Friday, November 1, 2019

ყვავილები


(მოთხრობა შექმნილია ფესტივალ „ფესტინოვა"ს სიტყვების პლატფორმის „ხშირად დასმული შეკითხვები"ს ფარგლებში)


   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში დღეს მოქმედი ნაგავსაყრელი 2010 წელს მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება.
Livepress.ge

ორ საბანში ერთად ვარ გახვეული და მაკანკალებს. გარეთ წვიმს. არასდროს გადაიღებს. მდინარე ადიდდება, კანაოები გადაივსება და დატბორავს მთელ სოფელს. მთელ ნაგავსაყრელს წაიღებს და ჩვენი სახლები წყალზე იტივტივებენ, სანამ წყალი არ დაშრება და ჩვენც შემაღლებულ ადგილზე არ შევჩერდებით. ის იქნება ჩვენი ახალი მიწა.
– 39 და 8 ხაზი.
– წამალი იპოვე?
– არა, მთელი შკაფი ვქექე, ვქექე და არსად არ დევს.
– მეზობელს არ ექნება ვინმეს?
– ჰო, ექნება… აგერ გადავალ და მოვალ მალე, შენ მანამდე ნასკები გამოუცვალე. ხო გაუკეთებ?
– კი, კი, გადადი მანამდე და მოიტანე, მივხედავ მე ამას.
მე მინახავს ბავშვები მინდორში. ყვავილებს კრეფდნენ და მხიარულ სიმღერებს ღიღინებდნენ, ლამაზი იყო მათი სახეები, მათი ტანსაცმელიც ლამაზი იყო. ბავშვები დარბიან, მინდორში კრეფენ ყვავილებს, ვიღაც იცინის, ვიღაც დახტის ცალ ფეხზე, ვიღაც თავის თანატოლს გაეხუმრება, ხელს წაკრავს, იცინიან და ხალისობენ, ვიღაცები კევს ღეჭავენ და დაღეჭილი კევებით ბუშტებს ბერავენ, ერთი გაბერილ ბუშტზე ცოცდება და ბუშტიდან ბუშტზე დახტის, ცაში გაკიდულ ღრუბლებს ხელით ეხება და ირგვლივ მიმოფანტავს.
დედა ოთახიდან გადის, მამა წინდებს მხდის, საწოლის გვერდით მდგარ ძმრით ნახევრადსავსე ვედროში ამოავლებს, ოდნავ გაწურავს და ისევ ფეხებზე მაცმევს. მამას ჩემი ჩურჩული ესმის.
– ეს ერთიც და მორჩება, დედა მანამდე წამალსაც მოიტანს.
მამა თაროდან ნაჭერს იღებს, ძმრით ასველებს და გახურებულ შუბლზე მადებს. მამას ვუყურებ და ვეუბნები, მომიყვეს. საწოლთან ჯდება და ყვება ამბავს კაცზე, რომელმაც წყალდიდობისას ერთი დიდი ხომალდი ააგო, მთელი თავისი ოჯახი და ცხოველები შიგ შესხა და მოგზაურობდნენ ძალიან დიდხანს, სანამ წყალმა კლება არ დაიწყო და სანამ ხომალდიც ერთ დიდ მთაზე არ შეჩერდა.
– ზღვა ღელავდა? – ვეკითხები.
– კი, ღელავდა, ყოველ ღამით ღელავდა ზღვა.
– და ხომალდი მაინც მიცურავდა, არა?
– მიცურავდა, ძალიან დიდხანს მიცურავდა, შეუჩერებლად.
მე მინახავს ბავშვები სკოლებში. გაკვეთილი იწყება და მასწავლებელი ოთახში შემოდის, კედლები არის ნაირფრად მოხატული, აქა-იქ მულტფილმის გმირებსაც შეამჩნევთ, აქა-იქ მინაწერებია საბავშვო ლექსებიდან. ბავშვები უსხედან მერხებს და უხარიათ. საწერ-კალამი ყველას წინ უდევს. იწყება გაკვეთილი, მასწავლებელი საუბარს იწყებს, რამდენიმე ხანში კედლიდან მულტფილმის გმირები გადმოდიან, ბავშვებს კანფეტებს ურიგებენ და მუსიკის ფონზე ცეკვას იწყებენ. მასწავლებელი წამით ფიქრდება, ფანჯრის რაფაზე ადის, ხტება და რამდენიმე წამში ჰაერში დაფარფატებს. ბავშვები მერხებიდან დგებიან და მულტფილმის პერსონაჟებთან ერთად ცეკვავენ, ერთ-ერთი პირიდან ყვითელ კანფეტს იღებს და დაფას ესვრის, დაფა ყვითლდება. მერე კლასიდან გადიან და მთელ სკოლას იკავებენ. კანფეტებს კედლებს ესვრიან და ფერადად ღებავენ. ერთ-ერთი ხელზე მიკრულ კანფეტს დახედავს და ხვდება, ეს კანფეტი სულაც არ არის. მალევე ქალის ხმა ესმით, ქალი ბავშვებს ეძახის, მორჩით მაიმუნობას და ჩამოდით, მანდ საშიშიაო.
მუხლებს ვკეცავ და ვიკუნტები, ვცდილობ, გავთბე, მამაჩემი მესამე საბანსაც მაფარებს და მაიმედებს, რომ დედაჩემი მალე მოვა, ცოტაც უნდა მოვითმინო და დედა წამალს მომიტანს. გარეთ წვიმს, წვეთები ჩვენს დაჟანგულ თუნუქის სახურავს ეცემა და მე მჯერა, არასდროს გადაიღებს წვიმა, მდინარე ადიდდება, კანაოებს გადაავსებს, მთელ სოფელს დატბორავს და ჩვენს ნაგავსაყრელს წალეკავს, ნაგავსაყრელს, რომელმაც ერთ დღესაც მთლიანად ჩაგვყლაპა და არც ამოგვარწყევს, ყოველთვის შიგნით ვეყოლებით გამომწყვდეულები. უკვე კბილებიც მიწაკწაკებს, მამას ვუყურებ და არა აქვს ის სახე, რომელიც წამის წინ ქონდა, არ გავს იმ ადამიანს, ვისაც ვიცნობდი. მისი სახე სადღაც მინახავს, შემომხედავს და თითქოს ძველი ეკლესიის ფრესკიდან იყურებოდესო. მეშინია, კანკალი მატულობს სხეულში და დამძიმებულ ქუთუთოებს ფართოდ ვახელ. მამა გრძნობს, რომ ავფორიაქდი და ხელს მაჯაზე მკიდებს, დამშვიდდი, მე შენთან ვარო, მეუბნება, მისი მკაცრი გამოხედვა კი სულ სხვა რამეს ამბობს. ოთახში დედა შემოდის და მიახლოვდება, ვუყურებ და ვმშვიდდები, ნელ-ნელა სუნთქვაც მიწყნარდება.
– არავის არ ქონდა? ამდენი ხანი რა გახდა?
– გვერდით გადავედი, კაი ხანი ვეძახე და ბოლოს გამოიხედა, ეგ წამალი არ ქონდა, რაც მინდოდა, თან ისე შემომიბღვირა, რო… ახლად გაღვიძებული იყო, მაგაზე გაბრაზდა ეტყობა, მერე მეორესთან გადავედი და იმან მომცა, თან ჯანჯაფილიც გამომაყოლა, ჩაისთან ერთად კარგი არისო.
მე მინახავს ბავშვები სოფლის ნაგავსაყრელთან. მათი სახლებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ნაგვის დიდ გროვაზე დაცოცავენ ჯართის შესაგროვებლად. ძირს იყურებიან და ირგვლივ მიყრილ-მოყრილ ნივთებს ამოწმებენ, ერთ-ერთი ჟანგიან რკინაზე ფეხს აუსვამს, წამით დაიყვირებს, ფეხზე დაიხედავს, სისხლი შეუჩერებლად მოდის. მეორე ამ ხმაზე უკან იხედება და მისკენ მიდის დასახმარებლად. სამ ნაბიჯს გადადგამს და რკინის მასა ირყევა. ბავშვები ღრმულში ჩაცვივდებიან. ნაგავსაყრელი პატარებს ყლაპავს. მე ქვემოთ ვდგავარ, ამის დანახვაზე მუხლები მეკეცება და ვეცემი.
დედა მეორე ოთახში გადის და წყლით სავსე ჭიქა შემოაქვს.
– აბა, წამით წამოწიე თავი, ასე, ჰო, აი, ასე.
დედა წამალს პირში მიდებს, წყალს ოდნავ მოვსვამ და თავს ისევ ბალიშზე ვდებ.
– ეს მალე მოქმედებს, დილით უკვე კარგად იქნები, – მეუბნება და შუბლზე მკოცნის.
მე გულაღმა ვწვები და თვალებს ვხუჭავ, მამა ამბის მოყოლას აგრძელებს ჩურჩულით, მალე მეძინება.
მესიზმრება, რომ შუა ზღვაში ნავში მარტო ვზივარ, ღამეა და აღელვებული ტალღები ნავს ეხეთქება. ალბათ არასდროს დამთავრდება, მეუბნება უცხო ხმა, ყურადღებას არ ვაქცევ, უკან ვიხედები და ვხედავ, ნაგვის მოზრდილი გროვა წყალზე ტივტივებს და მიახლოვდება. ნავზე ვწვები და ვცდილობ, სუნთქვა ვაკონტროლო. ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ, ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ მშვიდად.
ყოველ საღამოს, როცა მივდივარ იმ ადგილას, ნაგავსაყრელში ისევ ეფლობა ის ორი პატარა ბავშვი და ეს ხდება დაუსრულებლად, ეს ხდება ყოველ დღე და ალბათ მხოლოდ საღამოობით რომ არ მიწევდეს მანდ გავლა, ყოველ წამსაც ასე იქნებოდა, შეუჩერებლად. ყოველ საღამოს მუხლები მეკეცება და გაღვიძებისას ალუმინის გემოს ვგრძნობ პირში და უკვე მომწონს, მგონი ალოეს გემო დაკრავს.

/ილია ჭანტურია/

Tuesday, October 1, 2019

ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული

(ციკლიდან - ქალი მწერლები)






ამ წიგნის წაკითხვამდე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - ეს კლასიკური „ლავ სთორია", თვალებს ნამდვილად არ დავიღლიდი.

საბედნიეროდ, წავიკითხე და თითქმის წყენისმაგვარი რაღაც ვიგრძენი, როცა გუგლში ავტორის ფრაზას წავაწყდი, რომლითაც თავის წიგნს სწორედ ასე ახასიათებს - კლასიკური, სიყვარულის ისტორია...

მე მომეჩვენა, თუ ეს ორი, ფსიქიკადანგრეული ბავშვის ამბავია, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა გაწირეს ტკივილისთვის და მარტოობისთვის?

მე მომეჩვენა, თუ ეს ყურპარტყუნა ბიჭის ამბავია, რომლის ბავშვობაც მაშინ დასრულდა, როცა მამამისმა დედამისი მოკლა სანადირო თოფით?

მე მომეჩვენა, თუ ეს მამიკოს ნებიერა გოგოს ამბავია, რომელმაც ბავშვობის მეგობართან ერთად გაუცნობიერებლად გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა, რომელმაც ორივე მათგანის მომავალი გაანადგურა?

მე მომეჩვენა, თუ ეს ქალის ამბავია, რომელმაც საკუთარ ოჯახში ადგილი ვერ იპოვა და საკუთარ თავში - დედა?

ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სჯიან... ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში სიყვარული აღიქვეს, როგორც ტყუილი, დამცირება და ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენების საშუალება... ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სხვისი ცხოვრებით ჩაანაცვლეს და მერე ყველაფერი კასეტასავით უკან გადაახვიეს...

როგორ შეიძლება, ამ ისტორიას კლასიკური უწოდო?

საერთოდ, ყოველთვის ვფიქრობდი და ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ადამიანის მომავალს მისი ბავშვობა განსაზღვრავს. ურთიერთობები, რომელსაც ის საკუთარ ოჯახში ხედავს, წლების შემდგომ გაუცნობიერებლად ადგმევინებს მას იმ ნაბიჯებს, რასაც ის საკუთარ არჩევნად თვლის, მაგრამ საკმარისია, წარსულს და ბავშვობას თვალი გადაავლოს, ძაფებს დაინახავს, რომელიც მას მარიონეტივით ათამაშებს.

ბავშვობა შუბლზე დასმული შტამპია. დაღი, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ. სადაც გინდა გაექეცი საკუთარი მოგონილი ორეულებით, ბებოს ლიქიორებით, საგაზეთო სტატიებით, ნათხოვარი ქმრებით, ერთი ღამის ქალებით... სულერთია, მაინც შუბლზე გაქვს.


   ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული" არ მინდა რომ ყველამ წაიკითხოს, ვინც თავს მკითხველს უწოდებს. ვფიქრობ ეს წიგნი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც შუბლზე დასმულ შტამპს გრძნობს.. ბავშვობის შტამპს.

01/10/19




Monday, August 12, 2019

მარი მეტრაიეს ღიმილის მტვერი


 

უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად ვცდილობ, უფრო მეტ ქალ მწერალს გავეცნო, რომ გავიგო, ასეთი რა სათქმელი აქვთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომ ასე ჯიუტად არ წყალობს მათ საზოგადოება. რატომ იყო საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ სამყაროში სიტყვა „მწერალი" ცალსახად მამაკაცის ეპითეტი და რა მიზეზით იპყრობს დღემდე საზოგადოების ყურადღებას უფრო მეტად ქალი ხელოვანის პირადი ცხოვრება, ვიდრე - მისი შემოქმედება.

   ამის პასუხი ალბათ კითხვის ზედაპირზევე ტივტივებს. არა მარტო ამ საუკუნის სენია ქალის მამაკაცის ჩრდილად,„ნეკნად", მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღქმა და ასევე მეორე უკიდურესობაც -  მისი ღვთაების მსგავსად კვარცხლბეკზე შეყენება, გაიდეალება და მისთვის ყოველგვარი ადამიანურობისა და შეცდომის დაშვების უფლების ჩამორთმევა.

   და მაინც, ქალური სულის სიძლიერემ შეძლო ნაწილობრივ მაინც დაერღვია სტერეოტიპები, თუმცა ბედის ირონიით, საზოგადოებამ უმეტეს მათგანთა დანახვა მხოლოდ ამ ადამიანთა გადატანილი პირადი ტრაგედიების შემდეგ შეძლო.  ჩემთვის დღეს უკვე შეუცვლელია ჰერტა მიულერის, სილვია პლათის, ემილი ნოტომის, ანა ფრანკის და უამრავ მწერალთა სახელები, რომლებიც ამ სამყაროში არსებული უამრავი სხვა სამყაროს აღმოჩენაში დამეხმარნენ. აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო ხარატიშვილიც, რომელიც ქართველი მწერლებიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ხმის მქონე და ახლობელია. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ავტორებისთვის ხაზის გასმაც, რომ „ქალი მწერლები" არიან, ჩვეულებრივ დისკრიმინაციად მიმაჩნია, რის მიზეზზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.

 მაშ ასე... ამჯერად აღმოვაჩინე ადამიანური სასწაული, სახელით - მარი მეტრაიე...

   მიუხედავად იმისა, რომ მარი არ იყო მწერალი, მე მასზე მაინც ვწერ. არასოდეს ამხელა სიურპრიზი არ შემოუთავაზებია ჩემთვის არცერთ წიგნს და არ აღუძრავს ჩემს გულში ამხელა ურთიერთ საპირისპირო გრძნობები- სიყვარული და ლამის სიძულვილამდე მისული იმედგაცრუება.

 “ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს, ეს კაცი-ქალია!”

 
   წიგნის წაკითხვამდე ეს ფრაზა მომხვდა თვალში გარეკანის უკანა მხარეს და მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩემთვის ძალიან აქტუალურ თემას ეხებოდა- ქალებთან საზოგადოების დამოკიდებულებას. თუმცა, მარის სათქმელს ბევრი ალბათ უფრო რელიგიურ თემაში დაინახავს, ამასაც უზარმაზარი ადგილი ეთმობა და საერთოდაც, ეს ორი თემა ამ ისტორიაში გადაჯაჭვულია, რადგანაც აქ საზოგადოების დამოკიდებულებას ქალების მიმართ სწორედაც რომ რელიგია განსაზღვრავდა( და ხშირ შემთხვევებში, დღესაც ასეა).
   მარი იყო რეალური პიროვნება, რომელიც დაიბადა ეოლენში,შვეიცარიის მთებში და გაიზარდა ორ ურთიერთსაპირისპირო გარემოში-ბუნების სიბრძნე /სილამაზე(სადაც ის ნუგეშს და სულიერ საზრდოს პოულობდა) და იმ პერიოდის კათოლიციზმის მკაცრი და დამახინჯებული სწავლება(რომელიც ქალებს უუფლებო, ცოდვილ არსებებად და მხოლოდ გამრავლების საშუალებად მიიჩნევდა).

რვა წლისა მე უკვე ჯოჯოხეთის ქვაბში ვიხარშებოდი,კატეხიზმოთი მსჯავრდადებული. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სატანას შვილები ვიყავით და მხოლოდ ჯოხის ცემას ვიმსახურებდით”.

   გარდა ამისა, მარის ჰყავდა საშინლად მკაცრი დედა, მისივე სიტყვებით “სექტანტი მონაზვნებისგან დეფორმირებული”, რომელიც ქალიშვილს ჩააგონებდა რომ ქალად დაბადება უკვე ცოდვაა, ოჯახის გარეთ ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავდა და ვერ წარმოედგინა მისი გათხოვება, რადგან ოჯახში მუშახელი მოაკლდებოდა.

   “როცა იმ დროებაზე ვფიქრობ, მეტირება. ქალიშვილს ყველაფერი უნდა ეკეთებინა, მოსამსახურესავით იყო. დედაჩემს ვაჟიშვილები განსაკუთრებით უყვარდა. დედა ყველაფერს მოითხოვდა ჩემგან, სანაცვლოდ კი ბევრს არაფერს მაძლევდა, მისი ხელქვეითი ვიყავი. “ბიჭებს არაფერი შეუძლიათ, მათ ცხოვრებისთვის ვზრდით, გოგოები კი უნდა გვემსახურონო”-ამბობდა...

   ამ გარემოებამ გაუჩინა საოცრად მგრძნობიარე გოგონას პატარა ასაკიდანვე პროტესტის გრძნობა და გადააწყვეტინა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დამოუკიდებელი გამხდარიყო. “არაერთხელ მიფიქრია ბორნში გადავარდნა. ცხოვრება ხომ ასე მონოტონური, უმომავლო, გამოუვალი იყო...არ ვიცი როგორ გადავიტანე ეს. იქნებ იმიტომ, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი...

   და გახდა კიდეც დამოუკიდებელი...არა მარტო თავად, არამედ თავის მხარეში მცხოვრებ არაერთ ქალსაც დაეხმარა საკუთარი მცირე შემოსავლის მოპოვებაში. მარიმ თავისი კუთხის ქსოვის ხელოვნება ააღორძინა და აქცია შემოსავლის მომტან წყაროდ. 25 წლის ასაკში, ბევრი წვალების, დამცირების და შრომის ფასად გახსნა ქსოვილების მაღაზია, მიუხედავად იმისა, რომ ამის პარალელურად მაინც უნდა მიეხედა მთელი თავისი საოჯახო მეურნეობისათვის, მშობლებისთვის, თავისი გარდაცვლილი ძმის ბავშვისთვის. ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავდა და ბევრი-მოწინააღმდეგე.
 
   “ქალები ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტს ვბედავდი, კაცები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ არავისი არაფერი მმართებდა, არავის არაფერს ვთხოვდი.. ყველანაირად მაწვალეს... ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი საერთო ანტიპათიის, საყოველთაო დაცინვის ატმოსფეროში.”
 
    ჩემთვის ბევრი სხვა კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი მარი მეტრაიე, როგორც-პიროვნება. ვალეზის ბუნება, ლეგენდები, წეს-ჩვეულებები, მთელი ის მისტიური სამყარო ძალიან მაგონებდა ჩემს მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს.  თუმცა ქალი ისეთ რამეზეც საუბრობს, რაც ბევრს ღიმილს მოგვრის,(მაგ-ფერიებზე, ჯუჯებზე), მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვა და გაცნობა მთელი სიამოვნებაა. ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გადასვლა.


   ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი - ამ ავტორის სახით სულიერი მეგობარი ვიპოვე, რომელიც  1979 წლიდან ევოლენის პატარა სასაფლაოზე განისვენებს. ალბათ ვერადროს დავივიწყებ მთელ იმ ტკივილისა და სიხარულის განცდას, რასაც მისი ამოუწურავად საინტერესო საუბრების მანძილზე ვიღებდი. ის ჩემს გულში იმ შესანიშნავი, გამბედავი ქალების რიცხვს შეუერთდა, რომელთაც ცხოვრების უსამართლობამ ააღებინა ხელში კალამი  და თავისი ღიმილის მტვერი შეუფასებელ შემოქმედებად გარდააქმნევინა.  ჩემი უზომო პატივისცემა-ქალს, რომელიც მენტალობადაბინძურებულ საზოგადოებას ფეხქვეშ არ გაეგო.

/ნინო ჭინჭარაული/