაიფიქრა გურამმა.
- სხვა უნდა დავიწყოთ, აქ აღარ მიდის, - თქვა ხვთისომ.
ვალიკომ დინამიტი მოიტანა.
- თევზებისათვის მინდოდა, - თქვა მან.
დინამიტი კლდის ძირში შედეს, ექიმები ქვევით წავიდნენ, იქით ნისლი იყო და აღარა ჩანდნენ. ხევსურები კლდეს ეფარებოდნენ. ვალიკომ პატრუქს მოუკიდა.
კურელა მარტო იჯდა ქვევით ცხედართან და მეუღლის შუბლზე შემხმარ სისხლს უყურებდა.
- დინამიტი დაუდეს, - თქვა ყრუდ გურამმა და ჩამოჯდა.
- ჰო, ჰო, - კურელამ გურამს შეხედა, - ახლა აფეთქდება, - თქვა მან.
ექო კლდეს შეეფერთხა, ლოდიანის ნამტვრევები წუილით ავარდა ჰაერში, მერე ექომ უფრო შორს დაიძახა, მერე უფრო შორს და სადღაც მოკვდა. ხევსურები ამოთხრილ ადგილში მიწას ყრიდნენ, ღორღი არ იტკეპნებოდა კარგად.
- მზად არის, - თქვა ხვთისომ და გვერდზე სიპების დაწყობა დაიწყო.
ყველანი ცხედართან მოგროვდნენ. კურელა იდგა და ისევ მეუღლის შუბლზე შემხმარ სისხლს უყურებდა, მერე თქვა:
- კიდევ კარგი, დაღამებამდე მოვასწარით, მე ძალიან მადლობელი ვარ.
- იქნებ გამოთხოვება უნდა, - გურამი ზევით წავიდა. ყველამ ზევით იბრუნა პირი.
- უკვე, - თქვა კურელამ - გამოვეთხოვე.
ცხედარი საკაცეზე დაასვენეს. საკაცე ორი გრძელი ხისგან იყო გაკეთებული და შუაში თოკები ჰქონდა ჩახლართული. კურელას მიცვალებულისათვის სამთო ფეხსაცმელები გაეხადა. ახლა მას ჩუსტები ეცვა. ცხედარი საბანში გაახვიეს, მერე გამჭვირვალე საწვიმარი გადაახურეს. გურამი მიცვალებულის ფეხებს უყურებდა.
- ფეხსაცმელებს ვინმეს მივცემ, ზოგჯერ მაინც მიხედავენ საფლავს, - თქვა ალფრედმა.
არხოტის წყლის თავიდან ქარი უბერავდა. ნისლები გადაიყარა. ციოდა. მაგრამ მზე წავიდა. გურამი საკაცეს დასწვდა. ქარმა მოუბერა და საწვიმარი ახადა ოდნავ, მერე საწვიმარი ისევ დააკვდა მკვდარს. გურამმა უკან დაიხია. ყველაფერი ეს მიცვალებულის განძრევას ჰგავდა. ერთი წუთით ეჩვენა, რომ ის გაცოცხლდა. ახლა უფრო კარგად შეიგრძნო სიკვდილი.
- ხომ არ შეიძლება შეცდომა იყოს? - თქვა კურელამ და საწვიმარი დაამაგრა.
ექიმმა მკვდარს მკლავი გაუსინჯა, ნახევრად მოხრილი და გახევებული.
- სიკვდილიდან ორი საათის შემდეგ ხდება ხოლმე სახსრის გაძვალება, - თქვა მან.
ცხედარი მაღლა ასწიეს და საფლავისკენ წაიღეს. კურელა სურათს იღებდა, მერე საფლავში ჩავიდა და ვაჟას სთხოვა, გადაეღო. ვაჟამ გადაუღო. ახლა ხვთისო პირდაპირ ჩაწყობილ სიპებს ფართო, ბრტყელ სიპებს აფარებდა გარდიგარდმო. აკლდამა უცებ ამოშენდა. მერე მიაყარეს მიწა. ზედ ქვები დააწყვეს. კურელამ გლუვი სიპი იპოვა და დააწერა:


Элпидэ Курелла
(1908 – 1957)


წარწერა გულზე დაადეს, მერე დააყარეს ყვავილები. მათ უკვე მოესწროთ დაჭკნობა. საფლავის გარშემო უაზრო სახეებით იდგნენ ხევსურები. ექიმები თავჩაქინდრული უყურებდნენ დამჭკნარ ყვითელთავებს. ბოხხმიან ექიმს თვალებზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი.
- ის ქვა იქ ჯობდა, - თქვა მან.
ხვთისომ აიღო და დადო ის ქვა იქ. საფლავი ისევ მოწყენილი ჩანდა. კურელამ ბოხხმიანს შეხედა.
- თუ შეიძლება, გადაუთარგმნეთ, მე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. მან დაიწყო:
- ოცი წელია, რაც ელპიდე კურელა ჩემი მეუღლეა, ის ხუთი შვილის დედაა, მწერლის ცოლია, ალფრედ კურელასი. ის თავისთავად ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ექიმი. ბევრის სიცოცხლე უხსნია მას. ელპიდეს ძალიან უყვარდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ხალხი და განსაკუთრებით კავკასია, საქართველო. ის აფხაზეთის მთებში ცხოვრობდა და მუშაობდა ექიმად სამი წელი, ის ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყო.
ბოხხმიანი თარგმნიდა თავჩაქინდრული, მერე ხმაში ცრემლი შეერია.
- ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, - გაიმეორა კურელამ.
ბოხხმიანს თვალებზე ცრემლი მოადგა, მერე ხელი აიღო მაღლა, ჩაიქნია, განზე გავიდა, იქვე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო.
- ეტყობა, დაიღალა დგომით, - მიჩურჩულა ვაჟამ.
თარგმნა ქალმა განაგრძო:
- მე უაღრესად მადლობელი ვარ, ხევსურებო, თქვენი, უღრმესად. არც მე და არც ჩემი ხალხი არ დაივიწყებს თქვენს ამაგს, კიდევ ერთხელ გმადლობთ ჩემი და ჩემი განსვენებული მეუღლის სახელით. მოვრჩი, - თქვა მან.
ხევსურები აიშალნენ. ბოხხმიანი ნელა დაეშვა სოფლისაკენ. სხვა ექიმები უკან მიჰყვებოდნენ. კურელამ კიდევ ერთი სურათი გადაიღო.
- რა კარგად უჭირავს თავი კურელას, - თქვა გურამმა.
- ექიმსაც კი აუჩუყა გული, - ჩაიცინა ვაჟამ.
- ჰო.
- ვითომ კურელაზე მეტს დარდობდა, არა?
- ჰო.
- წავიდეთ, - მოესმა გურამს კურელას ხმა. ბილიკი ისევ ქვიანი იყო, მერე ხევი დაიწყო. ახიელში სამძიმრით შეხვდნენ ხევსურები კურელას და ათენგენში დაპატიჟეს, თან ეუბნებოდნენ, თქვენ მაგის თავი არ გექნებათ, ვიცით, მაინც ამოდითო.
- სიამოვნებით წავალ, - თქვა კურელამ, - საწყალი ელპიდე სულ მაგ დღეობების მოლოდინში იყო, მისი გულისთვის მაინც, ჰო.
- დილით ერთად ვიყავით, ახლა? - კურელამ ხელი ხელს მიადო. - ჰოო, - თქვა მან.
ბანზე ქვევიდან სიბნელე ამოვიდა. კიდეგანას პატარა მთა ეფარებოდა და ის თვითონ ჰგავდა კიდეგანას. წამოწვიმა, მერე გადაიღო. კურელა მარტო იჯდა, შემდეგ სხვებს სთხოვა მასთან ახლო დამსხდარიყვნენ და საუბარში გაერთო. სტეფანე მოყუჟული უსმენდა მამას.
- ჯერ კიდევ აზრზე არ არის ბიჭი, - თქვა ვაჟამ.

გურამი და ვაჟა საფლავის ქვაზე ისხდნენ. საფლავზე ქვები ბევრი იყო, ისინი გაფანტულნი ეყარნენ. ერთი ზევით იჯდა, მეორე ქვევით. აქედან ხეობა მოჩანდა ბილიკის ნაფლეთებით.
- ცხენებზე სხედან და რა ნელა მოდიან, - გაეღიმა ვაჟას.
- აბა რა იქნება. საერთოდ რომ შესხდნენ, გუშინწინდელი ამბის შემდეგ, არ გიკვირს?
- ჰო, მართლა, მიკვირს, გინდა გითხრა მართალი? ამ ადგილას ხევსურებიც კი ჩამოვლენ ცხენიდან, ყველას რაღაც შიში აიტანს, უფრო ძნელ ადგილას კი აჭენებენ.
- უფრო ძნელ ადგილას კი.
- გახსოვს, გუშინწინ, ხატში ყველა რა კმაყოფილი იყო, როგორ იგონებდნენ, რომ თვითონ ცხენით გამოიარეს ეს ადგილი და არ გადმოვარდნენ?
- ექიმები გახსოვს?
- აგერ გამოჩნდნენ.
გურამი წამოდგა, მერე თქვა:
- ხედავ, რა მძიმედ მოდიან?
- ბიჭო, რაც მაგათ სამძიმარი უთხრეს გუშინ! - გაიხუმრა ვაჟამ.
- კურელასი არ ვიცი, მე კი სამძიმრების თარგმნამ დამღალა. მართლა, როცა მოვლენ, ჩვენ იქით წავიდეთ, დაემშვიდობოს უკანასკნელად, მე მგონი, ამის მეტად აღარც ჩამოვა.
- მეც ეგრე მგონია.
კურელა ცხენიდან ჩამოხტა და საფლავთან მივიდა. სტეფანე უკვე ლოდიანზე იჯდა. ვაჟამ ცხენები ჩამოართვა ორივეს. კიდეგანას ფერდაში ნისლი მიიყუჟა. ჰაერში ნესტი ტრიალებდა. კურელამ სიპზე დაწერილი გაასწორა, “მარმარილოს კლდეში გავაკეთებ”, თქვა თავისთვის, მერე დამჭკნარი გვირგვინი აიღო და საფლავზე ახალი ყვავილები დააწყო. “ესენიც ჩქარა დაჭკნება, მაგრამ მაინც”, - თქვა მან თავისთვის, მერე სახე უცებ დაეძაბა, თვალები დაებერა, ნელა მივიდა შვილთან და მხარზე დაადო თავი. სტეფანე მოკუნტული იჯდა. დილით დასველებული თმა აეშალა, სახე გაფითრებული ჰქონდა სიცივისაგან და მზეზე დამწვარი ცხვირი წითლად უპრიალებდა.
- საწყალი ალფრედი, ახლა დაარტყამს, ალბათ, ელდა, - თქვა ვაჟამ.
- ბიჭსაც, ხო იცი.
- ბიჭი წიწილას დაემსგავსა. ჯერ აზრზე არ არის.
- წავიდეთ, - თქვა კურელამ და გაიღიმა. - აი, იმ ბილიკით რომ წავსულიყავით, არაფერი მოხდებოდა, - მან გაღმა გაიშვირა ხელი.
ვაჟამ უზანგი დაუჭირა, ის მძიმედ შეჯდა ცხენზე.
- ქვევიდან რომ მოევლო იმავე ბილიკისათვის, არაფერი იქნებოდა, - თქვა ვაჟამ.
გზა მთაში წავიდა, მერე თოვლზე გადავიდა და უღელტეხილს შეუდგა. აქ ნისლი იდგა, თეთრი ნისლი. ნისლი ცოტა ნათელიც იყო, სავალი გზა ხუთიოდე ნაბიჯზე მოჩანდა. ქარი ფერდას ურტყამდა, - ყინავდა, მერე ყინვამ უფრო იმატა. გურამს მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა, ააძაგძაგა და ნაბიჯს აუჩქარა. ვაჟამაც აუჩქარა. ცოტა გახურდნენ, მაგრამ ზევით ქარმა იმატა. ისევ აცივდა ძალიან. უკან დარჩენილი კურელა ცხენიდან ჩამოვიდა. სტეფანეც ჩამოვიდა ცხენიდან.
“ნეტა არ ჩამისწროს ამბავმა თბილისში”, ფიქრობდა ალფრედი. “არ მინდა ჩემმა პატარა გოგომ გაიგოს უჩემოდ. ალბათ, თვითმფრინავი იქნება, ხვალვე გადავფრინდები. საწყალი ელპიდე, ვეღარც მარშრუტი გავაგრძელეთ ორმა, უხერხულიც არის. სად უნდა გავატაროთ შვებულების დანარჩენი დრო? ვნახოთ, შევკრებ შვილებს და მთაში ამოვალთ, უკანა ფშავში. მაინც ამბობენ, იქ მშვენიერი ხედებიაო. იმ ადგილებთანაც ახლო ვიქნებით, სადაც ელპიდე დაიღუპა. საწყალი ელპიდე, მხიარული, გამრჯე დედა, საწყალი”.
გზამ ქვევით დაიწყო დაშვება, ნისლები უფრო დაინისლნენ და ჩაწვნენ, ვაჟა და გურამი უღელტეხილის ქვევით იცდიდნენ. აქ ქარი უბერავდა, ციოდა. როცა კურელა მოვიდა, ვაჟამ “შტორმოვკა” ამოიღო ცხენზე გადაკიდებული ზურგჩანთიდან, გურამს გადაუგდო. “შტორმოვკაში” ქარი არ ატანდა და თბილოდა.
- აქ ცოტა დავისვენოთ, - თქვა ალფრედმა, მერე საველე ჩანთა გახსნა, - მოდით აქ, - დაიძახა მან.
- აი, ჩვენი მარშრუტი შუაფხომდე, გზაც ესე მაქვს აღნიშნული, აი, ამ შავი ფანქრით ოჩიაურის შენიშვნებია, ხედავთ?
- ჰო, - თქვა გურამმა, - ჯერ რომ შატილით წასულიყავით, ეგ ამბავი არ მოხდებოდა.
- მაგ “რომ”-ზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგ “რომ”-ების უზარმაზარი ჯაჭვი შეიძლება გაკეთდეს, ასე რომ ჩავყვეთ, მივალთ იქამდე - “რომ” საერთოდ არ დაბადებულიყო, არც მოკვდებოდა.
გურამი უსმენდა და ხვდებოდა, ასეთი ანალიზი უმსუბუქებდა კურელას დარდს. ამით იგებს ის, ფიქრობდა თავისთვის, რომ არ დაბადებულიყო საერთოდ, არც მოკვდებოდაო. რამხელა გაადვილებაა, მართალიც არის. ვერც ეტყვი ვერაფერს. მაინც არის კიდევ რაღაც სხვა ამ “რომ”-ში, რაც თვითონაც მოსდის. თუმცა ჯერ ისე მკვეთრად არ შემიმჩნევია. არა, ბოლოს, საფლავზე შვილს რომ აკოცა, რაღაც ცრემლივით მოადგა, მაშინ არ იყო მისთვის “რომ” გასაკიცხი, თუმცა, ალბათ, მაშინაც, ნაწილობრივ. ეგ “რომ”-ის შეგრძნება ყველას აქვს, ოღონდ სხვებმა არ იციან, რომ აქვთ. დარდობენ, მერე ეგუებიან. თავისთავად გამოდის ის “რომ”, ოღონდ გვიან. მაგან კი იცის. ჰო, სჯობია ცოდნა, ნაკლებს დარდობ. დარდით, რა თქმა უნდა, ვერ უშველი.
წამოჟინჟლა, სადღაც ნისლი გაიხლიჩა და ისევ დაიბურა. ალფრედმა რუკა დაკეცა, ჩანთაში ჩადო, მერე შოკოლადი ამოიღო, ხუთად გაყო, მეხუთედი ცხენის პატრონ ხევსურს მიაწოდა.
- უთარგმნეთ მას, - თქვა კურელამ, - ჩემს ოჯახს ელპიდესთან ერთად სიარულის დროს ასეთი ჩვეულება გვქონდა - უღელტეხილს გადავიდოდით თუ არა, შოკოლადი თანაბრად უნდა გაგვეყო. ახლაც ვაგრძელებთ. ჰო.
ვაჟამ ღიმილით უთარგმნა.
- თქვენც უთხარით, - ენის ბორძიკით თქვა ხევსურმა და გაიცინა. - თქვენც უთარგმნეთ: ხევსურებს სიარულის დროს ეგეთი ჩვეულება გვაქვს, დილიდან დაღამებამდე არაფერი არა ვჭამოთ-თქო.
ვაჟამ თარგმნა.
კურელას გაეღიმა.
- წავიდეთ, - წამოდგა ის.
გზა ქვევით ეშვებოდა, ნისლი ზევით დარჩა. ქვევით მზე იყო და ცხელოდა. გურამმა ისევ გაიხადა “შტორმოვკა”. აქ ბილიკი მიდიოდა. გურამს ალფრედის ცხენის ლაგამი ეჭირა და ისე მიჰყვებოდა გზას.
- მე მაინც მომხრე არა ვარ მდიდრული გასვენებისა, - დაიწყო ალფრედმა რატომღაც. გურამი ჩუმად მიდიოდა. - ვის რას რგებს, - განაგრძობდა კურელა. მკვდარს რას უშველი მაგითი? ვერაფერს, სიკვდილი ხომ სიცოცხლესთან ერთად იბადება, მე ასე მწამს, შვილები უფრო მკაცრად აღვზარდეთ, მაგ პრინციპით.
- ჰო, ეგ სწორია, - ხელი გაუშვა ლაგამს გურამმა. - მაინც არის რაღაც, ასე რომ არ იყოს, რატომ გინდათ ხელმეორედ ამოსვლა და მარმარილოს დაფის გაკეთება? ცოტა ხარჯია ან წვალება?
- შესაძლოა, შენც მართალი ხარ, მაინც არის რაღაც. აი, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ისე რომ იმას თავს დავანებებ, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. ის ამბავი ძალიან გვაინტერესებდა მაშინ ყველას. ამ ბოლო ომზე მინდა გითხრათ. ბოლოს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი თაობა, როცა ომს ახსენებს, გულისხმობს პირველ მსოფლიო ომს, მეორე გაგრძელებასავით იყო. მე ისევ გადავუხვიე. მაშინ, ორმოცდახუთში, ზავის დადებამდე, ვიღაც დაეცა ბოლო ტყვიისაგან, ყველამ გაიგო მისი სახელი და ხალხს განსაკუთრებით ეცოდებოდა. მე მაშინ ვამბობდი: რაღა “ის” არის საწყალი და არა ის, რომელიც ომის დასაწყისში მოკვდა ან შუაში, ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო ბოლო, არა?
- აკი იყო, ყველაზე საწყალიც იმიტომ იყო, რომ ის ბოლო იყო და მისი სახელიც ყველამ გაიგო. ხალხს არ შეუძლია იდარდოს ყველა ერთად, ამიტომ დარდობს იმას, სწორედ იმას, ვინც რაღაცით გამოირჩევა, იმიტომ რომ “ის” თავის სიკვდილით განსხვავდა სხვებისაგან. მთელი ომის უბედურებაც იმ ერთის სიკვდილში გადააქვთ. მართალია ხალხი. თქვენც ხომ იმსჯელეთ იმაზე? ალბათ, თქვენც გულის სიღრმეში რაღაც იგრძენით.
ახლა გზამ სულ გაივაკა და ბილიკზე გადმოგდებულ ფშანს შეუერთდა.
- გახსოვთ რემარკის წიგნი? - განაგრძობდა გურამი, - როგორ ადის ხოლმე გრძნობა გონებაზე მაღლა.
- ჰო, მაგრამ კარგად აღარ მახსოვს.
- გრებერი იჯდა ვაგონში და ჯარისკაცების ლაპარაკს უგდებდა ყურს. არავის არ უნდოდა ფრონტზე წასვლა, თან ყველა ბრაზობდა, რომ მატარებელი წასვლას იგვიანებდა. ლოდინი აგიჟებდა ხალხს. ვიღაც მსუქანი ფანჯარაში იყო გაჩრილი და ცოლს ელაპარაკებოდა, ქალს ორი ბავშვი ეჭირა ხელში. მატარებელი დაიძრა. გრებერი ფანჯრის ღიად დარჩენილი ნაწილიდან ხედავდა ბაქანს. უცებ სადღაც კუთხეში თვალი მოჰკრა ელიზაბეტს, რომელიც ცხვირსახოცს უქნევდა მატარებელს. გრებერი ეცა ფანჯარას, მატარებელმა სვლას უმატა. მსუქანი არ შორდებოდა თავის ადგილს. ატყდა ბრძოლა, მსუქანი არ თმობდა ადგილს, გრებერი ეწეოდა უკან, უნდოდა, უკანასკნელად დაენახა ის ელიზაბეტს, გაეგებინებინა, რომ თვითონაც დაინახა. უცებ ინანა, რომ გაცილება აუკრძალა. რა სისულელე მოუვიდა! ახლა შორდებოდა და ვინ იცის... “ელიზაბეტ, ელიზაბეტ!” - ყვიროდა მთელი ხმით და ცდილობდა ფანჯარაში ხელი მაინც გაეყო, დაექნია. მისი ხელი ქანაობდა სხვა ხელებთან ერთად. ბაქანი სიბნელეში გაეხვია, ელიზაბეტმა ვერ დაინახა...
გურამი ლაპარაკით გაერთო, გრძნობდა, რომ ცივი გონებით იმდენივე იცოდა სიკვდილზე, რაც იმან, კურელამ, და მაინც განიცდიდა სიკვდილს. ცხადია, ცივი გონება ხელს არ უშლიდა განცდის უშუალობაში. ასე მოუვიდა გრებერსაც. ახლა ის წინ მიდიოდა, ცხენზე მჯდომი ალფრედი უკან მოიტოვა. ქვევით როშკა მოჩანდა. ,,არა ღირს გაჩერება”, გაიფიქრა მან და გზა განაგრძო, როშკა გვერდით დარჩა, ბილიკი პირდაპირ მიდიოდა და ეშვებოდა სამანქანო გზაზე. შარაზე ცხენოსნები დაწინაურდნენ, ხევსურიც წინ წავიდა. ვაჟა და გურამი ნელა მიჰყვებოდნენ უკან.
- ვერ ვიტან ფეხით სიარულს, სადაც მანქანით შეიძლება, - თქვა ვაჟამ.
- მეც, - თქვა გურამმა.

“კოლმეურნემ” ასფალტზე ასი უჩვენა და ერთ საათში თბილისში იყო. გვერდები ღია ჰქონდა მანქანას, ცხელი ჰაერი ურტყამდა ალფრედს. სტეფანე ქვევით იჯდა.
- ესეც თბილისი, - თქვა ვაჟამ.
- ჩქარა მოვედით, საერთოდ აქ კარგი შოფრები არიან, - გურამმა მძღოლს გადახედა.
- მაგათ ვერ გააკვირვებ, - თქვა მძღოლმა ქართულად, მერე კურელას გაუღიმა. - ინტურისტთან, არა? - იკითხა.
- პავილიონში, ქვევიდან, - კურელამ სახე წინ წამოსწია და ქუჩას მიაშტერდა, პავილიონის კარები დიდი იყო და უჭრიალოდ გაიღო.
- თქვენ?! - დაიძახა მომვლელმა ქალმა, თავი კარის რაფას მიადო და ატირდა. ალფრედი გაოცებული უყურებდა მას. გურამი და ვაჟა წინ წავიდნენ. უზარმაზარი სასტუმრო ოთახის შემდეგ საწოლი ოთახი იწყებოდა, იქ დააწყვეს ბარგი. ოთახი მოხერხებული ჩანდა საწოლად. ლოგინის თავზე ქალის კაბა და გრძელი ყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული.
- აი საწოლები, - თქვა ვაჟამ, - აქ იწვნენ ისინი ბოლო ღამეს.
გურამი და ვაჟა სასადილოში გამოვიდნენ. იქით კუთხეში დიდი სარკეები იდგა. “რა ჭუჭყიანი ვარ”, გაიფიქრა გურამმა. სარკეში საწოლი ოთახი ჩანდა თავის სარკიანად. იმ სარკეში კი სასადილო. სასადილოში ბიჭები ისხდნენ. კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლში შევიდა. საწოლის კარები ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული. გურამმა რაღაც იგრძნო ტკივილივით. იქით ოთახიდან ხმამაღალი ქვითინი მოისმა. სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა.
- ხომ გითხარი, დაარტყამს-მეთქი, - თქვა ვაჟამ.
გურამმა სარკეს ზურგი შეუბრუნა და პირდაპირ დაიწყო ოთახში ყურება. კურელამ თავი ასწია, მერე წამოდგა, აქეთ ოთახში გამოვიდა.
- ჰო, - თქვა მან. - ასე... აღარ არის ელპიდე, მისმა შვილებმა კი არ იციან ეს. სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს დეპეშები გერმანიაში.

//

[1957წლის აგვისტო]

Monday, August 19, 2013

ერთად იმაზე მეტი უნდა გვეცხოვრა ვიდრე ცალ - ცალკე..

წლები მიდიან დანატოვარ შენგან ღაბახებს
ჯილდოდ ავიღებ,
ქონდრისკაცების შეჯიბრზე მაქვს დღესაც მიწვევა
გაუფერულდა რა ხანია
“მთვარე _ზამბახი”
და სადაცაა ჩემს ფანჯრებზე გადმოირწევა..
ადამიანებს არაფერი არუნდა მისცე..
მხრებზე ისედაც ამ ცხოვრების აწევთ სიმძიმე.
ვცხოვრობ ქალაქში..
სადაც ისე ცოტაა სივრცე,
რომ ამ ღამითაც შენ სიზმრებში გამოვიძინებ..
წლები მიდიან შენ კი აღარ ითვლი ნაოჭებს,
მიწის კიდეზე წელმოხრილი
დგანან ნაძვები,
სახლთან და დილით მტვერ დადებულ საკუჭნაოში,
მოგონებები კედლებიდან შემოძვრებიან..
წლები მიდიან ფანჯრის იქით ათას ცვლილებას,
ვსუნთქავ ფილტვებით, 
ირევიან ქარ-ტეხილები
რა ლამაზია ნაადრევი გარდაცვალება,
დგანან ნაძვები დრომოჭმულნი, წელმოხრილები..
დგანან და დგანან
არამყარად ჩემსავით უჭირთ..
სხვა ბედისწერის ზღაპრებს ჰყვება ვიღაც ტეტია
ამ ცხოვრებაში ოცნებაა ყველაზე ფუჭი
და ასრულება ალბათ უკვე მეტისმეტია..

/ნათია ჭინჭარაული/